Belive

დებიუტანტმა პირველი მატჩი მოიგო - თელავმა შთამბეჭდავად დაიწყო და ლიდერებში გაერია

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგა გრძელდება. მეოთხე ტურის ბოლოსწინა მატჩი კახეთის ცენტრში გაიმართა. თელავში, "კავკასიონი არენაზე", "თელავმა" "სამტრედიას" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ეროვნულ ლიგაში აღზევებული ორი გუნდი შეხვედრას განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდა. მასპინძლებმა სამ ტურში სამი ფრე ითამაშეს, თუმცა ქულები აღიარებულ ლიდერებს, თბილისის და ბათუმის "დინამოს" და ასევე გორის "დილას" დააკარგვინეს. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ თითო მოგება, წაგება და ფრე და შესაბამისად 4 ქულა ჰქონდათ. კახური გუნდი რომ დებიუტანტის სტატუსის მიუხედავად ეროვნულ ლიგაში დანებებას არავისთვის აპირებს და მაღალ მიზნებს ისახავს, ეს საწყისი წუთებიდანვე გამოჩნდა. რევაზ გოცირიძის გუნდმა მატჩი მწყობრი, გამართული ფეხბურთით დაიწყო და უკვე მეოთხე წუთზე ანგარიშიც გახსნა. კუთხურიდან რაფაელ ჩუკვურას ჩაწოდებული ბურთი ზუსტი და ძლიერი დარტყმით მეტოქის კარში გუნდის ცენტრალურმა მცველმა ილია ბერიაშვილმა გადაგზავნა. მატჩი მაღალ ტემპში წარიმართა, რასაც ხელს აკრძალვების და რეგულაციების მიუხედავად, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მრავალრიცხვოვანი ქომაგიც უწყობდა.
გაშვებული გოლის შემდეგ, იმერლებმა კონცენტრაცია მოიკრიბეს და უმალვე განხორციელებულ შეტევაში პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს - საკუთარ საჯარიმოში ხელით ანტონ თოლორდავამ ითამაშა. მეცხრე წუთზე, 11-მეტრიანი ზუსტად ნიჯატ ყურბანოვმა შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. აზერბაიჯანელი თავდამსხმელის გოლიდან 9 წუთში, "თელავს" წინ გასვლის შანსი ისევ მიეცა, ირაკლი კვირიკაშვილმა წესების დარღვევა ამჯერად სტუმართა საჯარიმოში დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე სეფიაშვილმა კუთხე გამოიცნო, ირაკლი რუხაძის დარტყმულმა მიზანს მაინც მიაღწია - 2:1. მას მერე, რაც კახელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, პირველი ტაიმის ბოლომდე გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს მიეცა, მათ შორის გამორჩეული კი 43-ე წუთზე, ნიჯატ ყურბანოვის შესანიშნავი აკრობატული ნახტომი გახლდათ - ლეგიონერს მაკრატელა დარტყმით დუბლის გაფორმებაში ხელი ხარიხამ შეუშალა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში, სტუმრებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდეს და მალე "სამტრედიას" კარი კიდევ ერთხელ აიღეს. ეს ამჯერადაც სტანდარტული სიტუაციიდან მოხდა. ცოტნე მოსიაშვილის ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთს თორნიკე ძოწენიძე თავით შეწვდა და უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. კახა კაჭარავას შეგირდებმა თამაშის გადარჩენა სცადეს და რამდენიმეწუთიან მონაკვეთში ბურთიანად უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ საჯარიმოში მაღალ ჩაწოდებებს შედეგი არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, მწვავე იყო თელაველთა კონტრშეტევები, რასაც რამდენჯერმე სტანდარტული სიტუაცია და მეტოქის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. მიუხედავად ორივე გუნდის რამდენიმე მცდელობისა, მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა - 3:1. ამრიგად, "თელავმა" ეროვნულ ლიგაში პირველი 3 ქულა მოიპოვა, ჯამში 6 დააგროვა და მეოთხე ადგილამდე ამაღლდა. რაც შეეხებათ იმერლებს, მათ უკვე მეორე შეხვედრა დათმეს და 4 ქულით ჯერჯერობით მეექვსე პოზიცია უკავიათ. შემდეგ ტურში, კახელები "საბურთალოს" ესტუმრებიან, ხოლო "სამტრედია" "ჩიხურას" მიიღებს. მატჩები შესაბამისად 10 და 9 ივლისს გაიმართება.
"თელავი": გოშაძე (ყვითელი ბარათი, 84) - ძოწენიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი (გოლი, 4) - ჩაბრაძე, მიხეილ ბაშალეიშვილი, მოსიაშვილი (საგოლე პასი, 54 ყვითელი ბარათი, 55/ვარშანიძე, 58), ჩუკვურა (საგოლე პასი, 4) - სამუშია (კვასოვი, 72), რუხაძე (ნიკოლოზ ბაშალეიშვილი, 86) (გოლი, 21), კოხრეიძე. მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე. "სამტრედია": სეფიაშვილი - ინკუმი, კილასონია, სამბუ, ახალაძე (ფერეირა, 85) - იმნაძე, მესიაჩენკო, დისი, კვირკვია (ყვითელი ბარათი, 35/ლუკავა, 63) - ქოჩლაძე (ილურიძე, 46), ყურბანოვი (გოლი, 9). მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა. მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.

სხვა სტატიები