Belive

ამად დიალო - მანჩესტერ იუნაიტედის პირველი შენაძენი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ამად დიალო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია: "ატალანტას" ყოფილმა მოთამაშემ "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. დიალოსთან დაკავშირებით "მანჩესტერმა" იტალიურ მხარესთან შეთანხმებას ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი მუშაობა მიმდინარეობდა. ახლა კი, ბრიტანული მედია იუწყება, რომ ყველაფერი მოგვარებულია, გარდა ერთისა - დიალო ვიზას ელოდება, რომელიც "მანჩესტერში" ჩაფრენისა და ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში თამაშის საშუალებას მისცემს. კოტ-დ'ივუარელი ვინგერის სანაცვლოდ, "ატალანტა" €21 მილიონს მიიღებს, თუმცა კონტრაქტში არაერთი დამატებითი პუნქტია ჩადებული, რომლის შედეგადაც, იტალიელებმა შესაძლოა დამატებით €20 მილიონი მიიღონ.
"მანჩესტერი დიალოს რამდენიმე წელი აკვირდებოდა. მისი შეძენით დაინტერესებული თავად მეც ვიყავი. ჩემი აზრით, დიალო დღეს ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია. მანჩესტერის ისტორიას ბევრი ახალგაზრდა ტალანტი ახსოვს, რომელიც დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებულა - აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ამად დიალომ თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა შეძლოს. ადაპტაციისთვის დიალოს გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა მას ეს არ გაუჭირდება. დიალო გამოირჩევა სისწრაფით, მოედნის ხედვითა და დრიბლინგის ფანტასტიკური უნარით, ეს კი მას გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბებაში დაეხმარება", - განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.

მანჩესტერში ჩასვლის შემდეგ, დიალოს დროებით თვითიზოლაციაში მოუწევს ყოფნა. ის იქნება პირველი ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, მანჩესტერულმა კლუბმა შეიძინა.
ჩემი ოცნება ახდა. ძალიან ამბიციური ვარ და ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერია იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო. მწვრთნელს უკვე ველაპარაკე და ვიცი, რომ საუკეთესო კლუბში მოვხვდი. გპირდებით, რომ ძალიან ბევრს ვიშრომებ და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო", - აღნიშნა დიალომ.
აქვე გეტყვით, რომ ამად დიალო "ატალანტას" აღზრდილი ფეხბურთელია და ძირითად გუნდში მას მხოლოდ 5 მატჩი აქვს ნათამაშები.

სხვა სტატიები