Belive

გიორგი გაბედავა: "უცხოურ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, დინამოში თამაში ყველა ქართველისთვის პატივია"

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზაფხულში პირველი ტრანსფერი განახორციელა. "დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის 2 სეზონის წინანდელი საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი გაბედავა დაიმატა. 30 წლის თავდამსხმელმა მიღებული გადაწყვეტილების და სამომავლო გეგმების შესახებ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა. "საბურთალოს" დატოვების შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება გქონდა. რატომ "დინამო თბილისი"? Უცხოეთიდან საკმაოდ რეალური შეთავაზება მქონდა მიღებული. ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო. კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას ვაპირებდი, თუმცა შემდეგ "დინამოდან" დამიკავშირდნენ და უცხოურ ვარიანტზე უარი ვთქვი. კარგად მოგეხსენებათ თუ რამხელა პატივია თითოეული ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში თამაში. კონკრეტულად რა შემოთავაზება იყო? ყველაზე რეალურ ვარიანტს ყაზახეთში მთავაზობდნენ. ასევე, ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან დამიკავშირდნენ, მაგრამ იქ დეტალები დასაზუსტებელი იყო. "დინამოში" გადმოსვლაში ის ფაქტიც ითამაშებდა თავის როლს, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში უნდა გამოვიდეს. დიახ, ასეა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემი აზრით, ამ გუნდს ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ ევროსარბიელზე წარმატებას მიწღწიოს.
"დინამოს" შეტევის ხაზში დიდი კონოკურენციაა. როგორც ჩანს, ეს არ გაშინებს... რა თქმა უნდა, სადაც ვიყავი ყველა გუნდში ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდით და მეორეხარისხოვანი ფეხბურთელი არ ვყოფილვარ. ამჯერადაც ამ განწყობით ვარ. ცხადია, "დინამოში" დიდი კონკურენციაა, მაგრამ ეს ბუნებრივია და ვინც უკეთეს ფორმაში იქნება, ის ითამაშებს. კახა ჩხეტიანთან მუშაობის გამოცდილება უკვე გაქვს. როგორი მწვრთნელია ის შენი გადმოსახედიდან? კახას პირველად მაშინ შევხვდი, როცა "სამტრედიაში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. ის ძალიან დადებითი და თბილი პიროვნებაა და მასთან გატარებული პერიოდიც კარგად მახსენდება. რაც შეეხება მის პროფესიონალურ მხარეს, ქუთაისის "ტორპედოში" წარმატებული მუშაობით მან დაამტკიცა, თუ რა დონეზე შეუძლია გუნდის მომზადება, ტიტულების მოგება და როგორ სათამაშო სტილს ანიჭებს უპირატესობას. ის ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.
"დინამომდე" იყო მეორე თბილისური ჩემპიონი - "საბურთალო". როგორ გახსენდება იქ გატარებული დრო? Ფეხბურთელი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. ვფიქრობ, ჩემი "საბურთალოში" თამაში ცუდი ნამდვილად არ ყოფილა, იქიდან გამომდინარე, რომ მოვიგეთ ქვეყნის თასი და სუპერთასი. გოლებიც გავიტანე, მაგრამ მოხდა ერთი კონკრეტული რამ, რაც ყველაზე უარყოფითად მახსენდება. ვგულისხმობ, ევროპის ლიგაზე, "არარატ-არმენიასთან" წაგებულ დაპირისპირებას. შეგვეძლო, რომ ევროსარბიელზე უფრო წარმატებულად გამოვსულიყავით. ეს მარცხი ძალიან მტკივნეული იყო და ალბათ ცხოვრებაში ვერ დავივიწყებ. კონკრეტულად რა იყო ამ მარცხის გამომწვევი მიზეზები? Გამოუცდელობის პრობლემა ზოგადად ევროტურნირების დროს ხშირად იჩენს ხოლმე თავს, რადგან ქართულ კლუბებს საერთაშორისო დონეზე მატჩების ჩატარება იშვიათად გვიწევს. თუმცა, ვფიქრობ, რომ "არარატი" არ მიეკუთვნება იმ კატეგორიის გუნდებს, რომლის დამარცხებაც ჩვენთვის შეუძლებელი იყო. ის, რომ შინ 0:2 წავაგეთ და "არარატმა" გათამაშებიდან გამოგვთიშა, არანაირ საფეხბურთო კანონზომიერებას არ ექვემდებარება. გარკვეულწილად ეს უიღბლობის ბრალიც იყო.   გაზაფხული, პანდემიის გამო, აქტიური სპორტის გარეშე გავატარეთ. როგორ მოახერხე ამ პერიოდში ფორმის შენარჩუნება? Ზოგადად, გუნდური სპორტის წარმომადგენლისთვის ინდივიდუალურად ვარჯიში ძალიან რთულია. მითუმეტეს ფეხბურთელისთვის - როცა არ გაქვს ბურთთან შეხება და გუნდთან ვერ კონტაქტობ, სასურველ კონდიციებზე საუბარი ძნელია. რამდენადაც შესაძლებელი იყო, რეკომენდაციების გათვალისწინებით, შევინარჩუნე ფორმა. Თანაც, კარანტინის დასრულების შემდეგ "საბურთალოსთან" ერთად გუნდურად ვვარჯიშობდი და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ისეთი ფიზიკური მონაცემები მაქვს, რომ ჩემპიონატში აქტიურად ჩართვა შევძლო. ამჟამადაც ინდივიდუალურად კარანტინში ხარ. როდის უნდა ველოდოთ შენს მოედანზე დაბრუნებას? Სავარაუდოდ შემდეგი ტურიდან. დიდი ალბათობით, "საბურთალოსთან" ვერ ვითამაშებ, თუმცა "ლოკომოტივთან" მატჩისთვის მოედანზე გასვლა შემეძლება. ჩემპიონატის ფორმატი განახევრდა. რამდენად მისაღებია შენთვის 2 წრე? ეს გადაწყვეტილება ჩემზე კომპეტენტურმა პირებმა მიიღეს. მოცემულ სიტუაციაში, ეს საუკეთესო გამოსავალია. გასაგებია, რომ ცოტა თამაშია, თან გარკვეული პრობლემები ახლავს: ზაფხული, სიცხე, მაგრამ ამ მდგომარეობაში სხვა შანსი ფიზიკურად არ იყო. ევროტურნირების და თასის მატჩებიც რომ დაემატება, კალენდარი ძალიან გადაიტვირთება. ყველაფრის გათვალისწინებით, ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მიღებული.
2018 წელს საუკეთესო ბომბარდირი გახდი. უნდა ველოდოთ იგივეს ახალ სეზონშიც? რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ ინდივიდუალურ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ პრიორიტეტი არის გუნდი. ამიტომაც, ვეცდები, რომ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მოვიქცე და ჩემი მაქსიმუმი გავიღო იმისთვის, რომ "დინამო თბილისმა" შიდა და ევრისარბიელზე წარმატებას მიაღწიოს. მოტივაცია ძალიან დიდი მაქვს, სხვანაირად ამ კლუბში ვერც მოხვდები.

სხვა სტატიები