Belive

დაჩი ცნობილაძე: "რეკომენდაციებს ვითვალისწინებ და ფორმას ვინარჩუნებ"

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" ქვეყნის შიგნით ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, ახლა კი ამ გუნდის გულშემატკივარი ევროტურნირებზე წარმატებას ელის. ახალი სეზონში გუნდში ბევრი ცვლილება იყო. ზამთარში გუნდმა ორი მწვრთნელი შეიცვალა და რამდენიმე ტრანსფერიც განახორციელა. გუნდის ახალი რესურსის, არსებული პაუზისა და სამომავლო მიზნების შესახებ "საბურთალოს" ნახევარმცველ დაჩი ცნობილაძეს ვესაუბრეთ. სანამ გუნდზე ვისაუბრებთ, კორონავირუსის დროს შეცვლილ რეჟიმზე გკითხავ. როგორია სავარჯიშო პროცესი განსხვავებულ პირობებში? კორონავირუსმა მართლაც ყველას ყოველდღიურობა შეცვალა. ამ პაუზის გამო, მწვრთნელებმა გამოგვიგზავნეს ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც გვეხმარება, რომ შევინარჩუნოთ ის ფიზიკური კონდიციები რომელიც პაუზამდე გვქონდა.
ახლა მეტი თავისუფალი დრო გექნება, როგორ ატარებ ამ პერიოდს? ძირითადად ოჯახთან და შეყვარებულთან ერთად. ვითვალისწინებ მთავრობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. როგორც ვთქვი, ვასრულებ მოცემულ პროგრამას და ასევე ვცდილობ ეს დრო გამოვიყენო იმ კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რომლისთვისაც სეზონის განმავლობაში დრო არ მქონდა. გარდა ამისა, ვუყურებ სერიალებს: გირჩევთ, The Spy-სა და Ozark-ს. და რაც მთავარია, ჩემს თავს სამზარეულოში ვცდი. გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელია, არიან ახალწვეულებიც. როგორია გუნდის ბირთვი და რესურსი? თემურ შალამბერიძესთან პირველად მომიწია მუშაობა და ამით მოხარული ვარ. მომწონს მიი ზოგადი შეხედულება ფეხბურთზე, ტაქტიკა და სათამაშო სტილი. მისი დიდი დამსახურებაა, რომ სუპერთასი მოვიგეთ. გუნდის ბირთვი რა თქმა უნდა, შეთამაშებულია. ბევრი ფეხბურთელი ვინც ამჟამად შემადგენლობაშია, დიდი ხანია ერთად მოვდივართ. ასე რომ შეთამაშების მხრივ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია.
ქვეყნის შიგნით ყველა ტიტული მოიგეთ. შემდეგ იყო ევროტურნირები, სადაც გუნდს ალბათ გამოცდილება დააკლდა... მოხარული ვარ, რომ სამივე ტიტულის მოპოვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. გეთანხმები, გამოცდილება დაგვაკლდა. ბევრი ფეხბურთელი ევროტურნირებზე პირველად გამოდიოდა. წელს უფრო დიდი გამოცდილებით შევხვდებით ევროსარბიელს და იმედია სასურველ შედეგს მივაღწევთ. როგორ შეაფასებ ეროვნულ ლიგაში საწყის ორ ტურს? ქულები დრბიუტანტთან დაკარგეთ. რა თქმა უნდა, უკეთესი დასაწყისი იქნებოდა თუ ორივე თამაშს მოვიგებდით, მაგრამ არც ამ სტარტით ვართ უკმაყოფილო. "მერანში" ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს და ძალიან კარგი გუნდია, ეს მათ ნაჩვენებ შედეგებზეც ეტყობათ. ერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას წლევანდელ ჩემპიონატზე, მარტივი თამაში არცერთი არ იქნება.
ამისთვის საჭიროა, რომ ჩემპიონატი განახლდეს. შენი აზრით როგორი ფორმატი იქნება უკეთესი არსებული რეალობისთვის? ეროვნული ლიგის განახლება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ, რაც შეიძლება ბევრი თამაში ჩატარდეს. საკმაოდ კომპეტენტური ხალხია ამ საქმით დაკავებული და ცხადია სიტუაციიდან გამომდინარე საუკეთესო ვარიანტს აარჩევენ.

სხვა სტატიები