Belive

ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ქართულ ფეხბურთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სამთვიანი პაუზა დასრულდა. ეროვნული ლიგა მესამე ტურის შეხვედრებით დაგვიბრუნდა და საკმაოდ საინტერესო შეხვედრებიც შედგა. ტურის ცენტრალური დაპირისპირება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე შედგა: ბოლო 2 სეზონის ჩემპიონის მონაწილეობით გამართულ თბილისურ დერბიში "დინამო თბილისმა" 3:0 იმარჯვა. "საბურთალოსთან" მატჩში აქტიური იყო ირაკლი ბუღრიძე, ვინც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, გამორჩეული იყო ბრაზილიელი ლეგიონერი ვიტორ პერნამბუკოც, რომელმაც დებიუტი შთამბეჭდავი თამაშით აღნიშნა. შეტევაში კარგად მოქმედებდა "ლურჯ-თეთრებში" დაბრუნებული გიორგი კუციაც, რომელმაც პანდემიის შემდეგ ჩემპიონატში პირველი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. არ უნდა დავივიწყოთ გიორგი პაპავაც, ვინც თავის პოზიციაზე სტაბილურად კარგად გამოიყურება.
ისევ წაუგებლები არიან ელიგის დებიუტანტი "თელავი" და "მერანი", რომლებმაც ქულა კვლავაც ფავორიტებს აართვეს. კახურმა და თბილისურმა გუნდებმა შესაბამისად, ბათუმის "დინამოსთან" და "ლოკომოტივთან" ფრე 1:1 ითამაშეს. თელაველებმა რომ აჭარიდან ქულა წამოიღეს, ამაში უდიდესი წვლილი ანტონ თოლორდავას მიუძღვის, რომელმაც ბოლო წლებში, ეროვნულ ლიგაში მცველებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. დამაჯერებელი იყო რევაზ თევდორაძეც - "მერანის" მეკარემ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან რამდენჯერმე იხსნა.
3 ქულა გუნდებმა ვერც გორსა და ქუთაისში დაისაკუთრეს. "დილამ" ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ "სამტრედიას" საშინაო კედლებში ფრე - 1:1 ითამაშა, ხოლო ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე", "ტორპედომ" და "ჩიხურამ" სეზონის პირველი ქულები მოიპოვეს - 2:2.
მესამე ტურის შედეგები: "საბურთალო" - "დინამო" 0:3 ბათუმის "დინამო" - "თელავი" 1:1 "ლოკომოტივი" - "მერანი" 1:1 "დილა" - "სამტრედია" 1:1 "ტორპედო" - ჩიხურა 2:2 სატურნირო ცხრილი: 
ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი ყველაზე კარგად წარმოაჩინეს: მეკარე: რევაზ თევდორაძე ("მერანი") მცველები: სამუელ ინკუმი ("სამტრედია"), ანტონ თოლორდავა ("თელავი"), გურამ გიორბელიძე ("დილა"). ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ვიტორ პერნამბუკო, გიორგი კუცია (1 გოლი), ირაკლი ბუღრიძე (1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა) (ყველა "დინამო თბილისი"). თავდამსხმელები: იაგო დეისაძე, (1 გოლი "მერანი"), გიორგი ივანიშვილი (2 საგოლე გადაცემა), გიორგი ფანცულაია (2 გოლი) (ორივე ქუთაისის "ტორპედო").

სხვა სტატიები