Belive

ხოსე პერალესი: "დინამოში დარჩენა მინდოდა, წელს ჯგუფში უნდა ვითამაშოთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
წინა სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე ხოსე პერალესი გახდა. ესპანელ გოლკიპერს საქართველოში სადებიუტო სეზონი ჰქონდა. მან ჩისკოს გაწვრთნილ "დინამო თბილისში" ითამაშა, ინდივიდუალური ჯილდოს გარდა, ქვეყნის ჩემპიონობაც მოიგო და ევროტურნირებზე გამოცდილებაც დააგროვა. ზამთარში 26 წლის კარის დარაჯმა საქართველოს ყველაზე ტირულოვანი კლუბი დატოვა, თუმცა მალევე დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა. გამორჩეულმა ლეგიონერმა საქართველოში გატარებული პერიოდის და არსებული რეალობის შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორია შენი ყოველდღიურობა კორონავირუსის პანდემიის დროს? კორონავირუსმა ჩვენი ყოველდღიური რეჟიმი შეცვალა და შესაბამისად, ძველებურად ვეღარ ვვარჯიშობ. პროფესიონალს მივმართე და შევადგინე ყოველდღიური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვიკვებები, მძინავს და ვვარჯიშობ. ასევე, შევიძინე სხვადასხვა საგნები, რომლებიც სახლის პირობებში ვარჯიშში მეხმარება. დილაობით დროს ფიზმომზადებას ვუთმობ. დღის განმავლობაში ბევრს ვმოძრაობ სახლში, რადგან აქ, ესპანეთში, გარეთ გასვლა და სირბილი არ შეგვიძლია. ამ პერიოდში განსაკუთრებული პროფესიონალიზმის გამოვლენა და ჩვენს ჯანმრთელობაზე და სხეულზე ზრუნვა გვმართებს. როგორ ატარებ თავისუფალ დროს კარანტინის პირობებში? ძირითადად მეგობრებს ვესაუბრები. ასევე, ვეცნობი მიმდინარე სიახლეებს საქართველოსა და ესპანეთში. მიყვარს სერიალების ყურება და წიგნების კითხვა. ამჟამად ვუყურებ "მძიმე დანაშაულს" და ვკითხულობ ტაიგერ ვუდსის ავტობიოგრაფიას.
შარშან საქართველოში პირველი სეზონი გქონდა. მოიგეთ ჩემპიონატი და საუკეთესო მეკარე გახდი. როგორ გაიხსენებ ამ პერიოდს? შარშან ძალიან რთული სეზონი გამოვიდა. გვქონდა ძნელი და ცუდი მომენტები, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდის ყველა ფეხბურთელმა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოაჩინა, ჩვენ სიტუაციის შემობრუნება შევძელით. ბიჭები ცხოველებივით იბრძოდნენ და მნიშვნელოვან შეხვედრებში მაქსიმუმს იღებდნენ. ყოველთვის მემახსოვრება როგორ შევცვალეთ სიტუაცია და გავხდით ჩემპიონები. ინდივიდუალური ჯილდოს მოგება ჩემთვის დიდი პატივი და სიხარული იყო. "ფეიენოორდთან" კარგი გამოცდილება მიიღეთ. როგორ შეფასებ ჰოლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან დაპირისპირებას? ვფიქრობ, ორი მატჩის ჯამში კარგად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ დავუშვით შეცდომები, მაგრამ მათ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს. მე-80 წუთამდე ნორმალურად მივედით, მაგრამ შემდეგ იყო წითელი ბარათი და ამით მათ უპირატესობა შეექმნათ, რაც გამოიყენეს და მოგვიგეს. ჩემი აზრით, ამ 180 წუთში, ჩვენ ცუდად მხოლოდ 10 ჩავატარეთ. სამწუხაროა, რომ ორი მატჩის ჯამში დავმარცხდით, რადგან იმ მომენტში მთელი საქართველო ჩვენ გულშემატკივრობდა. და მაინც, "ფეიენოორდი" დიდებული გუნდია, ჩვენთან მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, მათ ამსტერდამის "აიაქსი", 6:2 დაამარცხეს, ეს ის გუნდია, რომელმაც მადრიდის "რეალს" მოუგო, შთამბეჭდავი ფეხბურთი ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
ჩისკოს კარგად იცნობ. ის წარსულში კარგი ფეხბურთელი იყო, ახლა კი სამწვრთნელო კარიერას იწყებს. როგორია ის გასახდელში? ჩისკო არის ახალგაზრდა მწვრთნელი, ვისაც ფეხბურთელების კარგად ესმის. ის დიდი ფეხბურთელი იყო და კარგად შეუძლია მოთამაშეების მდგომარეობაში შესვლა. მან ზუსტად იცის რა სჭირდება ფეხბურთელს, რას გრძნობს როცა ვერ თამაშობს ბევრს ან რთულ სიტუაციაშია. ის ბევრ ფეხბურთელს დაეხმარა თავიანთი საუკეთესო ფორმის გამოვლენაში, რადგან ზუსტად იცოდა რითი შეეძლო მათი დახმარება. მან ყველა ფეხბურთელს მისცა საკმარისი დრო და დაეხმარა "დინამოს" რამდენიმე წლის შემდეგ ტიტულის დაბრუნებაში.
ზამთარში "დინამოდან" ჯერ წახვედი, შემდეგ კი დაბრუნდი. რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება? მე "დინამოში" დარჩენა ყოველთვის მინდოდა და ეს ყველასთვის ცნობილია. უბრალოდ, კონტრაქტი ამომეწურა და ახალ შეთავაზებებს განვიხილავდი. 100%-ით არაფერი მქონდა გადაწყვეტილი და როცა "დინამოდან" დამირეკეს, მეორე დღესვე ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ. წინა სეზონის დაძაბულობიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, კონკურენციის რა დონეა საქართველოში? წინა სეზონი როგორც უკვე ვთქვი ურთულესი აღმოჩნდა. ყველა გუნდი ბოლომდე იხარჯებოდა და ქულების მოპოვება ძნელი ამოცანა იყო. რთული იყო ბათუმთან დაპირისპირება, რომელსაც დიდი და ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. მათთან ბოლო წუთამდე ბრძოლა გვიწევდა. ასევე დიდ კონკურენციას გვიწევდნენ "საბურთალო" და "ლოკომოტივი". რთული იყო მათ წინააღმდეგ გამარჯვება, რადგან "დინამოსთან" ყველა ორმაგი მოტივაციით თამაშობს და ცდილობს საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს.
ვინ არის საუკეთესო თავდამსხმელი, ვის წინააღდეგაც საქართველოში გითამაშია? რთულია გამოყო ერთი კონკრეტული ფეხბურთელი, ვინაიდან საქართველოს ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავს, რაც ადრეც ვთქვი. მახსოვს კოხრეიძე, ფლამაირიონი, ბუდუ, ქავთარაძე "რუსთავიდან" და შინდაგორიძე. ყველა მათგანმა ჩვენს წინააღმდეგ ასმაგი მოტივაციით ითამაშა. რა არის "დინამოს" მთავარი მიზანი ამ სეზონში. გუნდს მოქმედი ჩემპიონის სტატუსი და მეტი პასუხისმგებლობა აქვს? ჩვენი მთავარი მიზანი არის ევროტუტნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაში. ამისთვის კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან ვიწყებთ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, არაფერი დავზოგოთ და ჯგუფში შევაღწიოთ. ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ ეროვნულ ლიგაში ტიტულის შენარჩუნებას მოვახერხებთ. როგორ შეაფასებ სეზონის დასაწყისს? ეს არ ყოფილა საუკეთესო დასაწყისი, თუმცა ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან გუნდს სეზონის დაწყებამდე 10 დღით ადრე შევუერთდი. მჭირდებოდა დრო, რომ ჩემი ახალი თანაგუნდელები გამეცნო და გუნდში სრულფასოვნად დავბრუნებულიყავი. ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად ბევრი შრომა გვჭირდება.
ვინ არის დღეს შენს პოზიციაზე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელი? ალბათ დღეს მხოლოდ ორი მეკარეა, რომელიც სხვებზე ცოტა მაღლა დგას. იან ობლაკი და მარკ ანდრე ტერ-შტეგენი. ყველაზე მეტად მათი თამაში მომწონს. იდეალური ფეხბურთელი შენთვის და გუნდი, რომელსაც გულშემატკივრობ? საერთოდ, მომწონს, როცა მატჩის ბედის გადაწყვეტას მეკარე ახერხებს. ასე კი ხშირად იან ობლაკი იქცევა. აი მაგალითად მისი ბოლო მატჩი "ენფილდზე", "ლივერპულის" წინააღმდეგ. გამოკვეთილად ერთი გუნდის გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა მომწონს "ატლეტიკო", სადაც ვთამაშობდი და მათ გასაოცარი გულშემატკივარი ჰყავთ. რა არის კარიერის მთავარი ოცნება და მიზანი, რომლისთვისაც ჯერ არ მიგიღწევია? თამაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ლა ლიგაში.

სხვა სტატიები