Belive

9 მოთხოვნა, რომელსაც მესი ბარსელონას დარჩენის სანაცვლოდ უყენებდა

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

გავლენიანი ევროპული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ, ლეო მესიმ კატალონიური გრანდის მესვეურებს 9 განსაკუთრებული მოთხოვნა წაუყენა.

2021 წლის ზაფხულში, პლანეტის გამორჩეული ფეხბურთელის გარშემო მოვლენები საკრარული სცენარით განვითარდა. მესიმ "ბარსელონა" დატოვა, არგენტინელი სუპერვარსკვლავი დაემშვიდობა კლუბს, რომელშიც განსაკუთრებული ეპოქა შექმნა და რომლის რიგებშიც პრაქტიკულად ყველა შესაძლო ტიტულის მოპოვება შეძლო.

2021 წელს, მესი "პარი სენ-ჟერმენს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა, უკანასკნელი ცნობების თანახმად, ოქროს ბურთის 7-გზის ტრიუმფატორი კატალონიური გრანდის დატოვებასათან 2020 წელსაც ძალიან ახლოს იყო.

იმ დროისათვის კატალონიელები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ იმისათვის, რომ მესის კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა - კონტრაქტი, რომელიც 1 წლის შემდეგ ამოიწურა და არგენტინელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა ლა ლიგის გრანდს. El Mundo და რამდენიმე გავლენიანი წყარო ირწმუნება, რომ ამის მიზეზი გახდა ის, რომ "ბარსელონას" მესის პირობების დაკმაყოფილება არ შეეძლო.



ლეო მესიმ კატალონიელებს კლუბში დარჩენის სანაცვლოდ 9 მოთხოვნა წაუყენა. წყაროს მტკიცებით, ფინანსურ კრიზისში მყოფ "ბლაუგრანას" ამ მოთხოვნების დიდი ნაწილის დაკმაყოფილება არ შეეძლო.

1) კონტრაქტის 3-წლით გახანგრძლივება: იმ დროისათვის მესი 33 წლის იყო და იდეალურ სათამაშო ფორმაში იმყოფებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე კონტრაქტის 3 წლით გახანგრძლივების მოთხოვნა, უსამართლოდ ვერ შეფასდება.

2) პირადი ლოჟა მისი და ლუის სუარესის ოჯახის წევრებისთვის: შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა მიიჩნიოს, რომ უსამართლო მოთხოვნაა, მაგრამ, იმ კალიბრის ვარსკვლავისათვის, როგორიცაა მესი ამ მოთხოვნის შესრულება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. ასევე გავითვალისწინოთ ღვაწლი, რომელიც მესის კატალონიური გრანდის წინაშე მიუძღვის და თუკი ვინმეს "კამპ ნოუზე" პირადი ლოჟა ეკუთვნის - ეს ნამდვილად მესია.

3) €10 მილიონიანი ბონუსი კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ: ეს ერთ-ერთი პირველი პუნქტია, რომლის დაკმაყოფილებაც ფინანსურ კრიზისში მყოფ "ბარსელონას" არ შეეძლო.

4) გამოსასყიდი თანხის ანულირება: "ბარსელონამ" მესის გამოსასყიდ თანხად €700 მილიონი დაასახელა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა აღნიშნული თანხის €10,000-მდე შემცირება მოითხოვა. ეს ყველაფერი მესის მისცემდა შესაძლებლობას ნებისმიერ კლუბში პრაქტიკულად უფასოდ გადასულიყო - "ბარსელონამ" აღნიშნული პუნტქი მომენტალურად დაბლოკა.

5) ხელფასის მინიმალური შემცირება: კოვიდ 19-ით გამოწვეული სირთულეების გამო, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ხელფასის შემცირებაზე ერთსულოვნად განაცხადეს თანხმობა. მესის მისი ხელფასის შემცირება მხოლოდ და მხოლოდ 3%-ით სურდა.


Lionel-Messi-Leave-Barcelona

6) პირადი თვითმფრინავი შობის დღესასწაულზე: მესი ითხოვდა, რომ შობის დღესასწაულზე მისი და მისი ოჯახის წევრების არგენტინაში ჩასვლა და დაბრუნება პირადი თვითმფრინავით განხორციელებულიყო.

7) საშემოსავლო გადასახადები: ესპანეთის ხელისუფლება საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული პროცენტის გაზრდას გეგმავდა. მესიმ კლუბს წაუყენა მოთხოვნა, რომ გაზრდის შემთხვევაში გაზრდილიყო მისი ანაზღაურებაც და დაკისრებული პროცენტი მის ნაცვლად კლუბს გადაეხადა.

8) პირადი ასისტენტის ხელშეუხებლობა: კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზის გამო, მესის პირად ასისტენტს - პეპე კოსტას, სამსახურის დაკარგვის საფრთხე შეექმნა. მესი ითხოვდა, რომ "ბლაუგრანას" მისი პირადი ასისტენტი კლუბიდან არ გაეშვა.

9) საკომისიო მისი ძმისთვის: ყველაფერთან ერთად, მესიმ მოითხოვა, რომ კლუბში დარჩენის შემთხვევაში, მის ძმას საკომისიო ბონუსი მიეღო. იმ დროისათვის, როდრიგო ანსუ ფატის ინტერესებსაც იცავდა, ამიტომ კლუბი ამ მოთხოვნის შესრულებას დათანხმდა.

სხვა სტატიები