Belive

ამომავალი ვარსკვლავიდან უგუნდოდ ყოფნამდე - რა დაემართა სტარიჯს?

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
დენიელ სტარიჯი - ფეხბურთელი, რომელსაც ბრენდან როჯერსი ახალ ლუის სუარესს უწოდებდა, კლოპი კი თანამედროვეობის გამორჩეულ თავდამსხმელს. ერთ დროს, ტექნიკური ფორვარდი და ბრწყინვალე გოლების ავტორი, დღეს, 30 წლის ასაკში, უგუნდოდ იმყოფება და ფეხბურთის თამაში ეკრძალება. "ლივერპულში" გადასვლისას, დენიელ სტარიჯი ამტკიცებდა, რომ იგი პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო. 2013 წლის იანვირდან 2014 წლის მაისამდე, მან 35 გოლი გაიტანა და თავი მოედანზე გონივრული მოქმედებით, ტექნიკური არსენალით და თავდაჯერებულობით გამოიჩინა. მას შემდეგ ჩატარებულ სეზონებში, სტარიჯი სულ რაღაც 23 გოლით გამოირჩა. მან ითამაშა ბოლოადგილოსანი "ვესტ ბრომვიჩის" შემადგენლობაში, "ლივერპულთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა ლიგა და რაც მთავარია, 2020 წლის ივნისამდე საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა.
daniel-sturridge-liverpool_1igd0cscewz2kze5cj55zj5i0

30 წლის ასაკში, სტარიჯი წესით კარიერის პიკზე უნდა იყოს, მასზე მსოფლიოში წამყვანი გუნდები ნადირობდნენ და გადადებული ევრო 2020-ზე, კეინთან ერთად მრისხანე დუეტი შეექმნა. უკანასკნელად, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სტარიჯმა 2017 წელს ითამაშა და მოედანზე სულ 18 წუთი გაატარა. მისი ადგილი კი, დროთა განმავლობაში, მარკუს რეშფორდმა, რაჰიმ სტერლინგმა, ჯეიმი ვარდიმ და ტამი აბრაჰამმა დაიკავეს.

სტარიჯის კარიერა - მოკლედ

ნიჭიერი თავდამსხმელის პოტენციალი "მანჩესტერ სიტის" სკაუტებს არ გამოეპარათ - 2003 წელს, 14 წლის სტარიჯი "სიტის" აკადემიის წევრი გახდა და 5 წლის შემდეგ, მოედანზე ძირითად გუნდთან ერთად ითამაშა. იმ პერიოდში, ახალგაზრდა შემტევს არცთუ იოლ კონკურენციაში უწევდა თამაში - მისი თანაგუნდელები როლანდო ბიანკი, დარიუს ვასელი და ბენჯანი მვარუვარი გახლდნენ. 1 წლის შემდეგ, სტარიჯი "ჩელსიმ" შეიძინა. მოედანზე 26-ჯერ გავიდა და მეტოქის კარი მხოლოდ ერთჯერ აიღო, რასაც "ბოლტონში" ნაყოფიერი განათხოვრება მოჰყვა. გუნდში დაბრუნებისას, სტარიჯს ანდრე-ვილაშ ბოაში დახვდა, რომელმაც ინგლისელს სრული ნდობა გამოუცხადა. სტარიჯმა გოლების გატანას მოუხშირა, მაგრამ პორტუგალიელი სპეციალისტი მარტის დასაწყისში გუნდიდან დაითხოვეს. ზამთრის სატრანსფერო სეზონზე, სტარიჯი "ლივერპულმა" შეიძინა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სტარიჯის სტილი ყველაზე მეტად "ლივერპულს" მოუხდა: ლუის სუარესთან ერთად, იგი თავისუფალი სტილის, შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობდა, რომელიც სტანდარტულ ჩარჩოებში არ იჯდა. 2013/14 წლების სეზონში, სუარესმა 31 გოლი გაიტანა, სტარიჯმა კი 21.
სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, ასეთი რამ თქვა: "დენიელ სტარიჯს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში, გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი თავდამსხმელი." ამ ყველაფრის ფონზე, სტარიჯს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჰქონდა - ტრავმებისადმი მიდრეკილება. გუნდში მისვლისას, იურგენ კლოპმა გააანალიზა, რომ ახალი გუნდის მშენებლობის პროცესში, იგი სტარიჯს ვერ დაეყრდნობოდა. ამის მიუხედავად, იგი ყოველთვის აფასებდა ინგლისელ ფორვარდს და აღნიშნავდა, რომ სტარიჯს წარმოუდგენელი სილამაზისა და სირთულის გოლების გატანა თავისუფლად შეეძლო.

ლივერპულიდან წამოსვლა და კარიერის დასასრული

სტარიჯმა "ლივერპული" 2018/19 წლების სეზონში დატოვა. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ტრიუმფს მან სათადარიგოთა სკამიდან უყურა. ამას კი, სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება - "ტრაბზონსპორში" ტრანსფერი მოჰყვა, სადაც 16 შეხვედრაში, 7 გოლის გატანა შეძლო. ამ ეტაპზე კი, ყველაფერი დასრულდა - როგორც გაირკვა, სტარიჯი მოლაპარაკებას "სევილიასთან" აწარმოებდა და თავის ძმას ურჩია, "სევილიაში" მის შესაძლო ტრანსფერზე ფსონი განეთავსებინა. არასპორტული საქციელის გამო, სტარიჯი ფეხბურთიდან 6 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი დამატებით 4 თვით მოკვეთეს, მისი კონტრაქტი კი "ტრაბზონსპორთან" ავტომატურად შეწყდა. ამჟამად, 30 წლის ფეხბურთელი უგუნდოდ იმყოფება და ზაფხულს ელოდება, როდესაც მას ფეხბურთის თამაშის უფლება კვლავ მიეცემა. უდავოა, რომ დენიელ სტარიჯი იყო უდიდესი პოტენციალის მატარებელი მოთამაშე და სავარაუდოდ, იგი იმ ფეხბურთელებს შეუერთდება, რომლებსაც, როგორც ფეხბურთის გულშემატკივრები დანანებით აღნიშნავენ, "მეტის გაკეთება შეეძლოთ."

იხილეთ სტარიჯის საუკეთესო გოლები

სხვა სტატიები