Belive

პირველი 3 ქულა: საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონიც გამარჯვებით დაიწყო 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ისევე, როგორც ზუსტად 2 წლის წინ, დღესაც ეროვნული გუნდი სტუმრად თამაშობდა და საინტერესოა, რომ ზუსტად ისეთივე სათამაშო ფორმით წარსდგა, როგორიც 2 წლის წინ  მოირგო. მაშინ ჩვენი მეტოქე D დივიზიონში ყაზახეთის ნაკრები იყო, ის მატჩი გიორგი ჩაკვეტაძის ბენეფისად იქცა და "ჯვაროსნებმა" - 2:0 მოიგეს - "გენტის" ქართველი შემტევი ნაკრებს თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ, სწორედ დღევანდელ შეხვედრაში დაუბრუნდა. ამჯერად, ჩვენმა გუნდმა გამოსვლა ერთი საფეხურით მაღლა, C ლიგაში დაიწყო და მეტოქედ ესტონეთის ნაკრები ჰყავდა. ტალინში, "ა. ლე ქოკ არენაზე" გამართული მატჩის პირველ წუთებშივე ქართველებმა უპირატესობა მოიპოვეს, ბურთზე კონტროლი დააწესეს და სახიფათო ეპიზოდების შექმნა დაიწყეს. პირველი რეალური მომენტი გიორგი ჩაკვეტაძემ შექმნა, თუმცა მისი გადაცემით თორნიკე ოქრიაშვილმა ვერ ისარგებლა. რამდენიმე შანსი მიეცა ნიკა კაჭარავასაც, თუმცა მისი მცდელობები თავდაპირველად არაზუსტი აღმოჩნდა, საბოლოოდ კი მიზანს 32-ე წუთზე უწია, როცა პირველი ნახევრის ყველაზე აქტიური ხვიჩა კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ზუსტად და ტექნიკურად შეწვდა - 0:1. "ანორთოსისის" ფორვარდმა ნაკრებში სამწლიანი პაუზის შემდეგ, მეორე გოლი გაიტანა. საპირისპიროდ, მეტოქეს რეალური ეპიზოდი არ ჰქონია, თუმცა რამდენჯერმე შანსი სტანდარტული სიტუაციებისას მიეცა. შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრები შედარებით გააქტიურდნენ და როგორც მათი მთავარი მწვრთნელი კარელ ვოოლაიდი გვპირდებოდა, სტანდარტულ სიტუაციებზე გვანერვიულეს, თუმცა ამას რეალური შედეგი არ მოჰყოლია და გიორგი ლორია თამაშში მხოლოდ 3-ჯერ ჩაერთო, ყველა ჯერზე ნაკრების მთავარმა მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. რაც შეეხება შეტევას, აქ ყველაზე აქტიურები ხვიჩა კვარაცხელია და ცვლილებაზე შემოსული საბა ლობჟანიძე იყვნენ, ამ უკანასკნელს გატანის ორი რეალური შანსი მიეცა, თუმცა ხელი ჯერ ძელმა შეუშალა, შემდეგ კი სიზუსტე დააკლდა. ბოლო წუთებში მეტოქემ მცირე შტურმის მოწყობა სცადა, თუმცა ქართველთა დაცვამ ესტონეთის ნაკრებს ამის შესაძლებლობა არ მისცა და მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა. ამ მოგებით ეროვნულმა გუნდმა ჯგუფში პირველი 3 ქულა აიღო და გალიდერდა. შემდეგი შეხვედრა უკვე საშინაოა - 8 სექტემბერს, "დინამო არენაზე", მაკედონიასთან. საქართველო: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვირკველია, დავით ხოჭოლავა, ჯაბა ჯიღაური - ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა - გიორგი ჩაკვეტაძე (გიორგი ქვილითაია, 78), თორნიკე ოქრიაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია (გიორგი აბურჯანია, 90+2) - ნიკა კაჭარავა (საბა ლობჟანიძე, 68). გოლი: ნიკა კაჭარავა (32). გაფრთხილება: ნიკა კაჭარავა (52).

სხვა სტატიები