Belive

ანალიზი - როგორ ათამაშებს მანჩესტერს სოლსკიაერი?

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

ოლე გუნარ სოლსკიაერი იყო ფეხბურთელი, რომელიც "მანჩესტერს" სწორედ მაშინ ეხმარებოდა, როდესაც გუნდს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. "ბავშვისსახიანი მკვლელის" სახელით ცნობილ ნორვეგიელს "მანჩესტერში" რეკორდი აქვს დამყარებული - მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვის შემდეგ, მას 28 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის გამორჩეული გოლი, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნთან" ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი დარტყმაა.

არაა გასაკვირი, რომ "მანჩესტერის" გულშემატკივრებში მთავარი მწვრთნელის შეცვლის და სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ გაძლიერებისა და "წითელი ეშმაკების" ძველი დიდების დაბრუნების იმედი ჩაისახა. იქედან გამომდინარე, რომ მოურინიოს სტილი გულშემატკივარში უკმაყოფილებას იწვევდა, სოლსკიაერი სავარაუდოდ უფრო სანახაობრივ ფეხბურთზე გააკეთებს აქცენტს - ეს კი მარუან ფელაინის სტილის ფეხბურთელებისთვის სასიხარულო ინფორმაცია ნამდვილად არ არის. ოლე გუნარ სოლსკიაერს, ხშირად აღუნიშნავს, რომ იგი პოლ პოგბას პოტენციალის დიდი გულშემატკივარია. სავარაუდოა, რომ მსოფლიო ჩემპიონ ფეხბურთელს ნორვეგიელი სპეციალისტის მწვრთნელობის პერიოდში გაცილებით მეტი ფუნქცია მიენიჭება.

იგივე ტაქტიკური მონახაზი, თუმცა პოგბას მეტი თავისუფლება მიენიჭება


4-3-3 არის მონახაზი, რომლითაც გუნდს მოურინიო ხშირად ათამაშებდა, თუმცა იგი ფეხბურთელების ინდივიდუალურ თვისებებს ეფექტურად ნამდვილად არ იყენებდა. მატიჩისა და ფრედის კომპაქტურად განლაგება პოგბას შეტევაში მეტ თავისუფლებას მისცემს - ფრანგს "იუვენტუსში" ყოფნისას დამტკიცებული აქვს, რომ შემტევი ნახევამრმცველის პოზიციაზე თამაში კარგად გამოსდის. დიდი ალბათობით, მარჯვენა ფლანგზე დალო შეუცვლელად ითამაშებს, რაც მისი ეფექტური შემტევითი უნარებით იქნება გამოწვეული. შეტევის ხაზში, ენტონი მარსიალი მარცხენა ვინგერის პოზიციაზე იდეალური კანდიდატია - იგი პოგბასთან ერთად ინდივიდუალურ, თავისუფლად მოქმედ და ძალიან სახიფათო წყვილს შექმნის. სავარაუდოა, რომ მარსიალი პოგბას თავისუფალ სივრცეს არ შეზღუდავს - რაც ალექსის სანჩესის შემთხვევაში, ხშირად ხდებოდა. რაც შეეხება სანჩესს - კარგი იქნება, თუკი ჩილელი მარჯვენა ფლანგს დაიკავებს, რადგან კატალონიის "ბარსელონაში" სანჩესი მეტოქეებს სწორედ აღნიშნული პოზიციიდან ატერორებდა. ახალგაზრდა რეშფორდი კი მოედანზე სანჩესის შემცვლელად მოგვევლინება, ან შეტევის ცენტრში, ლუკაკუს ნაცვლად ითამაშებს.

პოგბა შემტევითი ნახევარმცველის პოზიციაზე


თუკი გუნდს მოედნის ცენტრში მეტი სიმყარე დასჭირდება, გონივრული იქნება, თუკი მატიჩს ერერა და ფრედი შეუწყვილდებიან. ამ გადაწყვეტილებით, პოგბას 10-იანის როლი მიენიჭება, თუმცა შემტევითი ხაზზე უდიდესი კონკურენცია წარმოიქმნება - ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ალექსის სანჩესი, რომელუ ლუკაკუ, ენტონი მარსიალი, მარკუს რეშფორდი, ჯესი ლინგარდი და ასევე, ხუან მატა იბრძოლებენ, რომელიც თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენას ნამდვილად არ შეეგუება.

"ფარით ან ფარზე" - ყველა შეტევაში!


თუკი ნამდვილ სანახაობრივ თამაშზეა საუბარი, მაშინ სოლსკიაერი სწორედ აღნიშნულ ტაქტიკას გამოიყენებს. პრესინგი მეტოქის ნახევარზე - სწრაფი, მობილური და შემოქმედებითი შემტევითი ხაზი ოპოტენტებს ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნის. მარსიალის, პოგბას, სანჩესისა და რეშფორდის სტილის ინდივიდუალური ფეხბურთელების განეიტრალება საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს, რაც თავის მხრივ, რომელუ ლუკაკუსთვის დამატებითი სივრცის გათავისუფლებას გამოიწვევს.  

სხვა სტატიები