5 დაუვიწყარი მატჩი: სანდრო რაჩკოვსკი

თვეზე მეტია, კორონავირუსის პანდემიის გამო, საფეხბურთო სეზონი შეჩერებულია. თუმცა, ევროპაში წამყვანი ტურნირების დაბრუნების იმედი ჩნდება: ვარჯიშს ანახლებენ გერმანიასა და იტალიაში, იგეგმება სეზონის დარჩენილი ნაწილის ჩამთავრების სცენარიც და ოპტიმისტური პროგნოზები კეთდება.

იქამდე, სანამ ფეხბურთის გულშემატკივარს საყვარელი ლიგები დაუბრუნდება, შევეცდებით კლასიკად ქცეული შეხვედრები შეგახსენოთ და მათი ხელმეორედ ყურება გირჩიოთ. ჩვენს რუბრიკაში, “5 დაუვიწყარი მატჩი”, ამჯერად თავის არჩევანს ელიტარული ინტელექტ-კლუბის წევრი სანდრო რაჩკოვსკი გაგვიზიარებს.

იუვენტუსი – მანჩესტერ იუნაიტედი, 2:3, (1998/99 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი)

როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგისთვის, ალბათ ეს არის ჩემი ყველა დროის საყვარელი მატჩი, ამ გუნდის შესრულებით. საწყისი წუთებიდანვე რომ 2 ბურთით აგებ თამაშს, გასვლაზე, ტურინში და ახერხებ თამაშის 2-3 შემოტრიალებას. ეს ნამდვილად იყო იმის მინი პრევიუ თუ რა უნდა მომხდარიყო ბარსელონაში რამოდენიმე კვირის მოგვიანებით.

video

ტოტენჰემი – მანჩესტერ იუნაიტედი 3:5, (2001/2002 წლების სეზონი, პრემიერლიგა)

ამ კონკრეტულმა თამაშმა, ალბათ ყველაზე მეტად გამათამამა, როგორც “იუნაიტედის” გულშემატკივარი, ბევრად უფრო, ვიდრე “ბაიერნთან” მოგებულმა ფინალმა. ამ თამაშის მერე არ ვკარგავდი არასდროს იმედს მსაჯის საფინალო სასტვენამდე, როგორიც არ უნდა ყოფილიყო თამაშის მიმდინარეობა. პრემიერლიგა ახალი დაწყებული იყო, შესაბამისად საკმაო სიმჭიდროვე იყო ცხრილში და ყველა ქულას მნიშვნელობა ჰქონდა, ამ დროს, “უაით ჰარტ ლეინზე” “ტოტენჰემი” 3:0 უგებდა “იუნაიტედს” პირველი ტაიმის შემდეგ. საბოლოოდ თამაში 3:5 მორჩა “იუნაიტედის” გამარჯვებით. ჩემი ყველა დროის საყვარელი პოსტ სამატჩო კომენტარიც ამ თამაშს უკავშირდება, რომელიც გააკეთა “ტოტეჰემის” მწვრთნელმა, გლენ ჰოდლმა როდესაც განაცხადა, რომ “ტოტენჰემს” მესამე გოლი არ უნდა გაეტანა.

video

მანჩესტერ იუნაიტედი – რომა 7:1, (2006/2007 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი)

რომ მითხრან ერთი მატჩი აირჩიე, ცხოვრების ბოლომდე მაგ თამაშისა და/ან მისი ჰაილაითების გარდა ვერაფერს ნახავო, ამ მატჩს ავირჩევდი. პირველ წრეში წაგებული თამაშის მერე, ალბათ არავინ ელოდა ესეთ შეხვედრას “ოლდ ტრაფორდზე”, დაფრინავდნენ მოედანზე. რვავე გოლი საკმაოდ ლამაზი გამოდგა. ამ თამაშში შეასრულა დუბლი ჩემმა ყველა დროის საყვარელმა ფეხბურთელმა, მაიკლ კერიკმაც, ერთმანეთზე ულამაზესი გოლებით.

video

მანჩესტერ იუნაიტედი – რეალ მადრიდი 4:3 (2002/2003 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი)

ალბათ ყველაზე დიდი იმედგაცრუება თამაში ჩემთვის (“ქპრ” – “მანჩესტერ სიტისთან” ერთად). ულამაზესი თამაში იყო და უფრო მაგიტომაც დამწყდა გული, რომ “იუნაიტედი” შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ამის მთავარი მიზეზი კი ფენომენის ფენომენალური თამაში იყო. “ოლდ ტრაფორდის” მაყურებელი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს რონალდოს. ალბათ, კარიერის პიკში მყოფი დევიდ ბექჰემი, სერ ალექსმა, პირადი უთანხმოების გამო სათადარიგო სკამზე დატოვა და მხოლოდ 63-ე წუთზე შემოუშვა მოედანზე, რის მერეც შვიდიანმა 2 გოლის გატანა მოახერხა. ვინ იცის, იქნებ სხვა შედეგით დასრულებულიყო თამაში სასტარტოში რომ დაეწყო.

video

საქართველო – ბულგარეთი 2:1, (1995 წელი, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი)

პირველი სანაკრებო მატჩი იყო, რომლის სანახავადაც მამამ წამიყვანა სტადიონზე. პირველად გამოვცადე ის სიამოვნება, რაც ფეხბურთის ახლოდან გულშემატკივრობაა. ხელი იმანაც შემიწყო, რომ ნორმალურად ადაპტირებული არ ვიყავი ახალ უჩვეულო საგულშემატკივრო გარემოსთან, რომ შოთა არველაძემ პირველივე წუთზე გოლი გაიტანა და დაინგრა სტადიონი. საბოლოოდ საქართველომ 2-1 მოიგო. მაშინ რა თქმა უნდა ვერ ვათვითცნობიერებდი თუ რა დიდი გამარჯვება იყო ეს. ბულგარეთი მაშინ მსოფლიოს მოქმედი მეოთხეადგილოსანი გუნდი იყო. დღემდე მგონია რომ საქართველოს ნაკრებს ერთი კონკრეტული მატჩი, ამაზე ძლიერ მეტოქესთან არ მოუგია.

video

(1653)

5 დაუვიწყარი მატჩი: სანდრო რაჩკოვსკი

სტატიის ავტორი
-