Belive

ახალი სიონი - ბოლნისელები დაიქოქნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
2019 წელი ბოლნისის "სიონისთვის" წარუმატებელი გამოდგა. არასტაბილური სათამაშო ფორმის შემდეგ, გუნდი იქამდე მივიდა, რომ პირველი და მეორე ლიგის ოც გუნდს შორის ყველაზე მეტი (70) გოლი გაუშვა და ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდა... ზამთარი ქვემოქართლურ კლუბში დიდი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა. შეიცვალა სამწვრთნელო შტაბი, კლუბს ახალი დირექტორატი ჰყავს და უშუალოდ გუნდშიც ბევრი სიახლეა. მართალია, გუნდიდან წავიდნენ ტატანაშვილი, თარგამაძე, ივანიშვილი, კახაბრიშვილი, გოშაძე და სხვა გამოკვეთილი ფიგურები, თუმცა ბოლნისელებმა შეინარჩუნეს უგულავა, ტვილდიანი, თარხნიშვილი, დაიბრუნეს ზვიად სიხარულიაც, რომელიც წინა სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა ზაფხულიდან "შევარდენში" ირიცხებოდა. "სიონმა", რომელიც ელიგა 2-ის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, ახალი წელი გამარჯვებით დაიწყო. შინ, ბოლნისელებმა "შევარდენს" დაძაბული მატჩი მოუგეს (2:0). "თამაზ სტეფანიაზე"  ანგარიში გოგლიაშვილმა გახსნა, მეორე გოლი კი ყოფილ გუნდს სწორედ სიხარულიამ გაუტანა. "
გამარჯვებით კმაყოფილია გუნდის ახალი თავკაცი დავით ქოქიაშვილი, რომელმაც ნამატჩევს ჩვენთან საუბარში სეზონის გახსნა შეაჯამა.
"კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. მოსამზადებლად მოკლე პერიოდი გვქონდა და მიხარია, რომ ფეხბურთელებმა ეს დრო სეზონის გამარჯვებით დასაწყებად ნაყოფიერად გამოიყენეს. ბუნებრივია, არის შეცდომებიც, რაც ეტაპობრივად, სწორი მუშაობით აღმოიფხვრება. ძირითადად პრობლემა ფიზ-მომზადებაშია, თუ ფიზიკურად ფორმაში არ ხარ, ტაქტიკურ დავალებებსაც თავს ვერ გაართმევ. კარგი შედეგისთვის მადლობა ფეხბურთელებს და გულშემატკივარს, ხარისხი კი მალე გამოსწორდება", - თქვა ქოქიშვილმა Live.ge-სთან საუბრისას.

კლუბში არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე ახალი დირექტორი, ლევან სანიკიძეც გვესაუბრა.
"შევარდენთან" რთული თამაში გამოვიდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, თუმცა შემდეგ ნავსი გავტეხეთ და მეტოქის კარი ავიღეთ, მეორე გოლიც შევაგდეთ და გამარჯვება გავინაღდეთ. გულშემატკივარს გამხნევებისთვის მადლობს ვუხდი. ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ესაა - ბოლნისელი ქომაგის სტადიონზე დაბრუნება. მადლობას მწვრთნელსაც გადავუდხი, ვინც მოკლე პერიოდში ნაყოფიერი სამუშოა გასწია. მიხარია, რომ გუნდში ბევრი ფეხბურთელი დარჩა, ცოტა ხნის წინ მათ შევხვდი და ვუთხარი, რომ სანერვიულო არაფერი აქვთ. სამწუხაროდ ჩვენს ჩემპიონატში ბევრ გუნდს ფინანსური კრიზისი უდგას, ჩვენთან კი ეს პრობლემები გადაჭრილია, სპონსორები მაქსიმალურ მხარდაჭერას გვიცხადებენ. ვაპირებთ კიდევ უფრო გაძლიერებას, სავარაუდოდ 1-2 ფეხბურთელს დავიმატებთ და გულშემატკივარი მალე საგრძნობ წინსვლას იხილავს".

"სიონი" შემდეგ შეხვედრას ქვემოქართლურ დერბიში, მეზობელ "რუსთავთან" ერთად გამართავს. სწორედ "რუსთავია" ის კლუბი, რომელთან ერთადაც, ბოლნისელებმა ეროვნულ ლიგაში იმოგზაურეს.

სხვა სტატიები