Belive

"ამაზე ბევრი ფიქრი არ მსურს",- ლევანდოვსკი გერდ მიულერის რეკორდზე

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ბუნდესლიგის 26-ე ტურში "შტუტგარტთან" შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა.  ბუნდესლიგის მორიგ ტურში ჰანსი ფლიკის გუნდმა "შტუტგარტს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ "რეკორდმაისტერი" უკვე მე-12 წუთზე კაცნაკლული დარჩა, მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია და 4:0 იმარჯვა.  მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატრა "ბაიერნის" პოლონელმა სუპერვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც პირველ ტაიმში 21-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიქი შეასრულა. "შტუტგარტთან" შესრულებული ჰეთ-თრიქით პოლონელმა ფორვარდმა პირადი რეკორდი გაააუმჯობესა ბუნდესლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 25 ჩატარებულ შეხვედრაში 35 გოლია, რაც აქამდე მის მიერ ნაჩვენებ ყველა შედეგს აღემატება. ლევანდოვსკი ახლოსაა ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდის გაუმჯობესებასთან - საუბარია ბუნდესლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობაზე. ამ მხრივ რეკორდი სწორედ გერდ მიულერს ეკუთვნის, რომელმაც 1971-72 წლების სეზონში 40 გოლის გატანა შეძლო, რაც დღემდე ბუნდესლიგის რეკორდია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში ერთ სეზონში ლევანდოვსკიზე მეტი გოლი მხოლოდ ერთ მოთამაშეს აქვს გატანილი და, რა თქმა უნდა, ეს მოთამაშე ისევ და ისევ გერდ მიულერია, რომელმაც გარდა 1971-72 წლების სეზონისა, როცა 40 გოლი გაიტანა, 1979-70 წლების სეზონში 38 გოლის გატანა შეძლო, ხოლო 1972-73 წლების სეზონში მილუერმა თავი 36-ჯერ გამოიჩინა. თუ გავითვალისწინებთ ლევანდოვსკის სათამაშო ფრომას და იმას, რომ ბუნდესლიგის სეზონის დასრულებამდე კიდევ 8 ტურია დარჩენილი, წესით და რიგით პოლონელს გერდ მიულერის რეკორდის გაუმჯობესებაში წინ ვერაფერი ვერ უნდა დაუდგეს. "შტუტგარტთან" შესრულებული ჰეთ-თრიქით ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-2 ადგილზე გადავიდა, მან კლაუს ფიშერს გადაასწრო, რომელსაც 268 გოლი აქვს გატანილი. პოლონელ ფორვარდზე წინ კი მხოლოდ კვლავ გერდ მიულერია, რომლის ანგარიშზეც 365 გოლია. მატჩის შემდგომ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ მიულერის რეკორდზე ბევრი ფიქრი არ სურს. 
"კონცენტრირებული ვარ თამაშიდან თამაშამდე. რაც შეეხება მიულერის რეკორდს, ამაზე ბევრი ფიქრი არ მსურს. ჩვენ წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე".
ლევადოსვკიმ "შტუტგარტთან" მატჩზე და კლაუს ფიშერის შედეგის გაუმჯობესებაზეც გააკეთა კომენტარი. 
"მიღწეული შედეგით ძალიან ამაყი ვარ. რაც შეეხება "შტუტგარტთან" მატჩს, პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. წითელი ბარათის შემდეგ გამოვიღვიძეთ, ჩვენთვის 10 კაცით გამარჯვება ნამდვილი გამოწვევა იყო".

სხვა სტატიები