საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში ,,ნანტმა” ,,პარი სენ ჟერმენს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა მასპინძელი გუნდის მეკარემ, ალბან ლაფონმა, რომლის თამაში ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, უმაღლესი (10) ქულით შეაფასა, ასეთი რამ კი ისტორიაში მხოლოდ მეთოთხმეტედ მოხდა.
ლაფონმა პარიზელებთან მატჩში 8 დარტყმა მოიგერია, მათ შორის ნეიმარის თერთმეტმეტრიანიც და გახდა მესამე მეკარე (პირველი 1997 წლის შემდეგ), რომელსაც გაზეთმა 10 ქულა დაუწერა.
ფეხბურთელები, რომლებმაც L’Equipe-სგან უმაღლესი შეფასება მიიღეს:
1. ფრანკ სოზე – 21-წლამდელებს შორის 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში სოზემ საბერძნეთთან მოგებულ მატჩში (3:0) დუბლი გაიფორმა.
2. ბრუნო მარტინი – საფრანგეთის ნაკრების მეკარემ იმავე მატჩში კარი მშრალად შეინახა და გაზეთისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
3. ოლეგ სალენკო – რუსმა თავდამსხმელმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნს 5 გოლი გაუტანა.
4. ლარს ვინდფილდი – ორჰუსის დანიელ მეკარეს L’Equipe-მა ათიანი ნანტთან მატჩში დაუწერა.
5. ლეო მესი – 2010 წელს ლეომ არსენალს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პოკერი შეუსრულა.
6. ლეო მესი – 2 წლის შემდეგ, მესიმ ლევერკუზენის კარი 5-ჯერ აიღო.
7. რობერტ ლევანდოვსკი – 2013 წელს პოლონელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალს 4 გოლი გაუტანა.
8. კარლოს ედუარდო – ნახევარცველმა 2014 წელს გენგამთან 7-2 მოგებულ მატჩში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.
9. ნეიმარი – 2018 წელს პარი სენ ჟერმენმა დიჟონს 8:0 მოუგო, ნეიმარმა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
10. დუშან ტადიჩი – რეალთან სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (4:1) ტადიჩმა მეტოქეს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა, მაგრამ სერბის შესანიშნავი თამაში მაინც 10 ქულით შეფასდა.
11. ლუკას მოურა – ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონში ტოტენჰემმა ნახევარფინალური ეტაპი აიაქსთან საოცარი ქამბექით დაძლია, ლონდონელების სამივე გოლი ლუკას მოურას ანგარიშზეა.
12. სერჟ გნაბრი – ბაიერნის შემტევმა 2019 წელს ტოტენჰემის კარი 4-ჯერ აიღო.
13. კილიან მბაპე – 22 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში შესრულებული პირველი პოკერი ფრანგულმა გაზეთმა 10 ქულით დაუფასა.
Le match d’Alban Lafont, noté 10/10 par l’Equipe #FCNPSG 🤩 pic.twitter.com/54r0WQtTPY
— Blasinho 🔰 (@Blasinh0) February 20, 2022