Belive

აიაქსი Vs. ტოტენჰემი (პრევიუ)

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "აიაქსი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს. ამ მატჩში მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. გუნდის, რომელიც ფინალში "ლივერპულს" შეხვდება. პირველი მატჩი ლონდონში, "ტოტენჰემ ჰოტსპურ სთეიდიუმზე" ამსტერდამელთა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. ამ შედეგიდან გამომდინარე, "აიაქსი" მცირე უპირატესობას ფლობს.

დანაკლისი

დღევანდელ დაპირისპირებაში დანაკლისი წინას მსგავსად მხოლოდ "ტოტენჰემს" აქვს. ლონდონელებს ტრავმების გამო ჰარი კეინი, ჰარი ვინკსი და დევინსონ სანჩესი დააკლდება. საეჭვო იყო იან ვერტონგენის თამაშიც, თუმცა ბელგიელი მცველი განაცხადშია და დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაშიც დაიწყებს. გუნდს დაუბრუნდა სონი. კორეელმა ფეხბურთელმა პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. რაც შეეხება "აიაქსს", ამსტერდამელები მეტოქეს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. ერთადერთი, რაც გასარკვევია ნერეშის მცირე დაზიანებაა. მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რატომ გავა ფინალში "აიაქსი"?

როგორც აღვნიშნეთ, "აიაქსმა" პირველი თამაში სტუმრად 0:1 მოიგო და წყვილში უპირატესობას ფლობს. რამდენიმე ფაქტორია, რის გამოც გუნდს ფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს.
  • საკუთარი მოედნის ფაქტორი - "იოჰან კრუიფის არენაზე" "აიაქსი" ლამაზ, შემტევ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს.
  • ახალგაზრდული სულისკვეთება - "აიაქსი" დაკომპლექტებულია ახალგაზრდა ფეხბურთელებით, რომლებმაც მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საოცრად შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. მათ თავდაჯერება მოემატათ და ნებისმიერი კლუბის დამარცხება შეუძლიათ.
  • პირველი შეხვედრის ფაქტორი - როგორც უკვე ვისაუბრეთ, პირველი თამაში გუნდმა სტუმრად მოიგო, რაც უპირატესობას ამსტერდამელებს ანიჭებს.

რატომ გავა ფინალში "ტოტენჰემი"?

ფინალში გასვლის შანსი "ტოტენჰემს" აქვს.
  • მთავარი მწვრთნელის ფაქტორი - მაურისიო პოჩეტინომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ თამაშის მიმდინარეობისას გადაწყობა კარგად შეუძლია.
  • ბრძოლისუნარიანობა - "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ სიტი" გამოთიშა ასპარეზობიდან. სტუმრად საოცარ დაპირისპირებაში გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ჰარი კეინი არც მაშინ არ ჰყავდა.
  • ნაკლები დანაკლისი - გუნდს "აიაქსთან" პირველ შეხვედრაში ძალიან დიდი დანაკლისი ჰქონდა. ჰარი კეინთან, ერიკ ლამელასთან, ჰარი ვინკსთან ერთად გუნდს სერჟ ორიე და სონი არ ჰყავდა. ასევე მატჩის მიმდინარეობისას ვერტონგენი დაიმტვრა. დღეს სონი, ორიე და ვერტონგენი იქნებიან, რაც ლონდონელებს შანსს უზრდის.

გუნდების მიმდინარე მდგომარეობა

"აიაქსი" რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიის თასის მფლობელი გახდა. ფინალში "ტილბურგი" 4:0 გაანადგურა. "ერედივიზიონში" კი გუნდს 80 ქულა აქვს და ბურთების სხვაობით უსწრებს "პსვ"-ს. დარჩენილ 2 ტურში გუნდს ორივე მოსაგები აქვს. "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილზეა. გუნდმა ბოლო მატჩი "ბორნმუთთან" წააგო და ბოლო ტურის წინ სიტუაცია დაიძაბა, თუმცა დიდი ალბათობით მაინც მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ზონაში, რადგან მეხუთეზე მყოფ არსენალს 3 ქულით უსწრებს და ბოლო ტურში წაგების შემთხვევაში 8 ბურთიანი სხვაობით უნდა განადგურდეს. "აიაქსისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ: "ტოტენჰემი" 0:1 "აიაქსი" (ვიდეო)

სხვა სტატიები