Belive

ალეფ სანტოსი: "ყოველდღიურად ვვარჯიშობ, ვცდილობ ფორმა შევინარჩუნო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ალეფ სანტოსი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერია. ბრაზილიელმა მცველმა საქართველოში პირველად ბათუმის "დინამოს" მაისურით ითამაშა, ხოლო წინა სეზონის მეორე ნახევრიდან გორის "დილას" ჯერ იჯარით, შემდეგ კი სრული კონტრაქტით შეუერთდა. 23 წლის ფეხბურთელმა ამ კლუბებში თამაშის გამოცდილების, არსებული პაუზის და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორ ემზადები ასეთ პირობებში და რას აკეთებ თავისუფალ დროს? ყოველ დილით ვვარჯიშობ. აქცენტს ფიზიკურ მომზადებასა და სისწრაფეზე ვაკეთებ. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ფორმა შევინარჩუნო. ვარ სახლში ჩემს მეუღლესთან ერთად, თავისუფალ დროს კი წიგნებს ვკითხულობ. საქართველოში ორ გუნდში ითამაშე, რას იტყვი ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილაზე"? ორ ძალიან კარგ გუნდში ვითამაშე, რაც ჩემი პროფესიული ზრდისთვის გამოსადეგია. ბათუმის "დინამო" მნიშვნელოვანი კლუბი იყო, მაგრამ "დილა" კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად ამ კლუბის ფერებს ვიცავ.
საქართველოში უკვე წელიწადზე მეტია იმყოფები, ქართულ ენასთან რა დამოკიდებულება გაქვს? ვფიქრობ ქართული ენა რთულად სასწავლია, თითქმის არაფერი ვიცი გარდა სიტყვებისა: "როგორ ხარ?" და "მადლობა". რა მოგწონს განსაკუთრებით საქართველოში? როცა შესაძლებლობა მეძლევა, ქართულ კერძებს ვაგემოვნებ. მომწონს ქართული სამზარეული, კლიმატი და ქალაქების სილამაზე. ამბობენ, რომ ქართველები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ვგავართ ბრაზილიელებს? საქართველოში აქცენტი უფრო ფიზიკურ სიძლიერესა და აქტიურ მოქმედებებზე კეთდება, უფრო მეტი დატვირთვა და სისწრაფეებია.
როგორია გუნდის განწყობა ახალ სეზონში? მოტივირებულები ვართ და გვინდა, რომ საუკეთესოთა შორის მოსახვედრად ვიბრძოლოთ. რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გაგიჭირდა თამაში საქართველოში? აქ ბევრი ძლიერი ფორვარდია, თუმცა ყველაზე მეტად ჯოვინო ფლამარიონს გამოვარჩევ. რომელია შენთვის იდეალური ფეხბურთელი და გუნდი, რომელსაც გულშემატკივრობ? დანი ალვეში და "ბარსელონა".

სხვა სტატიები