Belive

იაგო დეისაძე: "მერანთან ერთად დიდი გზა გავიარე და წასვლაზე არ მიფიქრია"

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
2020 წლიდან, საქართველოს ეროვნულ ლიგას თბილისის "მერანის" სახით კიდევ ერთი დებიუტანტი ჰყავს. ყოფილი "ნორჩი დინამო" სულ რაღაც 4 წლის წინ მეოთხე ლიგაში იმყოფებოდა, თუმცა წარმატებული პროგრესის შემდეგ, წინა სეზონში ელიგა 2 დამაჯერებლად მოიგო და ელიტაში აღზევდა. თითქმის ყველა ლიგაში, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იაგო დეისაძე გახლდათ, რომელმაც წინა გათამაშებაში 18 გოლი გაიტანა და უმაღლესში ამოსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. 32 წლის ფეხბურთელმა Live.ge-სთან ინტერვიუში გუნდის გავლილი გზა გაიხსენა, არსებულ რეალობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პირველ რიგში, არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბროთ. პაუზის დროს, როგორ იცავ თავს და როგორ ემზადები სახლის პირობებში? ძალიან სამწუხაროა რაც დღეს ქვეყანაში ხდება და საფეხბურთო სეზონიც შეჩერებულია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე და ჯამრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიღებთ რეკომენდაციებს და ვრჩებით სახლში. ყველა ფეხბურთელს გვაქვს ინდივიდუალური პროგრამა და სახლის პირობებში ვვარჯიშობთ. პაუზა ცუდ გავლენას იქონიებს გუნდებზე და ოპტიმალურ ფორმაში დროულად შესვლა გაგვიჭირდება. სეზონის დაწყებამდე, "მერანი" თურქეთში გამგზავრებას აპირებდა, მაგრამ შეკრება ბათუმში გაიარა. რატომ არ შედგა შეკრება უცხოეთში? ფინასნსური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენი თურქეთში გამგზავრება ვერ მოხერხდა, მაგრამ ვფიქრობ ბათუმშიც საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ.
გუნდში უკვე რამდენიმე წელია იმყოფები და ერთად შთამბეჭდავი გზა გაიარეთ. როგორ გაიხსენებ ამ პერიოდს? 4-5 წლის წინ მეოთხე ლიგაში გამოვიდოდით, დღეს კი ეროვნულ ლიგაში ვთმაშობთ. ამ პერიოდში, ცხადია იყო ბევრი იმედგაცრუება და ცუდი მომენტი, მაგრამ უფრო მეტი დადებითი, რაც შედეგზე ისახება. მიხარია, რომ ამ წარმარტებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, როგორია გუნდის მდგომარეობა? ყველაზე მთავარია, რომ გუნდმა შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი. ასევე, დავიმატეთ გამოცდილი და ძალიან კარგი ფეხბუთელები. ვფიქრობ, ამ გუნდით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.
"მერანი" რომ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, ეს პირველ ტურებშივე გამოჩნდა. წინა სეზონის ორ გამორჩეულ გუნდს (ბათუმის "დინამო", "საბურთალო") 2 ქულა აართვით. როგორ შეაფასებ ამ შეხვედრებს? სასიხარულოა, რომ ეროვნული ლიგა საქართველოს ორ საუკეთესო გუნდთან 2 ქულის მოპოვებით დავიწყეთ. ამან ჩვენი ამბიცია ცხრილის ზედა საფეხურებისკენ კიდევ უფრო გაზარდა. ბოლო წლებში, საგრძნობი პროგრესი გაქვს, ეს ციფრებშიც ჩანს. წინა სეზონში 18 გოლი გაიტანე. ამის შემდეგ, ელიგის კლუბებიდან დაინტერესება გაიზრდებოდა. კი, დაინტერესება და შემოთავაზებები ნამდვილად იყო, მაგრამ "მერანთან" ერთად დიდი და წარმატებული გზა გამოვიარე და სწორედ ამიტომ არცერთი ვარიანტი განმიხილავს და წასვლაზე არც კი მიფიქრია. რამდენიმე წლის წინ თქვი, რომ საქართველოში ადგილობრივ ფეხბურთელებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. შეიცვალა ამ მხრივ მდგომარეობა? დიახ, ნამდვილად ასე იყო. ბოლო პერიოდში ამ მხრივ მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა. კარგი ლეგიონერების ჩამოყვანასაც ვემხრობი.
ამჟამად, "მერანი" "მიხეილ მესხი 2-ზე" თამაშობს. როდის ექნება გუნდს საკუთარი სტადიონი? მოსალოდნელია, რომ შემდეგ სეზონში ჩვენი სტადიონი მზად იყოს, თუმცა დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მშენებლობის პროცესი რა ეტაპზეა და როდის შევძლებთ თამაშს, დანამდვილებით ვერ გეტყვით. ბოლოს, მინდა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და ჯანმრთელობა ვუსურვო. დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

სხვა სტატიები