Belive

ზედიზედ მეოთხე წაგება - 21-წლამდელები საფრანგეთთან დამარცხდნენ 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საფრანგეთის ახალგაზრდულ ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმრების კოლოსალური უპირატესობით დაიწყო და საწყის 15 წუთში ჩვენები მეტოქის ნახევარზე მხოლოდ ერთხელ გადავიდნენ. შეხვედრის პირველ ნახევარი საათში მეტოქემ რამდენიმე რეალური შანსი შექმნა და ორჯერ ბურთი ძელსაც კი გაარტყა. ამას ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები შორეული დარტყმებით პასუხობდნენ: სამურკასოვის და არდაზიშვილის დარტყმები არაზუსტი გამოდგა, იური ტაბატაძემ კი ბურთი ძელს გაარტყა. საბოლოოდ, ფრანგებმა მიზანს პირველ ტაიმში მაინც მიაღწიეს და 37-ე წუთზე, თავისი შანსი სტანდარტული სიტუაციიდან გამოიყენეს. "არსენალის" ჩამშლელის მატეო გენდუზის ჩაწოდების და ჩვენს საჯარიმოში არეულობის შემდეგ ბურთი ილია ბერიაშვილს შეეხო და საქართველოს ნაკრების კარში აღმოჩნდა. მეორე ნახევარში ქართველმა ფეხბურთელებმა თამაში ოდნავ გააუმჯობესეს, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში მეტოქის უძლიერესი ფიზიკური მომზადების დაძლევა ვერ შეძლეს. მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა და ბოლო წუთებში შეტევაში აქტიურობისა, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა ხეირი ვერ ნახეს და დამატებით დროში თავად გაუშვეს. ლუკა გუგეშაშვილმა თავის საჯარიმოში მეტოქის შემტევი წააქცია, რასაც ოდსონ ედუარდის ზუსტად შესრულებული პენალტი მოჰყვა - 0:2. ამ მარცხის შემდეგ, საქართველოს 6 ქულა აქვს და ჯერჯერობით მესამე ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრაში კი ჩვენი გუნდი ლიხტენშტეინს 8 სექტემბერს, სტუმრად დაუპირისპირდება. საქართველო: გუგეშაშვილი - ტაბატაძე, ბერიაშვილი (ქაფიანიძე, 76), ასათიანი, ანდრონიკაშვილი - სამურკასოვი (კ) (მექვაბიშვილი, 62) - დარცმელია, კუცია (კუხიანიძე, 87), სპანდერაშვილი (ბუღრიძე, 76), აზაროვი - არდაზიშვილი (გულიაშვილი, 62). საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კუნდე, კამარა, მაუასა (ბარდი, 79) - რეინ-ადელაიდი (დინა, 27), გენდუზი, კაქერე - დიაბი (მბეუმო, 72), გუირი (ედუარდი, 72), ნორდინი (სუმარე, 72). გოლი: 0:1 ილია ბერიაშვილი (ავტოგოლი, 37), ოდსონ ედუარდი (90+2). გაფრთხილება: იური ტაბატაძე (22), ლუკა გუგეშაშვილი (90+2). ფოტო: სფფ.