Belive

5 დაუვიწყარი მატჩი: თემო მჟავია

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ჰოლანდიისა და ბელგიის შემდეგ, საფეხბურთო სეზონი დასრულებულად საფრანგეთშიც გამოცხადდა. დიდია ალბათობა იმისა, რომ მათი ბედი ევროპის სხვა წამყვანმა ლიგებმა და ტურნირებმაც გაიზიარონ. ამრიგად, შესაძლოა შემოდგომამდე გულშემატკივარმა საყვარელი სანახაობა ვეღარ იხილოს, იქამდე კი ვეცდებით უფეხბურთობა კლასიკის გახსენებით შეგივსოთ. ამჯერად, ჩვენს რუბრიკაში, ხუთ დაუვიწყარ მატჩს იუმორისტი თემო მჟავია გაიხსენებს.

გერმანია-ჩეხეთი 2:1 (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი)

მოდი დავიწყოთ მატჩით, რომელიც პირველად ვნახე, ჩემი ყოფნის ისტორიაში. თამაშით, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. თამაში, რომელმაც შემაყვარა ფეხბურთი და უფრო კონკრეტულად - გერმანული ფეხბურთი. ამ დროს მე ვიყავი ცხრა წლის და გარეთ 96 წელი მძვინვარებდა. ეს მძვინვარებდა ჩვენთან, თორემ ევროპაში დიდი საფეხბურთო ზეიმი იყო. ყველაზე მეტად ზეიმობდნენ გერმანელები, იმიტომ რომ გერმანიის ნაკრები ევრო 96-ის ფინალში გავიდა. მათი მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იყო. ალბათ მიხვდით რომ ევრო 96-ის ფინალურ მატჩზე მაქვს საუბარი, რომელშიც გერმანელებმა 2:1 გაიმარჯვეს. ორივე გოლი გერმანელთა მხრიდან ლეგენდარულმა ოლივერ ბირჰოფმა გაიტანა. პირველი გოლი თავით, რომლითაც აღადგინა წონასწორობა და მეორე გოლი კლინსმანის პასის შედეგად მარცხენა ფეხით გაუტანა ჩეხების მეკარეს, პიტერ კოუბას. პიტერ კოუბა იმიტომ ვახსენე, რომ ჩემი აზრით მისი წვლილიც დიდია ამ გოლში. მაშ ასე, ოლივერ ბირჰოფის ოქროს გოლის წყალობით, გერმანია ევროპის ჩემპიონია და მე ვყალიბდები ცხოვრების ბოლომდე გერმანული ფეხბურთის ქომაგად.

ბრაზილია-გერმანია 1:7 (2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი)

შემდეგი მატჩი, რომელიც მინდა გავიხსენო, არის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან. დიდი ზეიმია ბრაზილიაში, მათი ნაკრები ემზადება ჩემპიონობისთვის და ნახევარფინალურ მატჩში მასპინძლობს გერმანიის ნაკრებს. მატჩი დაიწყო. მეთერთმეტე წუთი, მიულერი და 0:1. ოცდამესამე წუთი და კლოზეს სახელობის 0:2. ოცდამეოთხე და ოცდამეექვსე წუთები - ტონი კროოსის დუბლი და 0-4. ოცდამეცხრე წუთზე ხედირას გოლის წყალობით, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ბრაზილიაში, ბრაზილიელი გულშემატკივრებით გადაჭედილ სტადიონზე, მთელი მსოფლიოს დასანახად, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 0-5-ს უგებ და გერმანიის ნაკრები. ეს ის დროა, ალბათ, როცა რაღაცამ უნდა გაგაჩერის, ალბათ არსებობს რაღაც სპორტული სოლიდარობა ან სპორტული მორალი... რაღაც ადამიანური მაინც, მაგრამ რა ადამიანური უნდა მოთხოვო მანქანას. მანქანა რომ გააჩერო უნდა ადგე და ღილაკს თითი მიაჭირო, ხოლო როგორც აღმოჩნდა იოახიმ ლიოვს, გერმანელთა მთავარ მწვრთნელს, თითები დაკავებული ჰ1ონდა... შემდეგ იყო შურლეს დუბლი სამოცდამეცხრე და სამოცდამეცხრამეტე წუთებზე და ოთხმოცდამეათე წუთზე ოსკარის გატანილი პრესტიჟის გოლი. რომელი პრესტიჟის არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ანგარიში 1:7 დაფიქსირდა.

ბაიერნი-დორტმუნდი 2:1 (2013 წლის, ჩემპიონთა ლიგის ფინალი)

დღეს გერმანული ფეხბურთის ირგვლივ ვტრიალებ. შემდეგი მატჩი არის ძალიან სასიამოვნო გასახსენებელი ჩემთვის, როგორც მიუნხენის "ბაიერნის" და ასევე როგორც გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის. ლონდონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, დერ კლასიკერი და მიუნხენელების გამარჯვება. დორტმუნდის "ბორუსია" სახლში დამარცხებული დაბრუნდა.

დორტმუნდი-რეალი 4:1 (2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი)

არ მინდა, რომ გული დავწყვიტო დორტმუნდის "ბორუსიას" გულშემატკივრებს და მინდა გავიხსენო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი რომელშიც მათ 4:1 მოუგეს მადრიდის "რეალს". ეს თამაში გამორჩეულია იმით, რომ ოთხივე გოლი რობერტ ლევანდოსკიმ გაიტანა. ალბათ დამეთანხმებით, რომ "რეალის" კარში პოკერის ხილვა ძალიან იშვიათი სანახაობაა.

ბარსელონა-პსჟ 6:1 (2017 წლის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი)

არც "რეალის" გულშემატკივრებს ვაწყენინებ და შემდეგი თამაში, რომელსაც გავიხსენებ, არის ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩი - სასწაული, ქამბექების ქამბექი, "ბარსელონა" "პსჟ-ს" წინააღმდეგ. 0:4 აქვთ წაგებული კატალონიელებს პარიზში და არავის არ სჯერა, რომ ორი მატჩის ჯამში სწორედ ისინი გავლენ შემდეგ ეტაპზე. 6:1 საოცრად ემიციური შეხვედრა, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

სხვა სტატიები