Belive

გადადებული თბილისური დერბი დინამომ მოიგო - საბურთალოს ზედიზედ მეორე მარცხი

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გადადებული შეხვედრა 23 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გაიმართა. "დინამო" და "საბურთალო" ერთმანეთს თავდაპირველად, 4 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრების ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრის დროს, მოედნის საფრის კარგ მდგომარეობაში ყოფნის გამო, თბილისური დერბი გადაიდო. საინტერესოა, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონატში თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, რაც გუნდის ევროსარბიელზე გამოსვლით, შემდეგ კი ორი მატჩის გადადებით იყო გამოწვეული. "ლურჯ-თეთრები" თანაქალაქელებთან მატჩს 22 ქულით, ხუთმატჩიანი წაუგებელი სერიით და მესამე სატურნირო პოზიციით შეხვდნენ, რაც შეეხება "საბურთალოს" ქვეყნის ექს-ჩემპიონს 2 ქულით ნაკლები ჰქონდა და ერთი საფეხურით დაბლა იმყოფებოდა. "დინამოს" 11 შეხვედრაში 19 გოლი ჰქონდა გატანილი და 5 მიღებული, "საბურთალოს" გატანილ/გაშვებული ბურთების ბალანსი კი ასე გამოიყურებოდა - 19:10. ბოლო მატჩები შიდა ჩემპიონატში გუნდებმა განსხვავებული შედეგით დაასრულეს - ჩისკოს გაწვრთნილმა გუნდმა უშუალო კონკურენტ "დინამო ბათუმს" სტუმრად - 3:1 სძლია, ხოლო ლევან კორღალიძის შეგირდები შინ, სწორედ აჭარლებთან - 0:1 დამარცხდნენ. რაც შეეხება გუნდების ურთიერთშეხვედრებს, თბილისური კლუბები ამ მატჩამდე ერთმანეთს ისტორიაში სულ 17-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 9-ჯერ "დინამომ" იმარჯვა, 5 გამარჯვება "საბურთალოს" მხარესაა, 3-ჯერ კი გუნდები ფრეს დასჯერდნენ. რაც შეეხება უშუალოდ მატჩის მსვლელობას, პირველი ნახევარი მასპინძელთა სრული დომინაციით წარიმართა. ის, რომ 45 წუთის ამოწურვის შემდეგ, ტაბლოზე - 3:0 ეწერა, უმეტესწილად ნოდარ ქავთარაძის დამსახურება გახლდათ. "დინამოელთა" შემტევმა ნახევარმცველმა ჯერ მე-12 წუთზე ტავის მიერ მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა, 9 წუთში, დამუშავებული კომბინაციის შემდეგ საგოლე გადაცემა გიორგი პაპავას გაუკეთა, ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი პერნამბუკოს გადაცემას შესანიშნავი დარტყმით უპასუხა. პირველი ნახევრის ჩამთავრება მასპინძლებს კაცნაკლულებს მოუწიათ, თანაც გიორგი კიკაჩეიშვილმა გუნდის კაპიტანი გიორგი პაპავა გააძევა - "დინამოს" მე-15 ნომერმა ლევან კაკუბავასთან უხეში ორთაბრძოლის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. თავისი შანსები სტუმრებსაც მიეცათ, ყველაზე მეტად კამერუნელი ლეგიონერი ოლივიე ბუმალი და სანდრო ალთუნაშვილი აქტიურობდნენ, თუმცა მათ მცდელობებს სიზუსტე დააკლდა. მეორე ნახევარში "საბურთალო" უფრო გააქტიურდა, რაშიც მათ რიცხვობრივი უპირატესობა ეხმარებოდათ. ეს შედეგში 71-ე წუთზე აისახა, როცა ოლივიე ბუმალმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, ის კი გოლად გაგი მარგველშვილმა აქცია - 3:1. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩს 7 წუთი დაამატა, უკანასკნელზე კი "საბურთალოს" კიდევ ერთი ბურთის გაქვითვის საშუალება მიეცა, თუმცა ამჯერად გაგი მარგველაშვილის მიერ 11-მეტრიანიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. აღნიშნულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "დინამოს" ბოლო წამების ჩამთავრება 9 ფეხბურთელით მოუწია. ამ გამარჯვებით "დინამომ" 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე აღზევდა. შემდეგ ტურში, 28 ნოემბერს, თბილისელები ქართულ დერბიში, ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებენ. რაც შეეხება "საბურთალოს" მათ უშუალო კონკურენტებთან ზედიზედ ორი შეხვედრა წააგეს და 20 ქულით ჯერჯერობით მეოთხე ადგილზე რჩებიან. კორღალიძის გუნდი შემდეგ მატჩს "თელავთან" სტუმრად გამართავს. "დინამო თბილისი": კვასხვაძე - იაშვილი (ტრუბოჩკინი, 73), მონხილი, ბენიო, კობოური - პერნამბუკო (ორშულა, 81), ქარდავა, პაპავა, ქიმაძე - ქავთარაძე, კუხიანიძე (მექვაბიშვილი, 60). (4-4-2). მთავარი მწვრთნელი: ჩისკო. "საბურთალო": კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, გრიგალაშვილი (ნაზარე, 83) - ტერა, ცნობილაძე (გოჩოლეიშვილი, 46) - ბუმალი, ალთუნაშვილი, გულიაშვილი - ქავთარაძე (მაჭარაშვილი, 59). (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე. გაფრთხილება: გიორგი პაპავა (2,41), ნიკოლოზ მალი (12), დაჩი ცნობილაძე (13), გიორგი ქიმაძე (45+1), ვიქტორ მონხილი (71), ჟარდელ ნაზარე (87). გოლი: 1:0 ნოდარ ქავთარაძე (12), 2:0 გიორგი პაპავა (21), 3:0 ნოდარ ქავთარაძე (40), 3:1 გაგი მარგველაშვილი (71). მსაჯი: გიორგი კიკაჩეიშვილი.

სხვა სტატიები