Belive

ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველო კონტრშეტევებზე სახიფათოა, ისინი ბევრს დარბიან"

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
29 მარტს ტირანაში საქართველოს ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ მატჩს ალბანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს, რომელიც 26 მარტს ესპანეთთან გასვლაზე ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 2:1 დამარცხდა. მასპინძელთა ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა ედოარდო >რეიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ამხანაგურ მატჩზე და ნაკრების მომზადებაზე ისაუბრა.
„კარგი მატჩი ჩავატარეთ ესპანეთთან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტია. სამწუხაროდ, გოლი 90-ე წუთზე გავუშვით – ამიტომ ამ კუთხით ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა ბოლო წამამდე მოედანზე კონცენტრაცია შევძლოთ. მაგრამ თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ. ასევე აღსანიშნავია მსაჯის ორი შეცდომა, რომელმაც შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. აღარაფერს ვამბობ გადამწყვეტ გოლზე, რომელიც თამაშგარედან ჩათვალეს. საქართველოსთანაც ისე მსურს ვითამაშოთ, როგორც ესპანეთთან – ნახევარდაცვაში ბევრი ცვლილება იქნება, მაგრამ უნდა შევაფასოთ, ვინ არის კარგ ფორმაში, ვინ გრძნობს თავს უფრო დაღლილად და ვინ უფრო ენერგიულადაა საქართველოს წინააღმდეგ სამი ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარება, ირტო უზუნი, ივან ბალიუ და კეიდი ბარე. საქართველოს არ დაფასება? ამაზე ბიჭებთან ბევრი ვიმსჯელეთ – ეს ანდორასთან მატჩში მოხდა, რომელიც ფრედ 2:2 დავასრულეთ. მეტოქე მაშინ არ დავაფასეთ და დიდი შეცდომაც დავუშვით. მას შემდეგ, შეკრების დაწყებამდე, ყოველთვის ვესაუბრები ბიჭებს და ხაზს ვუსვამ ამ ასპექტს, რომ არც ერთი მეტოქე არ უნდა იყოს დაუფასებელი. სიფხიზლე არ უნდა მოვადუნოთ. ჩემთვის ამხანაგური მატჩები ოფიციალურ მატჩებს ჰგავს და არანაკლებ მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ძალიან კარგ მატჩს იხილავთ. სოკოლ ჩიკალეში და არმანდო ბოია იქნებიან თუ არა საქართველოსთან? ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის, მაგრამ შეტევაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან – რეი მანაი, რომელიც „სპეციაში“ კარგად თამაშობს და ხშირად გააქვს. ფორმაში ჩადგა ჯაკომო ვრიონიც, რომელიც „ტიროლში“ რეგულარულად გამოდის და გოლებიც გაიტანა. ცვლილებები შეიძლება იყოს, შესაძლოა, ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გამოვცადოთ. ეს თავიდანვე ვითხოვე, რომ ორი მძიმე ამხანაგური მატჩი დაენიშნათ – ესპანეთი და საქართველო კი ძალიანაც მაკმაყოფილებს და გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ მნიშვნელოვანი გამოცდილება, გავიზარდოთ და წინსვლა ვაჩვენოთ. ასეთი მეტოქეები იყო მიზანი და ამას მივაღწიეთ. რაც შეეხება საქართველოს, ბოსნია დაამარცხა, ორგანიზებული, ტექნიკური და ძალიან რთული მეტოქეა. თავს კარგად იცავს, ბევრს დარბის და კონტრშეტევებზე საშიშია. ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონცენტრირება, დაცვაში ნაკლები შეცდომების დაშვება და იმ სივრცის გამოყენება, რომელიც შესაძლოა საქართველოს დაცვაში გამოჩნდეს. ბიჭებმა უკვე იციან, როგორ უნდა ითამაშონ. ესპანეთი ერთადერთი გუნდია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ბურთს 50-ჯერ შეეხოს და დაგიმალოს. საქართველო განსხვავდება ესპანეთისგან, მაგრამ სუსტი მეტოქე ნამდვილად არაა. ეს კარგი გუნდია, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ყოველი მომენტი და საგოლე მომენტების რეალიზაცია გავაუმჯობესოთ.“
ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ტირანაში გაიმართება.

სხვა სტატიები