Belive

აიაქსი Vs. რეალი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "აიაქსი" საკუთარ "ამსტერდამ არენაზე" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს.  მატჩი "აიაქსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულიც. ბოლო 13 წლის განმავლობაში გუნდი მერვედფინალში პირველად გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამელები მეორე ადგილზე გავიდნენ. ისინი მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნს" ჩამორჩნენ. "აიაქსმა" ჯგუფში 3 მატჩი მოიგო, ხოლო 3 ფრედ დაასრულა. გაიტანა 11, ხოლო გაუშვა 5 ბურთი. ჰოლანიის "ერედივიზიონში" ამსტერდამელები მეორე პოზიციას მყარად იკავებენ. გუნდს 50 ქულა აქვს და 6-ით ჩამორჩება პირველზე მყოფ "პსვ"-ს. ბოლო პერიოდში "აიაქსმა" ქულები დაკარგა. ბოლო 5 თამაშში მათ 2 მოგება, 2 წაგება და 1 ფრე აქვთ. "უტრეხტსა" და "ვენლოს" 1:3 და 6:0 მოუგეს. ფრედ, 4:4 ითამაშეს "ჰერენვენთან", ხოლო 6:2 განადგურდნენ "ფეინორდთან" და მინიმალური ანგარიშით, 1:0 წააგეს "ჰერაკლესთან". დღევანდელ დაპირისპირებაში მასპინძლებს მცირე დანაკლისი აქვთ. საეჭვოა ფრენკ დე იონგის, ტალიაფიკოსა და მაგალანის თამაში. გუნდს ვერ დაეხმარება ბანდე. რაც შეეხება მადრიდის "რეალს", "სამეფო კლუბმა" სეზონის არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ თამაში საგრძნობლად გამოასწორა. მადრიდელები ესპანეთის "ლა ლიგაში" მეორე პოზიციაზე აღზევდნენ და ლიდერ "ბარსელონასთან" სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს. ბოლო 5 თამაშიდან "რეალმა" ყველა მოიგო. გაიტანა 14, ხოლო გაუშვა 4 ბურთი. ბოლო ტურში პრინციპულ დაპირისპირებაში სტუმრად "ატლეტიკო" 1:3 დაამარცხა. მანამდე 3:0 მოუგო "ალავესს". 2:4 სძლია "ესპანიოლს". 2:0 მოუგო "სევილიას", ხოლო ანდალუსიური კიდევ ერთი კლუბი, "ბეტისი" 1:2 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდელებს პირველი ადგილის დაკავება არ გასჭირვებიათ. გუნდმა 4 მატჩი მოიგო, ხოლო 2 წააგო. გაიტანა 12, ხოლო გაუშვა 5 ბურთი. აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრა მადრიდელებმა მოსკოვის "ცსკა"-სთან წააგეს. "რეალს" მცირე დანაკლისი აქვს. ტრავმირებულები არიან ისკო და ლორენზე, ხოლო ვალეხოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ურთიერთშეხვედრებში "რეალი" "აიაქსთან" უპირატესობას ფლობს. ევროტურნირებზე ერთმანეთში გუნდებმა 12-ჯერ ითამაშეს. 7 "რეალის" გამარჯვებით დასრულდა, 4 "აიაქსის", ხოლო ერთ მატჩში ფრე დაფიქსირდა. ბურთების შეფარდებაც შესაბამისია. 24:10-თან "ბლანკოსის" სასარგებლოდ. ბოლოს "აიაქსი" და "რეალი" ერთმანეთს 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მაშინ მადრიდელებმა მეტოქე სტუმრადაც და შინაც ერთნაირი ანგარიშით, 4:1 გაანადგურეს. "აიაქსისა" და "რეალის" დაპირისპირება 23 საათსა და 59 წუთზე დაიწყება.

სხვა სტატიები