Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "უფეხბურთოდ დიდხანს ვერ გავჩერდები, ჩემთვის დაღლა უმუშევრობაა"

3 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
"საბურთალო" ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული საფეხბურთო კლუბია, რაშიც უდიდესი წვლილი გია ჭიაბრიშვილს მიუძღვის. 40 წლის მწვრთნელმა თბილისური კლუბი 2019 წლის დეკემბერში, "ლოკომოტივთან" მოგებული ქვეყნის თასის შემდეგ დატოვა. Live.ge-ს ინტერვიუში, ჭიაბრიშვილს "საბურთალოში" გატარებულ პერიოდზე, გამორჩეულ მომენტებზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ. პირველ რიგში მოგიკითხავთ. როგორ ართმევთ თავს რთულ პერიოდს? დიდი დროის სახლში გატარება მოგიწიათ, რაც აქტიური წესით მცხოვრები ადამიანისთვის ალბათ უფრო რთულია. მადლობა მოკითხვისთვის. ჯანმრთელად ვარ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რეკომენდაციები გავითვალისწინო და ვირუსს თავი ავარიდო. პრინციპში, სახლში კარანტინის პერიოდშიც კი არ გავჩერებულვარ. უმეტესად ველოსიპედით დავდივარ, ვმოძრაობ და ვცდილობ ფორმაში ვიყო. ოჯახი კი გამოკეტილი მყავდა სახლში და ვცდილობდი დაცულად ყოფილიყვნენ. ახალი წევრიც გვყავს - ლეკვი მოვიყვანეთ, რომელიც უფეხბურთობის პერიოდში განსაკუთრებულად გვართობდა და დროს გვატარებინებდა. უფეხბურთობა ყველასთვის რთულია, თქვენთვის კი უფრო მეტად, რადგან ამ საქმეს წლების განმავლობაში ემსახურებით. ამჟამად როგორია თქვენი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე? საერთოდ, მწვრთნელისთვის ბუნებრივი მომენტია, როცა უმუშევარი რჩება. რა თქმა უნდა, ეს ზოგადად არაა სასიამოვნო, მაგრამ ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმედ გადასატანი იმიტომ უფრო აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შეჩერებული იყო და ფაქტობრივად, სრულად უფეხბურთოდ ვიყავი. თუმცა, ბელარუსის ჩემპიონატის ყველა ტურს ვუყურებდი და თითქმის არცერთი მატჩი გამომიტოვებია. განსაკუთრებით ქართველების თამაშს ვადევნებდი თვალს - ჩემი გუნდის ყოფილი ფეხბურთელები დიასამიძე, როლოვიჩი და შინდაგორიძე ბელარუსში თამაშობენ. სამწუხაროდ ლაშამ ტრავმა მიიღო, მაგრამ იმედი მაქვს ფორმაში მალე ჩადგება. ნელ-ნელა ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიც ბრუნდება და ფეხბურთის დეფიციტი აღარ გვაქვს.
როდის უნდა ველოდოთ ფეხბურთში თქვენს დაბრუნებას, ხომ არ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა? ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ თქვენით ბათუმის "დინამო" ინტერესდებოდა. სიმართლეა? გულწრფელად გეტყვით, რომ მას მერე, რაც "საბურთალო" დავტოვე, არავინ შემხმიანებია და არც ვინმესთან ოფიციალური მოლაპარაკებები მიწარმოებია. რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", ჩემი აზრით, ამ კლუბს გია გეგუჩაძის სახით, დღეს საქართველოში საუკეთესო მწვრთნელი ხელმძღვანელობს და თუ ვინმეს არ აქვს მწვრთნელის პრობლემა, ეს სწორედ აჭარული გუნდია. ასე რომ, ბათუმზე გავრცელებული ჭორები სინამდვილეს არ შეესაბამება. რთულია იმის განსაზღვრა, თუ როდის შევძლებ საფეხბურთო ცხოვრებაში აქტიურად დაბრუნებას, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ დიდხანს უფეხბურთოდ ვერ გავჩერდები. ხშირად ვამბობ, რომ ჩემთვის დაღლა უმუშევრობაა. "საბურთალოში" 5 წელიწადზე მეტი გაატარეთ და საკმაოდ წარმატებულადაც. ყველა ემოციის გახსენება რთულია, მაგრამ მთლიანობაში, როგორ გაგონდებათ თბილისურ კლუბთან ერთად განვლილი პერიოდი? "საბურთალოს" წარმატება მხოლოდ ჩემი დამსახურება არ ყოფილა. ამისთვის ძალიან ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში შრომობდა. ჩვენ ბავშვთა საფეხბურთო სკოლიდან დავიწყეთ და საბოლოოდ შევქმენით გუნდი, რომელიც საქართველოში ყველა ტიტულის მომგები გახდა. მიხარია და მეამაყება, რომ ამ ოჯახის ნაწილი ვარ, რადგან, მართალია "საბურთალოში" აღარ ვმუშაობ, მაგრამ ის ყოველთვის ჩემს გუნდად დარჩება. შესაძლოა, სხვა გუნდებში ვიმუშავო, მაგრამ "საბურთალოს" მიმართ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება უცვლელი იქნება. ეს არის გუნდი, რომელშიც მრავალი წელი გავატარე. გუნდი, რომელიც ჩემი ახლო მეგობრების, ძმაკაცების შემქნილი და ჩამოყალიბებულია. ასე ვთქვათ, ახალგაზრდული, უტრადიციო კლუბი, რომელმაც ბევრს მიაღწია და მიხარია, რომ ამ დიდი რაღაცების შექმნაში ჩემი პატარა წვლილი მეც შევიტანე.
გუნდმა ევროსარბიელზე გამოსვლა სენსაციური გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ კი ფეხი იქ დაუცდა, სადაც გულშემატკივარი ამას ნაკლებად ელოდა. თქვენი გადმოსახედიდან, რა იყო "არარატ-არმენიასთან" წაგების მთავარი მიზეზი? ევროტურნირებზე პირველ სეზონს ვატარებდით და ცხადია გამოუცდელობის ფაქტორი მოქმედებდა. ბევრი ფეხბურთელი საერთოდ პირველად გამოდიოდა საერთაშორისო სარბიელზე. თუმცა, დიდი წვლილი საკმარისი მოსამზადებელი დროის არქონამაც ითამაშა. აი მაგალითად, "შერიფთან" შეხვედრამდე, რომელშიც დამაჯერებლად ვიმარჯვეთ, მოსამზადებლად 10 დღე გვქონდა და შესაბამისი შედეგიც ვაჩვენეთ, აი "არარატთან" დაპირისპირებისას კი ჩემპიონთა ლიგიდან გადმორთვის შემდეგ, საკმარისად ვერ მოვემზადეთ. ხშირად, როცა გულშემატკივარი ამ შეხვედრას იხსენებს, შეურაცხმყოფელად საუბრობს და ის არავის აგონდება, თუ როგორი საკადრო მდგომარეობით შევხვდით მატჩს. აღარ გვყავდა ლაშა შინდაგორიძე, ტრავმირებული იყო ვაგნერ გონსალვეში, ამ ორივე ფეხბურთელზე ჩვენი შეტევის ფლანგები იყო დამოკიდებული, ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევდნენ. უნდა გავიხსენო ისიც, რომ ევროტურნირებზე ყველა კარგად ჩატარებული მატჩი სტუმრად გავმართეთ - ტირასპოლში და ერევანში. როცა საერთაშორისო დონეზე პირველად თამაშობ და შენს სანახავად ათასობით გულშემატკივარი მოდის, ფსიქოლოგიურ წნეხში ხარ, ემოციური დატვირთვა უფრო იზრდება. ქომაგების ემოცია, მაყურებლის რაოდენობა, ჟურნალისტების ყურადღება, ეს ყველაფერი გუნდისთვის ემოციურად მძიმე გადასატანია და თავისი როლი ამანაც ითამაშა. მთლიანობაში ვთვლი, რომ პირველი წლის კვალობაზე, "საბურთალომ" კარგი შედეგი აჩვენა, დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. ეროვნულ ჩემპიონატში ამ ეტაპზე აღარ მუშაობთ და ნეიტრალური პოზიციიდან როგორ შეაფასებთ, "საბურთალოს" გარდა, რომელი კლუბები არიან ტიტულის მოგების მთავარი ფავორიტები? რა თქმა უნდა, როცა ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტებზე ვსაუბრობთ პირველ რიგში "დინამო თბილისი" და მისი ტრადიციები უნდა გაგვახსენდეს. ცხადია, უნდა ვახსენო, ბათუმის "დინამო", რომელსაც შესანიშნავი გუნდი და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. აჭარულ კლუბში სელექციის მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს და აქ მომავლის დიდი გუნდის შესაქმნელად ფუნდამენტური სამუშაოები წარმოებს. სეზონის სტარტზე, მათ მიერ ნაჩვენები კარგი თამაშისა და შედეგის მიხედვით, ფავორიტებს შორის "ლოკომოტივის" მოხსენიებაც დამსახურებული იქნება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის წარმატება, რომელსაც გუნდმა წინა სეზონში მიაღწია და რა ფეხბურთსაც აჩვენებდა, უმეტესწილად ლევან კორღალიძის მძიმე შრომის დამსახურება იყო. მას სამომავლო კარიერაში წარმატებას ვუსურვებ.
პანდემიის ხანგრძლივობის გამო, ჩემპიონატში ტურების რაოდენობა განახევრდა. თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია ასეთი ფორმატი ფეხბურთელების და მთლიანად გუნდებისთვის? არსებულ მდგომარეობაში ჩემპიონატის ორ წრედ ჩატარება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს ოპტიმალური ფორმატია, რომელსაც ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მეც მხარს დავუჭერდი. დღევანდელი მდგომარეობით, თასისა და ევროთასების მატჩების დამატებით 4-წრიანი კალენდრის შემთხვევაში, გუნდები ფიზიკურად ძალიან დაიტვირთებოდნენ, ამიტომ 2 წრე იდეალური გამოსავალია. ახალგაზრდულ ფეხბურთში მუშაობის გამოცდილებაც გაქვთ, აქედან გამომდინარე, თქვენი აზრით, როგორი თაობა მოდის?  ზოგადად, არ მიყვარს კონკრეტული სახელების გამორჩევა და ამჯერადაც თავს შევიკავებ, თუმცა მთლიანობაში ვიტყვი, რომ შესანიშნავი თაობა მოდის. ქართველ ბავშვებს აქვთ ფეხბურთის გენეტიკური კოდი, ისეთი, როგორიც ბევრ ქვეყანაში ნამდვილად არ არის. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომელსაც ღვთისგან ნაჩუქარი ნიჭი აქვს, უბრალოდ არსებობს განვითარების პრობლემა და ბევრი მიზეზის გამო, მათ არ ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების და დახვეწის შესაძლებლობა. ოჯახს უნდა ჰქონდეს ფეხბურთელის აღზრდის შესაძლებლობა და ბავშვებს საკუთარ სურვილზე უარის თქმა ფინანსური პრობლემების გამო არ უნდა უხდებოდეთ. ეს მთლიანად სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ვთვლი, რომ კარგი თაობა გვყავს, რომელსაც ასეთივე გარემო სჭირდება.
ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ. როგორია ჩვენი შანსები ერთა ლიგის პლეი-ოფში და რამდენად იქნება ბელარუსების უპირატესობა, შეუწყვეტელი ჩემპიონატი? როცა საქმე პლეი-ოფამდე მიდის და როცა ყველაფერს ერთი, ფინალის რანგის მატჩი წყვეტს, შანსები თანაბრდება. ამ შემთხვევაში, გარკვეული უპირატესობა ორივე მხარეს აქვს. თუ ბელარუსი ფეხბურთელები უფრო მობილურები, ფიზიკურად მომზადებულები არიან და ჩემპიონატის გაგრძელების გამო მეტი სათამაშო დროც აქვთ, ჩვენ ზურგს საშინაო კედლები და სათამაშო კლასი გვიმაგრებს. მთავარია ორი ფაქტორი: ტრავმები თავიდან ავიცილოთ, რადგან, რომელიმე ფეხბურთელის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს და მეორე, მატჩი უმაყურებლოდ არ ჩატარდეს. თუ ასე არ მოხდება, მჯერა, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

სხვა სტატიები