5 დაუვიწყარი მატჩი: თორნიკე ჯანგველაძე

მაშინ, როცა მსოფლიო აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას მოწყვეტილია, გულშემატკივარს ძველი სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მეტი დროც აქვს და არც სხვა გზა გააჩნია. ჩვენს რუბრიკაში, ვცდილობთ ის მატჩები გაგახსენოთ, რომლებმაც ფეხბურთის ქომაგს ამაღელვებელი ემოციები დაუტოვა. ამჯერად, თავისთვის ხუთ დაუვიწყარ მატჩს საქართველოს ინტელექტ-კლუბის მოაზროვნე თორნიკე ჯანგველაძე გაიხსენებს.

მანჩესტერი – ბაიერნი 2:1 (1998/99 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი)

ფეხბურთთან პირველი ემოციური შეხვედრა. ალბათ გონებიდან არასდროს ამომივა გაწბილებული და წაშლილი ოლივერ კანის სახე და სემუელ კუფური, რომელიც სიმწრისგან “ნოუ კამპის” მიწას ჭამს. ეს იყო თამაში, სადაც ბაიერნს უნდა მოეგო, თამაში სადაც ბაიერნი ყველა სათამაშო კომპონენტით ჯობდა მეტოქეს, მაგრამ ამასთანავე ეს იყო თამაში, რომელზე უკეთესადაც ალბათ ვერაფერი აღწერს ფეხბურთის სილამაზეს და ემოციას. რაღაც მხრივ ალბათ კარგიც იყო ბაიერნის მარცხი, სხვა შემთხვევაში დღეს “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი ვიქნებოდი.

უოტფორდი – ლესტერი (ინგლისის ჩემპიონშიფის ფლეი-ოფის ნახევარფინალი. 2013)

ნებისმიერ მძაფრსიუჟეტიან ჰოლივუდურ ფილმს რომ შეშურდება ისეთი თამაში. „სისხლიანი სპორტი“ ერთი საფეხბურთო მატჩი რომ ყოფილიყო, ცალსახად ეს იქნებოდა. არადა ვინ წარმოიდგენდა რომ მაგ ამბებიდან სამ წელიწადში “ლესტერი” პრემიერლიგას მოიგებდა.

მანჩესტერ სიტი – ქუინზ პარკ რეინჯერსი 3:2 (პრემიერლიგა, 2012)

აგუეროოოოოოოოოოოოოოოო!

რეალი – ბარსელონა 0:3 (პრიმერა დივიზიონი, 2005)

ფეხბურთი, მითუმეტეს ბოლო წლების ფეხბურთი იმდენად ავტომატიზმამდე დასულ პოზიციების ბრძოლად გადაიქცა, რომ ერთი ფეხბურთელის დომინაციას მოედანზე ძალიან იშვიათად ვხედავთ (თუ მესი ან რონალდო არაა ეგ ფეხბურთელი, მაგრამ ეგენი არ ითვლებიან. ჰოდა ეს თამაში გარდასულ დროთა მოგონებად იყოს. რონალდინიოს სრული ბენეფისი, მესამე გოლის შემდეგ კასილასის მხრების აჩეჩვა და სახეზე დაწერილი „ძალიან ვწუხვარ და ყველაფერი წინ არის და ღმერთის წყალობით, აღარც ღმერთი… ვეღარა რა ვერ, არვიცი არვიცი სიტყვები არ მყოფნის…“. მაგ დღეს ბერნაბეუ ბარსელონას ფეხბურთელს ტაშს უკრავდა.


ბრაზილია – გერმანია 1:7 (მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი, 2014)

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრებზე მეტად პირადად მიროსლავ კლოზეს და მის ორ გოლს ვგულშემატკივრობდი. იმიტომ კი არა რომ რონალდოს რამეს ვერჩი, პირიქით, ყველაზე მაგარი ფორვარდი მგონია ვინც ოდესმე ბურთს შეხებია. არა, უბრალოდ კლოზესნაირი ტიპები მიყვარს. ჩუმი, მშრომელი, უპრეტენზიო კაცები, რომლებიც გამოდიან მოედანზე, თავის საქმეს აკეთებენ და ისევ ჩუმად გადიან. ჩემთვის ეგ თამაში ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი სწორედაც რომ კლოზეს გოლის გამო არის.

(606)

5 დაუვიწყარი მატჩი: თორნიკე ჯანგველაძე

სტატიის ავტორი
-