Belive

ჭიაბრიშვილმა მარცხით დაიწყო - ბათუმის დინამომ სეზონში პირველად იმარჯვა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
გიორგი ჭიაბრიშვილის ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი წარუმატებელი გამოვიდა. 40 წლის მწვრთნელმა თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად პირველი შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა და ბათუმის "დინამოსთან" 1:3 დამარცხდა. ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩის დაწყებამდე, თბილისური კლუბის ცენტრალურ მცველ ნიკა ჭანტურიას სიმბოლური საჩუქარი გადასცეს - მას ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 150 შეხვედრა დაუგროვდა.
რაც შეეხება უშუალოდ  სათამაშო პერიპეტიებს, შეხვედრა მასპინძელთა მცირეხნიანი უპირატესობით დაიწყო, თუმცა საწყისი 10 წუთის შემდეგ, ბათუმელები გააქტიურდნენ და შედეგიანადაც. მე-15 წუთზე, ლევან გეგეჭკორმა ცენტრში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რის მერეც ჯოვინო ფლამარიონი მეკარის წინ აღმოჩნდა, გიორგი მამარდაშვილს აჯობა და სეზონში მეორე გოლი გაიტანა. 10 წუთში ბრაზილიელმა ლეგიონერმა დუბლის გაფორმებაც შეძლო, ამჯერად ჯოვინოს ბურთი მეტოქის მეკარის შეცდომის შემდეგ მიუვიდა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ლუკა შეროზიას ბოლო არასტაბილურად ჩატარებული ტურების შემდეგ მოხვდა. მესამედ ბათუმელებმა თბილისელთა კარი 34-ე წუთზე აიღეს, როცა ჯარიმიდან გიული მანჯაგალძის ჩაწოდებულ ბურთზე ზუსტად მალხაზ გაგოშიძემ ითამაშა - აჭარელთა ცენტრალური მცველის მეშვეობით სტუმრებმა ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით დაასრულეს. თბილისელებმა ერთი ბურთი 59-ე წუთზე გაქვითეს, ეს ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული ხანგრძლივი პუაზიდან ახალდაბრუნებულმა მამია გავაშელიშვილმა შეძლო, ვინც ალავიძის მოგერიებულ ბურთს დაამატა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი 88-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა დასვა, რომელმაც გაფრინდაშვილის ზუსტი გადაცემით ისარგებლა და სეზონში მესამედ შეაგდო - 1:4. ეს შავიზღვისპირული კლუბისთვის, რომელმაც სეზონი 4 ფრით დაიწყო, პირველი გამარჯვება იყო. შედეგად, ბათუმელებმა 7 ქულა დააგროვეს და ამ მომენტისთვის ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება "ლოკომოტივს", მათ ამდენივე ქულა აქვთ და ჯერჯერობით მესამე პოზიციაზე რჩებიან. შემდეგ ტურში "რკინიგზელები" "საბურთალოს", ხოლო ბათუმელები "ტორპედოს" შინ დაუპირისპირდებიან. "ლოკომოტივი": მამარდაშვილი - კაპანაძე, ჭანტურია, გურეშიძე, გაბაძე - სამურკასოვი, შონია დარცმელია, კობახიძე (დათო კირკიტაძე, 51) - სიხარულიძე, არველაძე (გავაშელიშვილი, 53). მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი. "დინამო": ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ტეიდი - ჯიღაური, ფლამარიონი (დვალიშვილი, 85), მანჯაგალაძე - ნიქაბაძე (გაფრინდაშილი, 68). მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე. გოლი: 0:1, 0:2 ჯოვინო ფლამარიონი (15, 25), 0:3 მალხაზ გაგოშიძე (34), 1:3 მამია გავაშელიშვილი (59), 1:4 ჯაბა ჯიღაური (88). გაფრთხილება: ლევან გეგეჭკორი (17), თეიმურაზ შონია (30), ბენჟამინ ტეიდი (42). ფოტო: FC LOCOMOTIVE

სხვა სტატიები