5 დაუვიწყარი მატჩი: ლევან სალუქვაძე

კორონავირუსის პანდემიამ საფეხბურთო სეზონი სწორედ მაშინ შეაჩერა, როცა წამყვანი ევროპული ჩემპიონატები გადამწყვეტ ფაზაში შედიოდნენ და გულშემატკივარს მარტ-აპრილის საფეხბურთო ციებ-ცხელებას სთავაზობდნენ.

ჰოლანდიის ერედივიზიონი უჩემპიონოდ დასრულდა, გაუქმდა ბელგიის ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრებიც, ელიტარული დივიზიონების ბედი კი ჯერჯერობით უცნობია.

სანამ ფეხბურთის ქომაგს საყვარელი სანახაობა დაუბრუნდება, შევეცდებით კლასიკად ქცეული შეხვედრები შეგახსენოთ, რომლის ხელმეორედ ყურებაც ნამდვილად ღირს. ამჯერად, ჩვენს რუბრიკაში “5 დაუვიწყარი მატჩი”, თავის არჩევანს სპორტული კომენტატორი ლევან სალუქვაძე გაგვიზიარებს.

დინამო თბილისი – კარლ ცაისი 2:1 (1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალი)

არამხოლოდ ფეხბურთში, საერთოდ ცხოვრებაში იმაზე დიდი სიხარული არ მინახავს, რაც 1981 წლის 13 მაისს თბილისის ქუჩებში ხხებოდა. ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო გამარჯვება, ეს იყო სიამაყე, თავდაჯერებულობა მთლიანად ქართველი ერისა, რასაც ვერანაირი უცხოური საფეხბურთო მატჩისგან დატოვებული ემოცია ვერ შეედრება. განსაკუთრებუთ მნიშვნელოვანი ეს გამარჯვება იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ამ ყველაფრის მომსწრე იყო.

იტალია-ბრაზილია 3:2 (1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი)

საერთოდ, მეხსიერებაში პირველი ემოციები ყველაზე მეტად გვრჩება. ჩემი პირველი საფეხბურთო ემოციები 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. საერთოდაც, მგონია, რომ ეს ისტორიაში საუკეთესო მუნდიალი იყო და ამ ტურნირიდან ორ მატჩს გავიხსენებ.

გამოვყოფ ბრაზილია-იტალიის ლეგენდარულ დაპირისპირებას. ერთ მხარეს სუპერვარსკვლავებით გაჭედილი ბრაზილიის ნაკრები, რომელსაც ისეთი შემადგენლობა ჰყავდა, ზოგჯერ მუნდიალის მოგებისას რომ არ ჰყოლია: ზიკო, სოკრატესი, ფალკაო და სხვები. მეორე მხარეს ციხიდან ახალი გამოსული პაოლო როსი, დინო ძოფი და სხვა ლეგენდები.

ზოგადად, ჰოლანდიის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ვინაიდან იმ მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდელები არ მონაწილეობდნენ, სარეზერვო გუნდად იტალია მყავდა, რომელმაც პაოლო როსის ჰეთ-თრიკით ლეგენდარული “სელესაო” დაამარცხა. საბოლოოდ, იტალია მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

გერმანია-საფრანგეთი 3:3 (5:4 პენ.) (1982 მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი)

კიდევ ერთი მატჩი 1982 წლის მუნდიალიდან, აღიარებული კლასიკა: საფრანგეთი-გერმანია. რომანტიკული საფრანგეთის ნაკრები, მუშკეტერები: მიშელ პლატინი, ჩვენი მეგობარი ალან ჟირესი, ჟან ტიგანა, ლუის ერნანდესი. აქეთ კი გერმანიის ნაკრები, რომელსაც დაუმსახურებლად მოიხსენიერებენ არატექნიკურ გუნდად, რასაც არ ვეთანხმები. აქ ითამაშა სიცხიანმა რუმენიგემ – კაპიტანმა გემი მაინც არ მიატოვა, ცვლილებაზე შემოვიდა, გუნდი არც პენალტების სერიაში დააღალატა და გერმანიამ ფინალს უწია.

მილანი-ბარსელონა 4:0 (1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი)

საკლუბო დონეზე “მილანს” ვგულშემატკივრობ, რადგან ჰოლანდიური სამეული სწორედ “როსონერიში” შეიკრა. გარდა ამისა, იოჰან კრუიფის ხათრით “ბარსელონასაც” ვქომაგობდი, რომელსაც მაშინ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანი თუ გულშემატკივრობდა. ამდენად, 1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს, დილემის წინაშე დავდექი, მაგრამ როგორც კი გუნდები გასახდელიდან მოედნისკენ გამოემართნენ, ვიგრძენი, რომ “ბარსას” არანაირი შანსი არ ჰქონდა, ფავორიტი “მილანი” იყო. მერე კი რაც მოხდა, კარგად ვიცით.

საქართველო-რუსეთი 1:0 (2004 წელი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი)

თუ ჩამონათვალის დასაწყისში მთავარი საკლუბო ემოცია და სიხარული ვახსენე, ახლა ამ ნუსხას ყველაზე ბედნიერი სანაკრებო მოგონებით დავასრულებ. 2004 წელს, ამ მატჩში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივო შუშაკი იყო, მან მე ასისტენტად მიმიწვია და მახსოვს რამდენი კრიტიკა მოხვდა იმის გამო, რომ ათამაშა 8 “დინამოელი”, რომელსაც მანამდე დიდი სანაკრებო გამოცდილება არ ჰქონდათ. იმის გამო, რომ ძირითად შემადგენლობაში პირველად დააყენა მალხაზ ასათიანი, ვისაც იქამდე ოფიციალურ მატჩში ნათამაშები არ ჰქონდა. თუმცა, სწორედ ასათიანის გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი.

გარდა ამ კრიტიკისა, გუნდის წევრი ვიყავი და კარგად მახსოვს რა ჭორებიც დადიოდა ხალხში. ვითომ ეს მატჩი გაყიდული იყო და ჩვენ უნდა წაგვეგო, ხოლო როცა მოვიგეთ, ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა: ახლა მოგების ყიდვას გვაბრალებდნენ.

ერთი სიტყვით, დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, მაგრამ გამარჯვების შემდეგ ქალაქში არსებულმა ზეიმმა ყველაფერი გადაფარა. დროშები, საყვირები, სიმღერა ქუჩებში. გადაკეტილი რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი. ივო შუშაკი მანქანაში ჩავისვი და ქალაქში ამ ყველაფრის სანახავად ვატარებდი. ისეთი ზეიმი იყო, ივოს სახეზე ხელები ჰქონდა მოფარებული რომ არ ეცნოთ და აჟიოტაჟი არ აეტეხათ.

ეს 1981 წლის შემდეგ ყველაზე დიდი საფეხბურთო ზეიმი იყო. იგივე მაშინ განმეორდება, თუ ერთა ლიგაში დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ევროპის ჩემპიონატზე გავალთ…

(2499)

5 დაუვიწყარი მატჩი: ლევან სალუქვაძე

სტატიის ავტორი
-