Belive

7 საფეხბურთო ისტორია რომელზეც კონკია გაგახსენდებათ

4 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ
ფეხბურთი ყველას გვაერთიანებს და საოცარი ისტორიებით გვამარაგებს. არის მომენტები როდესაც ყველაფერი თავდაყირა დგება და შეუძლებელი რეალობად იქცევა ხოლმე, მომენტები როდესაც სუსტი ძლიერზე აღმატებულია. გვინახავს ისტორიული ქამბექები, "ლივერპულის" ბრწყინვალე მეორე ტაიმი და გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2005 წელს, "მანჩესტერის" დაუჯერებელი წუთები 1999 წელს, "ბარსელონას" ტრიუმფი "პსჟ"-ს წინააღმდეგ, იმავე "ლივერპულის" მიერ განადგურებული კატალონიელები. მაგრამ არსებობს სხვა ტიპის განსაკუთრებული მომენტები, რომლებიც შესაძლოა სულაც არ დასრულდეს ტიტულით ან სახელოვანი გამარჯვებებით, მაგრამ გულშემატკივარს მუდამ ამახსოვრდება და გულს უთბობს. გთავაზობთ 7 გამორჩეულ მომენტს საფეხბურთო ისტორიიდან:  

ზამბიის გამარჯვება 2012 წლის აფრიკის თასზე

1993 წელს როდესაც ზამბიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა, რომელსაც ამავე ქვეყნის ნაკრები სენეგალში გადაჰყავდა, სადაც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უნდა გამართულიყო ატლანტის ოკეანეში კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 25 ადამიანი და 5 ეკიპაჟის წევრი ადგილზე გარდაიცვალნენ. კატასტროფის ადგილი 500 მეტრის მოშორებით იყო გაბონის დედაქალაქ ლიბრევილიდან, სადაც 2012 წლის აფრიკის ეროვნებათა თასი გაიმართა. ზამბიელთა ფიქრებიც ამ დროს სწორედ მათ გარდაცვლილ თანამემამულეებთან იყო. ქარიზმატული ფრანგი მწვრთნელის, ერვე რენარდის გუნდმა ყველასათვის მოულოდნელად ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შემდეგ კი სუდანი და განა გამოაგდო და ფინალში საკმაოდ ძლიერ კოტ დივუარს დაუპირისპირდა. მატჩის ძირითად დროში, კოტ დივუარელთა ვარსკვლავმა დიდიე დროგამ პენალტი გააცუდა, რასაც პენალტების სერიაში კოლო ტურესა და ჟერვინიოს გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანები მოჰყვა. ამის შედეგად ზამბია ისტორიაში პირველად მოიგო აღნიშნული ტიტული. ზამბიელთა აღნიშვნა ემოციური გამოდგა, გუნდთან ერთად ზეიმობდა კალუშა ბვალიაც, რომელიც 1993 წლის ტრაგედიას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა რომ "პსვ"-ში თამაშობდა და სენეგალში ჰოლანდიიდან მიფრინავდა.  

უიგანის გამარჯვება 2013 წლის ინგლისის ასოციაციის თასზე

  "უიმბლდონის" გამარჯვება "ლივერპულის" წინააღმდეგ 1988 წლის ინგლისის ასოციაციის ტასის ფინალში ამ ტურნირის ყველაზე დიდ შოკად ითვლებოდა, თუმცა 25 წლის შემდეგ "უიგანმა" ისტორია გადაწერა. "უიგანი" ფინალამდე შთამბეჭდავად მივიდა, გამოსარჩევია მეოთხედფინალში გამარჯვება "ევერტონთან" სადაც მათ 30-დან 33-ე წუთამდე მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს, მაგრამ ფინალში მათი მეტოქე მრისხანე "მანჩესტერ სიტი" იყო. აქ "უიგანს" ყველა წინასწარ დამარცხებულად თვლიდა. "სიტის" ძვირადღირებული შემადგენლობისგან სადაც სერხიო აგუერო, იაია ტურე და ვენსან კომპანი ირიცხებოდნენ, ყველა მარტივ გამარჯვებას ელოდა, თუმცა "უიგანი" რომელიც იმ წელს პრემიერ ლიგიდან გავარდნას წარუმატებლად ებრძოდა და გუნდის ესპანელი თავკაცი რობერტო მარტინესი სხვანაირად ფიქრობდნენ. პრემიერ ლიგის აუტსაიდერებმა ბოლომდე იბრძოლეს, რასაც "სიტის" მცველის ზაბალეტას წითელმა ბარათმაც შეუწყო ხელი. ბრძოლამ შედეგი 91-ე წუთზე გამოიღო, როდესაც შეცვლაზე შემოსულმა ბენ უოტსონი თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდი ემოციებისა და ზეიმის მორევში ჩაითრია.  

დანიის გამარჯვება ევრო 1992-ზე

  1992 წელს შვედეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იუგოსლავიას უნდა ეასპარეზა, თუმცა სამოქალაქო ომისა და ქვეყნის დაშლის შემდეგ, უეფამ ტურნირის საგზური დანიის ნაკრებს გადასცა. დანიელები, რომლებმაც შესარჩევ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს, ტურნირის დაწყებამდე მხოლოდ 11 დღით ადრე გააფრთხილეს. რიჩარდ მოლერ ნილსენის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჟან პიერ პაპენისა და ერიკ კანტონას საფრანგეთი დაამარცხა. ნახევარფინალში კი ძირითადი დროის 2:2 დასრულების შემდეგ 11-მეტრიანების სერიაში ჰოლანდიას სძლია. ფინალში, რომელიც გიოტებორგში გაიმართა, დანიელებმა კარგად დაწყებული საქმე დაასრულეს, გუნდმა, რომლის ბევრი ფეხბურთელიც ჩემპიონატის დაწყებამდე 11 დღით ადრე სხვადასხვა სანაპიროზე ირუჯებოდა, გერმანიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და ევროპაში უძლიერესის ტიტული მოიპოვა.  

ტაიტის გოლი ნიგერიის წინააღმდეგ 2013 წლის კონფედერაციათა თასზე

ტაიტის ნაკრებმა რომელიც მსოფლიო რეიტინგში 138-ე იყო თავი 2013 წლის კონფედერაციათა თასზე ამოყო. ამაში ოკეანელებს ავსტრალიის მიერ კონტინენტალური ზონის შეცვლა დაეხმარა, რასაც ტაიტელებისგან 2012 წელს ოკეანეთის თასის მოგება დაემატა. ტაიტი ჯგუფში ნიგერიასთან, ურუგვაისთან და ესპანეთთან მოხვდა. კუნძულელები ნიგერიას, რომელიც იმ მომენტისთვის ფიფას რეიტინგში 31-ე ადგილს ამაგრებდა, ბელო-ორიზონტეში დაუპირისპირდნენ. თამაში სცენარის მიხედვით მიდიოდა, პირველი ტაიმი ნიგერიამ 3:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმის დაწყებიდან 9 წუთში ჯონათან ტეაუმ, რომელიც ერთ-ერთი იყო ნაკრებში იმ ოთხთაგან ვინც ერთ ოჯახს წარმოადგენდა ეფე ამბროსს აჯობა და კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თავით კარში გადაგზავნა. ტაიტიმ ის შეხვედრა 6:1 წააგო. გარდა ამისა ისინი ესპანეთთან (10:0) და ურუგვაისთანაც (8:0) განადგურდნენ, თუმცა ეს მეორეხარისხოვანია, რადგან მათ ქვეყნისთვის ისტორიული მომენტი შექმნეს. ედი ეტაეტამ, რომელიც გუნდის მწვრთნელი იყო, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განაცხადა:
"გოლმა სიღრმისეულად შემძრა, თითქმის ვიტირე. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატებს ტელევიზორში ვუყურებთ. დღეს კი ჩვენ ვიყავით მსახიობები. პრეზიდენტმა მთავრობის სხდომა შეწყვიტა და მესიჯიც კი გამოგვიგზავნა."

2000 წელი - საფრანგეთის მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელი "კალე" თასის ფინალში გადის

  საფეხბურთო კლუბმა "კალემ" 2000 წელს მთელი საფრანგეთი და საფეხბურთო სამყარო დაშოკა, როდესაც საფრანგეთის ტასის ფინალში გავიდა. კლუბმა, რომელიც მთლიანად სამოყვარულო იყო, და ექიმების, ოფისის თანამშრომლებისა და მასწავლებისაგან შედგებოდა "ლილისა" და "კანის" დამარცხების შემდეგ თავი მეოთხედფინალში ამოყო. აქ საპორტო ქალაქის გუნდის ფეხბურთელების არც "სტრასბურგს" შეუშინდნენ და მეტოქე 2:1 დაამარცხეს. ამის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ ეს სამოყვარულო კლუბის მაქსიმუმი იყო, რადგან ნახევარფინალში მათი მეტოქე წინა წლის ქვეყნის ჩემპიონი, მრისხანე "ბორდო" იყო. ნახევარფინალი ლანსში გაიმართა და "კალემ" დამატებით დროში 3:1 იმარჯვა. როდესაც ფინალში, "ნანტის" წინააღმდეგ ჟერომ დუტიტრემ ანგარიში გახსნა, ყველამ იფიქრა რომ ამ გუნდს მართლაც შეეძლო სასწაულის ბოლომდე მიყვანა, მაგრამ ანტუან სიბირსკიმ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, უკანასკნელ წუთებზე კი თერთმეტმეტრიანით გამარჯვების გოლი გაიტანა, კალელებსა და საფეხბურთო რომანტიკოსებს გული დაწყვიტა და "ნანტს" თასი მოაპოვებინა. ფოტოზე კი სწორედ ერთ-ერთი ისეთი ფაქტია გამოსახული რატომაც გვიყვარს ფეხბურთი. "ნანტის" კაპიტანი, შემდგომში საფრანგეთის ნაკრების მეკარე მიკაელ ლანდრო "კალეს" კაპიტანთან, რეჯინალდ ბუკესთან ერთად სწევს საფრანგეთის თასს.  

საბერძნეთი ევრო 2004-ის ჩემპიონია

  ორგანიზებული თამაშის ტრიუმფი, და დიდი იმედგაცრუება კრეატიული და შემტევი ფეხბურთის მოყვარულთათვის. ბერძნები დიდ საფეხბურთო ტურნირზე 2004 წლამდე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდნენ, მათი გამარჯვება გახსნით შეხვედრაში პორტუგალიასთან კი პირველი იყო მსგავს ტურნირზე ნაკრების არსებობის ისტორიაში. ესპანეთთან ფრისა და რუსეთთან მარცხის შემდეგ, ბერძნებმა ესპანეთს აჯობეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მეოთხედფინალში ხარისტეასის გოლი საფრანგეთის წინააღმდეგ ერთადერთი აღმოჩნდა შეხვედრაში. ნახევარფინალში ანტიკური ქვეყნის გუნდის მეტოქე ძალიან ძლიერი ჩეხეთის ნაკრები გახლდათ. მატჩი პორტოში გაიმართა და ტრაიანოს დელასის მიერ პირველი დამატებული ტაიმის მიწურულს გატანილი გოლი ერთადერთი "ვერცხლის გოლი" აღმოჩნდა დიდი საფეხბურთო ტურნირების ისტორიაში. ლისაბონში გამართულ ფინალში პორტუგალიელები დამშეულები ეკვეთნენ მეტოქეს, ისინი ერთი ხელის გაწვდენაზე იყვნენ შინაურ კედლებში ჩემპიობისგან. თუმცა კარგმა დაცვამ, იღბალმა და ანგელოს ხარისტეასის მიერ 57-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა ოქროს მედლები სწორედ ბერძნებს არგუნა.  

"ბასბის ბავშვების" გამარჯვება 1968 წლის ჩემპიონთა თასზე

1958 წლის 6 თებერვლის მიუნხენის ტრაგედია, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" 8 ფეხბურთელი შეიწირა, ორს კი ისეთი დაღი დაასვა რის შედეგადაც მათ კარიერა დაასრულეს, საკმაოდ ფართოდ განხილული და "ოლდ ტრაფორდელებისათვის" მტკივნეული თემაა. შინარუი ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ მომგები გუნდი, რომლებსაც მოგვიანებით "ბასბის ბავშვები" ეწოდათ ევროპის თასის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ბელგრადიდან ბრუნდებოდა, მიუნხენში საწვავის შესავსებად გაჩერების შემდეგ, აფრენისას ხომალდმა ავიაკატასტროფა განიცადა, რამაც 23 ადამიანი იმსხვერპლა. მატ ბასბიმ, მთავარმა მწვრთნელმა, მიუხედავად უმძიმესი ტრავმებისა, გადარჩენა მოახერხა და მეტიც, იმ სეზონში გუნდი ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა. ბასბიმ და "იუნაიტედმა" ფენიქსივით მოახერხეს აღორძინება და კლუბმა ჯერ 1963 წელს ასოციაციის თასი მოიგო, შემდეგ კი 1965 და 1967 წლებში შინაური ჩემპიონატი. ამას კი 1968 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის მოგება მოჰყვა. 10 წლის შემდეგ რაც კლუბმა და ბასბიმ 8 უნიჭირესი ფეხბურთელი: დანკან ედვარდსი, ჯეფ ბენტი, როჯერ ბირნი, ედი კოულმენი, მარკ ჯოუნსი, დავიდ პეგი, ტომი ტეილორი და ლაიამ უელანი დაკარგა. მიუნხენს გადარჩენილები, ბილ ფოულკსი და კაპიტანი ბობი ჩარლტონი იმ მატჩის მოქმედი პირები იყვნენ. ჩარლტონმა დუბლი შეასრულა, კლუბმა კი "ბენფიკა"  "უემბლიზე" დამატებით დროში 4:1 დაამარცხა და სრული განადგურებიდან 10 წელში ევროპის მწვერვალზე.

სხვა სტატიები