Belive

ვლადიმირ დიმიტროვსკი: "ეს ტაქტიკური ბრძოლა იქნება, რომელი გუნდიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, გამარჯვებულიც ის გახდება"

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ვლადიმირ დიმიტროვსკი ​საქართველოს ჩემპიონატის ერთადერთი მაკედონიელი ლეგიონერია. 31 წლის ცენტრალური მცველი 2020 წლის იანვრის შემდეგ, "თელავის" მაისურს ირგებს და კახური გუნდის შემადგენლობაში უკვე 8 მატჩის ჩატარება მოასწრო. დიმიტროვსკის კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორიც "რაბოტნიჩკი", "ვარდარი", "მლადა ბოლესლავი", "ყარაბახი", "ტეპლიცე", "კერკირა" და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებია. ეროვნული ლიგის მაკედონიელმა ლეგიონერმა მის სამშობლოსა და საქართველოს ნაკრებს შორის უკვე გამართული ორი შეხვედრის და 12 ნოემბერს გასამართი ისტორიული მატჩის შესახებ, Live.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. პირველ რიგში, უკვე ჩატარებული ორი შეხვედრის შეფასებით დავიწყოთ. რომელმა ნაკრებმა დატოვა უკეთესი შთაბეჭდილება? ვფიქრობ, ორივე მატჩი თანაბარი გამოვიდა. მიმაჩნია, რომ გუნდები თანაბარ დონეზე არიან. როგორც პირველ, ისე მეორე შეხვედრაში, ორივე მეტოქეს უფრო მეტი გოლის გასატანად კარგი შანსები ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მეტოქეს უფრო გამოკვეთილი უპირატესობა ჰქონდა და გამორჩეულად კარგ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა დასამახსოვრებელი ეპიზოდები ნამდვილად იყო, მაგალითად: კვარაცხელიას გოლი სკოპიეში და მაკედონიის გოლი თბილისში - რისტოვსკის და პანდევის შესანიშნავი შესრულება.
No description available.
მაკედონიას ორივე შემთხვევაში ფეხბურთელი გაუძევეს. შენი აზრით, რა შედეგით დასრულდებოდა მატჩები, თუ ანგელოვსკის გუნდი სრულ შემადგენლობას შეინარჩუნებდა? დიახ, მაკედონიას ორივე მატჩში ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ ვერ ვიტყვი რა მოხდებოდა წინააღმდეგ შემთხვევაში. თუ გუნდი მოედანზე სრული შემადგენლობით იქნებოდა, შესაძლოა მაკედონიას უკეთ ეთამაშა, მაგრამ ფეხბურთში გარანტირებულად არასდროს არაფერი იცი. საკამათო იყო საქართველოს ნაკრების კარში დანიშნული პენალტის ეპიზოდიც. როგორ ფიქრობ, იყო წესების დარღვევა? რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, თავდაპირველად მეგონა, რომ სუფთა 11-მეტრიანი იყო, მაგრამ ვიდეოს ხელმეორედ ნახვის შემდეგ, ეჭვი შემეპარა... სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, რომ თამაშის წესის დარღვევა დაფიქსირდა, მაგრამ მაკედონია იღბლიანი აღმოჩნდა, რომ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. საქართველოს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე, რა მდგომარეობაა ამ მხრივ მაკედონიაში? მაკედონიას საქართველოს მსგავსად ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის, ელიფ ელმასი და ენის ბარდი, ჩვენთან ბევრი ტალანტი იზრდება, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჩვენმა U21 ნაკრებმა 3 წლის წინ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
No description available.
წარსულში გორან პანდევთან ერთად გითამაშია, რას იტყვი მასზე, როგორც უმაღლესი დონის ფეხბურთელზე?  ის არის ჩვენი საუკეთესო მოთამაშე, ის ნამდვილი ლიდერია, ის არის მაღალი კლასის ფეხბურთელი, რადგან 37 წლის ასაკშიც კი სერია A- ში თამაშობს. საქართველოში თითქმის ყველა ფინალურ მატჩს ელოდება. როგორი განწყობაა ამ მხრივ მაკედონიაში?  ორივე ქვეყანაში განწყობა და მოლოდინი ძალიან მაღალია. ორივე ქვეყნის მოსახლეობა ამ ისტორიულ მატჩს ელოდება. საქართველოსა და მაკედონიას ევროპის ჩემპიონატზე არასდროს უთამაშიათ, ასე რომ, ეს ორივე ნაკრებისთვის მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ პირველი შანსია. დაბოლოს, როგორია შენი პროგნოზი ფინალური შეხვედრის წინ?  რა თქმა უნდა, გუნება-განწყობილება მაღალ დონეზეა და ძალიან სამწუხაროა, თუ ეს თამაში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. ორივე ნაკრებს ჯანმრთელობას და კარგ სათამაშო ფორმას ვუსურვებ. ვფიქრობ, რომ ეს თამაში უფრო მეტად ტაქტიკურად კარგ მომზადებაზე იქნება დამოკიდებული და ვინც უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის გუნდი გახდება გამარჯვებული. შანსები 50/50-ზეა. მე, როგორც მაკედონიელი, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ შემდეგ ეტაპზე მაკედონია გავიდეს.

სხვა სტატიები