Belive

5 ფეხბურთელი, რომელსაც რონალდუ ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2015 წელს კრიშტიანუ რონალდუმ 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც ვარსკვლავობა უწინასწარმეტყველა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის რჩეულთა შორის თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები მოხვდნენ, რომლებმაც საკუთარი გუნდების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ნეიმარი ("პსჟ")  

იმ დროისათვის ნეიმარი "ბარსელონას" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ესპანეთის ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ბრაზილიელი ვარსკვლავი "პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდა. ნეიმარის ტრანსფერი დღემდე რეკორდულად ითვლება -  £198 მილიონად განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ, ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა.

ედენ აზარი ("რეალი")  

ნეიმარის მსგავსად, ედენ აზარსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. 2014/15 წლებში ბელგიელი ვარსკვლავის შესანიშნავმა პერფორმანსმა დიდი როლი ითამაშა ჩემპიონის ბედის გადაწყვეტაში. აზარის გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია და "ჩელსი" პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა - აზარი კი არაერთი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ წელს ედენ აზარი "რეალს" შეუერთდა. ტრავმის გამო, ბელგიელმა ვარსკვლავმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჯერ კიდევ ვერ შეძლო სრული პოტენციალის გამოვლენა.

პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი")  

პოლ პოგბა ჯერ კიდევ "იუვენტუსის" ფეხბურთელი იყო, როდესაც რონალდუმ ვარსკვლავობა უწინასწარმეტყველა. ფრანგი ვარსკვლავის შესაძლებლობებმა და ნახევარდაცვაში გამოჩენილმა უნიკალურმა უნარებმა რონალდუს აღფრთოვანება დაიმსახურა. მოგვიანებით პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა, 2018 წელს კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

მემფის დეპაი ("ლიონი")  

წინამორბედებისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას რომ დეპაიმ მოლოდინები ვერ გაამართლა. ნიდერლანდებიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" ვარსკვლავის რანგში გადასულმა დეპაიმ რონალდუს 7-ნომრიანი მაისური მოირგო - თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. გოლების ალღო დეპაის საფრანგეთში დაუბრუნდა. 2017-18 წლების სეზონში, დეპაიმ "ლიონის" მაისურით 19 გოლი გაიტანა.

მარტინ ოდეგორი ("რეალი" - "რეალ სოსიედადი" იჯარა)

ნორვეგიის რიგებში 15 წლის ასაკში შემდგარი დებიუტის შემდეგ, რონალდუმ ოდეგორი მომავალ სუპერვარსკვლავად დაასახელა. მოგვიანებით ოდეგორი "რეალს" შეუერთდა თუმცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცა, რის გამოც "რეალ სოსიედადში" იჯარის წესით გაანათხოვრეს.

სხვა სტატიები