რას წერდა პრესა? დინამო 2:1 კარლ ცაისი

დინამო თბილისი” საბჭოთა კავშირის პერიოდში ევროპის ტოპ გუნდებს შორის მოიაზრებოდა. ამიტომაც საინტერესოა თუ რას წერდნენ დინამოელებზე ადგილობრივი და საერთაშორისო პრესა, რას ამბობდნენ ცნობილი ადამიანები.

საარქივო მასალებზე დაყრდნობით Live.ge გთავაზობთ რუბრიკას “რას წერდა პრესა?”. აქ თქვენ ნახავთ დინამოელთა ცნობილი თუ უცნობი, წარმატებული თუ წარუმატებელი მატჩების შეფასებას

 

თასების მფლობელთა თასის ფინალი

დინამო 2:1 კარლ ცაისი

დიუსელდორფი “რაინშტადიონი”. 13 მაისი, 1981 წელი

გოლები: დარასელია, გუცაევი. ჰოპე

 

“ზარია ვოსტოკა”

“მატჩის ისედაც დიდი დაძაბულობა თანდათან იზრდება, იგრძნობა, რომ მხარეები გაურბიან შეცდომებს, თავდაცვაში ფრთხილად მოქმედებენ, რადგან ესმით რომ ნებისმიერი უზუსტობა შეიძლება საბედისწერო გამოდგეს”

“პრავდა”

” “დინამოს” მწვრთნელებმა ნ. ახალკაცის მეთაურობით ბრწყინვალედ მოამზადეს გუნდი ფინალური მატჩისთვის. საბჭოთა ფეხბურთელებმა, რომლებსაც მაღალი ფიზიკური მომზადება აქვთ, გაიბრწყინეს დახვეწილი ტექნიკით, რამაც მათ საშუალება მისცა გამკლავებოდნენ მეტოქეთა ყველაზე ფხიზელ, მჭიდრო მეურვეობას, აჩვენეს მარჯვე ტაქტიკა და რაც მთავარია შემტევი, კომბინაციური ფეხბურთის ერთგულება, რომელმაც, შეიძლება დარწმუნებით ითქვას ყველა მაყურებელს სიამოვნება მიანიჭა. ამ თამაშისთვის ყველა საბჭოთა ფეხბურთელმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ მინდორზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისია დავით ყიფიანმა შეასრულა, რომელსაც ხელთ ეპყრა თავდასხმის ყველა ძაფი, მწვავედ უტევდა დარასელია, ზუსტად მოქმედებდა დაცვა.”

“სოვეტსკი სპორტი”

“დიახ, ამ გამარჯვებას ჩვენ ზუსტად 6 წელი ველოდით, ვიმედოვნებდით, რომ მოიძებნებოდა ჩვენში კლუბი, ფეხბურთელები და მწვრთნელები, რომლებსაც არ ეშინიათ არც სახელგანთქმული პროფესიონალებისა, არც ტურნირის უხერხული ვადებისა. სწორედ ასეთ გუნდად იქცნენ თბილისელები. დინამოელებმა საქმით დაამტკიცეს, რომ თასების თასზე კიეველ თანაკლუბელთა წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა და სეზონისთვის უნარიანი მომზადების პირობებში ჩვენ ძალა შეგვწევს ზამთარშიც და ადრე გაზაფხულზეც არამარტო თანაბარი შეჯიბრი გავუმართოთ პროფესიონალური ფეხბურთის რჩეულებს, არამედ დავამარცხოთ კიდეც მათი საუკეთესო წარმომადგენლები. ფინალისაკენ მიმავალ გზაზე თბილისელებმა მოუგეს ინგლისისა და ჰოლანდიის ძლიერ კლუბებს. და აი, დაისვა უკანასკნელი, შესამჩნევი წერტილი. დაისვა იგი დაძაბულ ბრძოლაში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ძლიერ ფეხბურთელებთან მეტოქეობაში”

“ფუსბოლ-ვოხე”

“ძირითადი დროის გასვლამდე 3 წუთით ადრე დარასელიამ, შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ გადაწყვიტა ევროპის თასების მფლობელთა თასის XXI გათამაშების ფინალური მატჩის ბედი”

“კიკერი”

“რაც ვერ გააკეთა კომბინაციურმა თამაშმა, შესაძლო გახდა ინდივიდუალური მოქმედებების წყალობით. სწორედ დარასელიას ინდივიდუალური თამაშის წყალობით, საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე, როდესაც როგორც მაყურებლები, ასევე მოთამაშეები დამატებითი დროისთვის განეწყვნენ, დინამოელებმა შეძლეს თასის მოგება.”

“ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგ”

“”კარლ ცეისის” მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელები დაახასიათა როგორც “გამორჩეული ინდივიდუალური თამაშითა და ტექნიკით” თბილისელთა ზოგიერთი მოთამაშე მატჩის ბოლომდე გატაცებით იბრძოდა, ის რაც ბურთით შეუძლიათ გააკეთონ დარასელიამ, ჩივაძემ და ყიფიანმა საპატიო იქნებოდა ბუნდესლიგის ნებისმიერი მოთამაშითვის. იენამ საბოლოო ჯამში მხოლოდ სოლიდური  ჩქაროსნული თვისებების დემონსტრირება შეძლო. ”

 

“საარბრუკენ ცაიტუნგი”

” საბჭოთა ფეხბურთელების გამარჯვების ფესვები, უწინარეს ყოვლისა, მათ ტექნიკურ უპირატესობაში დევს”

video

(3492)

რას წერდა პრესა? დინამო 2:1 კარლ ცაისი

სტატიის ავტორი
-