5 დაუვიწყარი მატჩი: გიგა გვენცაძე

ფეხბურთის ისტორიაში არის მატჩები, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს გულშემატკივრის მეხსიერებაში. უხვგოლიანი შეხვედრები სუპერვარსკვლავების გაბრწყინებები ან თითქმის წარმოუდგენელი ანგარიშის შემობრუნებები. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება საყვარელი გუნდის ისტორიული გამარჯვებები.

მაშინ, როცა იძულებულები ვართ სახლში დავრჩეთ და საფეხბურთო სეზონიც შეჩერებულია, მშვენიერი შესაძლებლობა გვეძლევა ასეთი, კლასიკად ქცეული შეხვედრების ხელმეორედ, გულდასმით საყურებლად. ჩვენს რუბრიკაშიც სწორედ ამ თამაშების გახსენებას გთავაზობთ. ამჯერად, თავისთვის ხუთ დაუვიწყარ მატჩს, სპორტული კომენტატორი გიგა გვენცაძე გაიხსენებს.

დინამო თბილისი – კარლ ცაისი 2:1 (1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალი)

1981 წლის 13 მაისი – დაუვიწყარი დღე საქართველოს ისტორიაში. ჩვენი ერის უდიდესი გამარჯვების დღე. ჩვენი არც დროშა გვქონდა, არც ჰიმნი, არც გერბი, არც სახელმწიფო, მაგრამ გვქონდა განსაკუთრებული წყურვილი და სურვილი, საკუთარი იდენტობის გამომჟღავნების. იმ პერიოდში და ალბათ ახლაც, ბევრი ჩვენთაგანისთვის საფეხბურთო მოედანი აღიქმებოდა საქართველოსთვის ბრძოლის ასპარეზად. სტადიონის ტრიბუნები კი ერთგვარი ოაზისი იყო დემოკრატიის-სადაც თავისუფლად შეგეძლო გამოგეთქვა საკუთარი აზრი.

იტალია-ბრაზილია 3:2 (1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპი)

1982 წლის მუნდიალი ვფიქრობ საუკეთესო იყო. წინა მსოფლიოზე იატალია დამარცხდა. მე მაშინ დამარცხებულის მხარეზე ყოფნა ვარჩიე და მას შემდეგ ჩემი არჩევანი არც შეცვლილა – იტალია. ეს არის მატჩი, რომლის ფრაგმენტების გახსენება არასოდეს მომბეზრდება. ბრაზილიას ფრეც ყოფნიდა, იტალიას აუცილებლად უნდა მოეგო. ელეგანტური პაოლო როსი – ჩემი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი, ანტონიონი, კონტი, ტარდელი… მეორე მხარეს ზიკო, ფალკაო, სოკრატესი … ბურთთან მათი ყოველი შეხება სიყვარულის ახსნას გავდა. ალბათ ყველაზე დიდი უტიტულო გუნდი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

გერმანია-საფრანგეთი 3:3 (5:4 პენ.) (1982 მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი)

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გერმანია-საფრანგეთის დაპირისპირებების თავი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. ხელოვნება, შემოქმედება მოედანზე ფრანგების მხრიდან და ჟინი, თავდადება და გერმანული ხასიათი. ორი უმაღლესი კლასის ნაკრები გუნდი. წაგებულის მოგების გამორჩეული მაგალითი.

ვესტ ჰემი-დინამო თბილისი 1:4 (1981 წლის თასების მფლობელთა თასის 1/4 ფინალი) და იმავე დღეს თბილისში ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალი სპარტაკი მოსკოვი – რეალ მადრიდი 0:0 თბილისში

ორი მატჩი გავაერთიანე, ვინაიდან ჩემს მეხსიერებაში ასე დარჩა 1981 წლის 4 მარტი. ჩემთვის ყველაზე დიდი საფეხბურთო დღე. საღამოს რვაზე დინამოზე “სპარტაკმა” ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდს თბილისში უმასპინძლა. მართალია 0:0 მაგრამ მაინც. “რეალმა” პირველად და უკანასკნელად ითამაშა თბილისში. და შემდეგ გვიან, პირდაპირი რეპორტაჟი ინგლისიდან. ჩემი აზრით “დინამოს” ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი კლუბის ისტორიაში. ქრესტომათია. გასვლითი მატჩის ეტალონი. ქართველმა ვარსკვლავებმა წალეკეს მასპინძლები. სულ ჩაქუჩები ურტყეს “ჩაქუჩებს”.

ბარსელონა-პსჟ 6:1 (2017 წლის ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8 ფინალი)

ბედნირება მხვდა წილად ამ მატჩის წაყვანის. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რომ ფეხბურთი ცოცხალია, რომ ფეხბურთს ვერაფერი და ვერავინ, ვერასდროს ვერაფერს დააკლებს.

(1355)

5 დაუვიწყარი მატჩი: გიგა გვენცაძე

სტატიის ავტორი
-