Belive

5 დაუვიწყარი მატჩი: ირაკლი ბუხალი

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
მაშინ, როცა მსოფლიო აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას მოწყვეტილია, გულშემატკივარს ძველი სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მეტი დროც აქვს და არც სხვა გზა გააჩნია. ჩვენს რუბრიკაში, ვცდილობთ ის მატჩები გაგახსენოთ, რომლებმაც ფეხბურთის ქომაგს ამაღელვებელი ემოციები დაუტოვა. ამჯერად, თავისთვის ხუთ დაუვიწყარ მატჩს "დინამო თბილისის" მედიამენეჯერი ირაკლი ბუხალი გაიხსენებს.

დინამო თბილისი 2:1 ატლეტიკ ბილბაო (1998/99 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი პლეი-ოფი)

უდიდესი ემოცია და სიამაყე სტადიონის დატოვების შემდეგ. იმ პერიოდში "ატლეტიკი" ძალიან ძლიერი გუნდი გახლდათ - პრიმერას ვიცე ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრების რამდენიმე მოთამაშით და გამორჩეული მწვრთნელით, რომელმაც ორიოდე წლით ადრე "სენ-ჟერმენს" თასების თასი მოაგებინა. აი ესეთ ძლიერ გუნდს დავუხვდით დინამოზე და ვაჯობეთ. იმ პერიოდში სტადიონზე მაყურებელი სანახევროდ იყო დაშვებული (მხოლოდ პლასტიკის სკამებზე), მატჩის ნახვის მსურველი კი უამრავი გახლდათ. საბოლოოდ მეგობრებთან ერთად მატჩიც ვნახე, ემოციებითაც გავიხარეთ (ცქიტიშვილის გოლზე დღემდე არ ვიცი რა სიგიჟე ხდებოდა ჩემს გარშემო ტრიბუნაზე) და სტადიონიდან რუსთაველამდე ფეხით ვიარეთ. შემდეგ მეტრო და მთელი ამ პერიოდის მანძილზე გარშემო იყო - ზეიმი.

არგენტინა 2:2 ინგლისი (1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალი)

ეს შეხვედრა საფრანგეთის ჩემპიონატიდან ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და დრამატულია (ამის შემდგომ არგენტინა-ჰოლანდიასთან ერთად). ჩემი სიმპატიები არგენტინის მხარეს, პირველი ტაიმის გიჟური სცენარი, ორივე მხარეს შეუდარებელი 9 ნომრები, ულამაზესი გოლები, გაძევება, პენალტების სერიაში ნაჩვენები ყვითელი და მთელი მატჩის განმავლობაში უდიდესი დაძაბულობა.

ლივერპული 3:3 მილანი (2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი)

ერთადერთი რასაც ამ ეპოქალური მატჩის დასრულების შემდეგ ვნანობდი - რომ არ ვიყავი ისტანბულის ოლიმპიურ სტადიონზე. უდრეკი ხასიათის და ბოლომდე ბრძოლის მაგალითი. მატჩისშემდგომი ემოციების გარდა, ყველაზე მეტად პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მეგობრის ზარი მახსოვს ტელეფონში. საპასუხოდ მეორე დღეს შევეხმიანე, იმ დღეს აღარ ღირდა.

დინამო თბილისი 2:1 ვისლა (უეფას თასის პლეი-ოფი 2004)

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ევროპული სეზონი, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდა. ამ შეხვედრას წინ უდიდეს აჟიოტაჟთან ერთად დიდი იმედიც უძღვოდა. "დინამომ" გადამწყვეტ მატჩამდე ჩატარებული შეხვედრებით გულშემატკივარს იმედი გაუჩინა და საბოლოოდ ევროპულ ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა. მახსოვს, რომ თერთმეტმეტრიანის მომენტში მოვტრიალდი და ნემსას გოლი გულშემატკივრის ემოციებში ვნახე. მერე კაკალას გასროლილზე ვინ ვის ეხვეოდა და ულოცავდა, მძიმე ბოლო წუთები, იყო ტრადიციული აგიზგიზებული გაზეთები და მეორე დღეს უკვე ახალ გაზეთებში პირველი გვერდები და დიდი იმედი...

იტალია 3:3 ბრაზილია (1997 წელი საფრანგეთის ოთხთა ტურნირი)

ეს იყო მატჩი, რომელიც ყოველმხრივ საფეხბურთო კლასიკაა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრად შევა ფეხბურთის ისტორიაში (მიუხედავად ამხანაგური სტატუსისა). ორივე მხარეს მეგა-ვარსკვლავები და თავად მატჩი ულამაზესი სანახავი გამოდგა. როდესაც ამბობენ, რომ 90- იანების ფეხბურთს სხვა ეშხი ჰქონდა - აი ზუსტად ეგ ეშხია თავმოყრილი. ამ თამაშზე არც ვიცი რა ვთქვა და შემიძლია დიდხანს ვისაუბრო. მოკლედ ვისაც არ გინახავთ - გირჩევთ ნახოთ. წინ დიდი სიამოვნება გელით.

სხვა სტატიები