Belive

5 დაუვიწყარი მატჩი: გოჩა თანდარაშვილი

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
კორონავირუსის პანდემიამ ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობა შეცვალა. ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საყვარელი ტურნირები შეჩერებულია და მათ მხოლოდ უკვე არსებული სანახაობის გადამეორება შეუძლიათ. რუბრიკაში 5 დაუვიწყარი მატჩი, თავის არჩევანს იუმორისტი და ტელეწამყვანი, "ლივერპულის" ქომაგი გოჩა თანდარაშვილი გაგვიზიარებს.

„დინამო“ – „ლინფილდი“ 2:1 (ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპი. 1993 წელი)

დავიწყებ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი თამაშებით და პირველ რიგში გავიხსენებ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ გასვლას ევროთასებზე. ეს იყო თამაში, რომელმაც მაშინ დაგვაჯერა, რომ შეიძლებოდა ძალიან მაგარი გუნდი გვყოლოდა და ძალიან მაღალი დონის ევროპულ გუნდებთან მაგრად გვეთამაშა. უეფას დისკვალიფიკაცია რომ არ მოეცა, დარწმუნებული ვარ, „კოპენჰაგენსაც“ გავივლით და მერე „მილანი“ გველოდა. ყველა უკვე მაგ თამაშზე ვფიქრობდით, მაგრამ... ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, სტადიონზე მარტო ვიყავი, წინა დღეს „ბავშვთა სამყაროში“ ნაყიდი საყვირით და საქართველოს დროშით. ახლაც ძალიან მენატრება ხოლმე ის „დინამო“...

საქართველო - უელსი 5:0 (ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. 1994 წელი)

ეს მატჩი იმდენად დაუვიწყარია ჩემთვის, რომ მარტო გატანილი გოლების ავტორები კი არა, წუთებიც ზეპირად მახსოვს. პირველი გოლი, პირველი ქულა, პირველი მოგება და საშინლად კარგად მოთამაშე ნაკრები. არადა, არ თამაშობდნენ უელსში ცუდი ბიჭები - ნევილ საუთჰოლი, იან რაში, გარი სპიდი, მარკ ჰიუზი...

„ლივერპული“ - „დორტმუნდი“ 4:3 (ევროპის ლიგის მეოთხედფინალი. 2016 წელი)

შეიძლება ხუთეულში არ მომეხვედრებინა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ამომიგდო ფეისბუქზე მემორიმ, 4 წლის წინანდელ ამ მატჩზე ჩემი სტატუსები. ერთი ასეთი მეწერა - აღარ აქვს აზრი, ვინ მოიგებს, ასეთი „ლივერპულის“ ნახვა მინდოდა-მეთქი. გერმანიაში 1:1-ის შემდეგ, ენფილდზე პირველი ტაიმი 0:2 წააგო და მერეც 1:3 აგებდა, მაგრამ, როგორც სჩვევია, მორიგი სასწაული მოაწყო და ევროპის თასის ნახევარფინალშიც გავიდა. ეს მაგარი თამაში ორივე გუნდის დამსახურება იყო და ტაში და პატივისცემა „ბორუსიას“!

„უოტფორდი“ – „ლესტერი“ 3:1 (ინგლისის ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ნახევარფინალი. 2013 წელი)

დრამატული მატჩები განსაკუთრებით გვამახსოვრდება და მიგვყვება. აქ ბევრი ეგეთი თამაშის გახსენება შეიძლება, თუნდაც „მანჩესტერი“ – „ბაიერნის“ 1999 წლის ფინალის. ამ დროს ფერგიუსონს ჯერ გადასწრებული არ ჰქონდა „ლივერპულისთვის“ ინგლისის ჩემპიონობებში და მეც კი ვქომაგობდი ინგლისურ მუღამში. მაგრამ, ძალიან ძნელია გაიხსენო „უოტფორდი“ – „ლესტერის“ მატჩზე დრამატული ბოლო წუთები. „ლესტერს“ სახლში 1:0 ჰქონდა მოგებული, სტუმრად 1:2 აგებდა, მაგრამ მაინც გადიოდა, დამატებული დროც ამოწურული იყო და პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვა. აი, რაც შემდეგ მოხდა... ისე, მაგ ამბიდან 3 წელიწადში „ლესტერი“ მთლად პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა...

"ლივერპული“

ვინც ჩემი საფეხბურთო ამბები იცის, ალბათ ელოდება, რომ „ლივერპული“ – „მილანის“ ის ლეგენდარული ფინალი შემოვიტოვე ბოლოსთვის, მაგრამ, არა! ეგ ისედაც იცით, აი, ამ ვიდეოს გაჩვენებთ. 2 წლის წინაა გაკეთებული და საუკეთესო ვიდეოცაა, რაც მინახავს, საუკეთესო ფილმიც, საუკეთესო მატჩიც და საერთოდ, ჩემთვის ფეხბურთი არის ეს ყველაფერი, რაც ამ ვიდეოშია.

სხვა სტატიები