Belive

5 ვარსკვლავი, რომელიც ვენგერმა ვერ შეიძინა

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც არსენ ვენგერზე საუბრისას გვახსენდება, ტალანტების აღმოჩენისა და მათი განვითარების ნიჭია - ფრანგ სპეციალისტს ეს ნამდვილად არ ეშლებოდა. ტიერი ანრი, პატრიკ ვიეირა, რობერ პირესი, მარკ ოვერმარსი, სესკ ფაბრეგასი, კოლო ტურე, ფრედერიკ ლიუნგბერგი, ემანუელ პეტი, ნიკოლა ანელკა და სხვები - ეს იმ ფეხბურთელების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც ვენგერმა, უმეტესწილად, მიზერულ თანხად შეიძინა. სწორედ ამ უნარის გამოყენების შედეგად, ვენგერმა "არსენალის" ისტორია შექმნა და გუნდს დიდი ფინანსური შემოსავალიც მოუტანა. ამ ყველაფრის ფონზე, უნდა გამოვყოთ 5 ვარსკვლავი, რომელთა შეძენაც ვენგერს ასევე შეეძლო, მაგრამ ხუთივე შემთხვევაში, ფრანგმა სპეციალისტმა ფიასკო განიცადა.

ნ'გოლო კანტე

ფრანგმა ნახევარმცველმა შესანიშნავი თამაშით თავი 2015/16 წლებში გამოიჩინა - მაშინ კანტე "ლესტერის" ღირსებას იცავდა. სტაბილურობით და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ კანტეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველი უწოდეს და შედეგად, მან კარიერა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელა. ვენგერის თქმით, მას კანტეს შეძენა ძალიან სურდა, თუმცა თანაქალაქელმა "ჩელსიმ" ფრანგს უკეთესი შეთავაზება გაუკეთა: "კანტეს შეძენა ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა, როცა ის საფრანგეთში თამაშობდა. მოგვიანებით, "ლესტერში" თამაშისას, მისი შეძენა კიდევ ერთხელ ვცადე," აღნიშნა ვენგერმა.

ლუის სუარესი

2013 წლის ზაფხულში, "მეთოფეებმა" ვენგერის დავალებით ლუის სუარესის შეძენა სცადეს. იმ პერიოდში ურუგვაელი "ლივერპულის" ღირსებას იცავდა და მის გამოსასყიდ თანხას 40 მილიონი ფუნტი შეადგენდა. "არსენალმა" "ლივერპულს" ძალიან საინტერესო წინადადებით მიმართა: "მეთოფეებმა" "მერსისაიდელებს" სუარესის სანაცვლოდ £40,000,001 შესთავაზეს - გამოსასყიდ თანხაზე ზუსტად £1 ფუნტით მეტი, თუმცა მათმა შეთავაზებამ არ გაჭრა. 2 წლის შემდეგ, ურუგვაელი თავდამსხმელის სანაცვლოდ "ლივერპულმა" £73.5 მილიონი მიიღო - ვენგერს ამჯერად "ბარსელონამ" აჯობა.

ჯანლუიჯი ბუფონი

"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ლეგენდარული მეკარე "პარმას" ღირსებას იცავდა, როდესაც ის არსენ ვენგერის ობიექტივში მოექცა. მეტსაც გეტყვით: ბუფონის შეძენა სერ ალექს ფერგიუსონსაც სურდა. საბოლოოდ, საქმეში კვლავ დიდი მოცულობის ფული გაჩნდა, რომელიც ვენგერის კიდევ ერთი წარუმატებლობის მიზეზი გახდა: ტურინის "იუვენტუსმა" ჯიჯის სანაცვლოდ იმ დროისთვის რეკორდული თანხა, €52.8 მილიონი გადაიხადა.

კრიშტიანუ რონალდუ

რონალდუს ტრანსფერის ვერ განხორციელება ვენგერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი თითქმის მოგვარებული იყო და ეს თავად რონალდუმაც აღიარა, როდესაც განაცხადა, რომ "არსენალთან" მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა. მოვლენები ვენგერის სასურველი სცენარით არ განვითარდა. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ რონალდუმ "არსენალთან" ერთად ივარჯიშა და მას მაისურიც კი მისცეს, რომელზეც მისი სახელი ეწერა. ვენგერს რონალდუს დარჩენა სურდა მაგრამ პორტუგალიელმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ამჯობინა.

ლიონელ მესი

როდესაც "არსენალმა" ფაბრეგასი შეიძინა, ვენგერს კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავის - ლეო მესის ტრანსფერიც სურდა. ვენგერმა აღნიშნა, რომ "ბარსელონასთან" აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. სესკ ფაბრეგასი, ლეო მესი და ჟერარ პიკე ინგლისური გრანდების რადარზე იყვნენ. საბოლოოდ, ფაბრეგასმა და პიკემ ნისლიან ალბიონს მიაშურეს, მესი კი ესპანეთში დარჩა. ვენგერმა ასევე დასძინა, რომ მესი მის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენდა მაგრამ კატალონიელთათვის ის ხელშეუხებელი იყო.

 

სხვა სტატიები