Belive

ლევან ნონიკაშვილი: "საბურთალოში მეგობრულად დამხვდნენ, ეს ამბიციური კლუბია დიდი მიზნებით"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ეროვნული ლიგის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი პირველი ცვლილება ლევან ნონიკაშვილის საჩხერის "ჩიხურადან" "საბურთალოში" გადაბარგება გახლდათ. 25 წლის ფეხბურთელმა, იმერული კლუბის დატოვების, ახალი გუნდისა და გამოწვევების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. გილოცავ ახალ კლუბში გადასვლას და წარმატებას გისურვებ. რატომ გადაწყვიტე "საბურთალოში" გადაბარგება და როგორია პირველი ემოციები? მადლობა მოლოცვისთვის. "ჩიხურაში" თავს კარგად ვგრძნობდი და კარგი გარემო იყო, თუმცა ბოლოს ხელფასები დაგვაკლეს, ჩემი კონტრაქტიც ამოიწურა და შემქნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტე, კლუბი დამეტოვებინა. "საბურთალო" დღესდღეობით ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და აქ თამაში სასიხარულოა. ამ გუნდზე ბევრი დადებითი მსმენია და ეს თავიდანვე კარგად გამოჩნდა, რადგან აქ ძალიან თბილი და მეგობრული დახვედრა მომიწყევს. ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში მოხვდი. როგორია გუნდის მიზნები ახალ სეზონში? "საბურთალო" ამბიციური კლუბია. ქვეყნის შიგნით ყველა ტიტული უკვე მოგებული აქვს და ბოლო წლებში ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად იქცა. რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაფერია და შევეცდები, რომ გუნდთან ერთად, როგორც შიდა, ისე ევროსარბიელზე რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიო. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გვყავს, განსაკუთრებით "დინამო თბილისი", ბათუმის "დინამო" და "ლოკომოტივი", თუმცა "საბურთალო" ჩემპიონობისთვის მაქსიმუმს გააკეთებს.
კარანტინის გამო, დიდი დროის გატარება სახლში მოგიწია. როგორია შენი ფიზიკური ფორმა? სახლის პირობებში მაქსიმალურად ვვარჯიშობდი. გვქონდა სპეციალური, ინდივიდუალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვემზადებოდით და უფრო მეტ დატვირთვას ფიზიკურ მომზადებაზე ვაკეთებდით. ახლა მეტი აქცენტი იმ კომპონენტების განვითარებას დავუთმე, რომლისთვისაც სეზონის მიმდინარეობისას, ჩვეულებრივ, დრო არ გვაქვს ხოლმე. ამიტომ, ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ, უკვე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და სპორტულ ფორმასაც ნელ-ნელა აღვიდგენ. "საბურთალომდე" და "ჩიხურამდე" იყო "დილა", სადაც ბავშვობიდან თამაშობდი. როგორი მოგონებები გაკავშირებს ამ გუნდთან?  ცხადია, "დილას" ჩემს კარიერაში დიდი ადგილი უკავია. გორში ჩემი ბავშვობა, ცხოვრებისა და კარიერის დიდი ნაწილი გავატარე ახალგაზრდულ ნაკრებებში სწორედ "დილაში" თამაშის დროს მიძახებდნენ და ყველაფერ ამის გამო, "დილასთან" ემოციური მოგონებები მაკავშირებს. თუმცა, ფეხბურთელის კარიერაში დგება მომენტი, როცა ცვლილება აუცილებელია და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, გორის "დილას" წარმატებას ვუსურვებ.
ჩემპიონატი ოთხის ნაცვლად ორ წრედ ჩატარდება. რამდენად მოგწონს ასეთი ფორმატი? ვფიქრობ, ჩემპიონატის ორ წრედ ჩატარება საკმაოდ კარგი და მისაღები ვარიანტია. ფეხბურთელებს ამდენხნიანი პაუზის შემდეგ ერთბაშად ბევრი მატჩის ჩატარება მოუწევდათ, გარდა ჩემპიონატისა, თასის და ევროტურნირების შეხვედრებიც გასათვალისწინებელია და საერთო ჯამში გუნდები ძალიან გადაიტვირთებოდნენ. ამ ეტაპზე, შერჩეული ფორმატი სწორი და მისასალმებელია.

სხვა სტატიები