Belive

5 დაუვიწყარი მატჩი: გიორგი პავლიაშვილი

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მაშინ, როცა მსოფლიო აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას მოწყვეტილია, გულშემატკივარს ძველი სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მეტი დროც აქვს და არც სხვა გზა გააჩნია. ჩვენს რუბრიკაში, ვცდილობთ ის მატჩები გაგახსენოთ, რომლებმაც ფეხბურთის ქომაგს ამაღელვებელი ემოციები დაუტოვა. ამჯერად, თავისთვის ხუთ დაუვიწყარ მატჩს სპორტული კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი გაიხსენებს.

დინამო თბილისი - ვისლა 2:1 (უეფას თასის საკვალიფიკაციო პლეი-ოფი, 2004 წელი)

2004 წელს არცისე დიდი ვიყავი, თუმცა ამ შეხვედრას ეროვნულ სტადიონზე ვესწრებოდი და აქტიურად ვგულშემატკივრობდი ჩვენს გუნდს. "დინამოელებს" კრაკოვში 4:3 ჰქონდათ წაგებული, ხოლო თბილისში გიორგი ნემსაძისა და მიხეილ კაკალაძის გოლების წყალობით 2:1 დავამარცხეთ მეტოქე. მაშინ პირველად და  სამწუხაროდ ჯერჯერობით უკანასკნელად, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის წარმომადგენელი გუნდი, უეფას ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, რაც ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. თანაც მანამდე "ბატესა" და პრაღის "სლავიას" მოვუგეთ, ხოლო "ვისლა" საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო, რომელმაც რამდენიმე კვირით ადრე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ჩემპიონ "ვიტ ჯორჯიას" თბილისში 8:2 მოუგო, შესაბამისად მათი ბარიერის გავლა წარმოუდგენელად მიგვაჩნდა.

საქართველო - რუსეთი 1:0 (ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, 2004 წელი)

ეროვნული ნაკრების ნებისმიერი მატჩი ჩემთვის დაუვიწყარია, მითუმეტეს თუ შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით სრულდება. მალხაზ ასათიანის გოლმა მთელს საქართველოს უდიდესი სიხარული მიანიჭა.

მილანი - ბარსელონა 3:3 (2000/01 სეზონის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი)

2000/01 სეზონის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეს შეხვედრა სამუდამოდ დაილექა ჩემს მეხსიერებაში. ერთ-ერთი პირველი საკლუბო დაპირისპირება, რომელიც მახსოვს. რივალდოს საოცარი თამაში, ჰეთ-თრიკი და 3:3. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული ვგულშემატკივრობდი პერსონალურად რივალდოს და მასთან ერთად "ბარსელონას".

პერუჯა - იუვენტუსი 1:0

კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც ბავშვობიდან განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. 2000 წელს სერია ა-ს ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში წყდებოდა, პერუჯაში საშინელი ამინდი და ძლიერი წვიმა იყო, რის გამოც კოლინამ თამაში შეწყვიტა. საბოლოოდ, ნახევრად წყალბურთში, მასპინძლებმა ვარსკვლავური იუვენტუსი დაამარცხეს, პარალელურად სახლში "ლაციომ" "რეჯინას" მოუგო, იუვეს 1 ქულით გაასწრო და ჩემპიონი გახდა. ზოგადად, იმ პერიოდში სერია ა უძლიერესი ტურნირი იყო.

არგენტინა - სერბეთი & მონტენეგრო 6:0

ვფიქრობ, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე არგენტინას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდა და ბევრად შორს წასვლაც შეეძლო. გამორჩეული იყო შეხვედრა სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებთან. ამ მატჩში გავიდა გოლი, რომელიც თვით ფეხბურთია.

სხვა სტატიები