ანანიძე: “ანორთოსისში ქეცბაიას გამო გადავედი”

ჯანო ანანიძე “ანორთოსისის” ფეხბურთელი გახდა. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი კვიპროსულ გუნდში ოფიციალურად დადასტურდა.

27 წლის ნახევარმცველმა ფამაგუსტას გუნდის ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა, სადაც “ანორთოსისში” ტრანსფერის მთავარ მიზეზსა და სხვა დეტალებზე ისაუბრა.

– რას ფიქრობ ახლა, როგორც “ანორთოსისის” ფეხბურთელი? 

– აქ გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ თავი სხვა ჩემპიონატშიც გამომეცადა. ამისთვის “ანორთოსისი” შესაფერისი ადგილია. ასე რომ, მადლობა გუნდს და ყველაზე მეტად მწვრთნელს, რომელმაც მომცა ეს შესაძლებლობა. ვესაუბრე თემურ ქეცბაიას და მან “ანორთოსისის” მიზნებისა და ფილოსოფიის შესახებ მომიყვა. ამის შემდეგ, კარიერის გაგრძელება აქ გადავწყვიტე, რითაც ბედნიერი ვარ.

– ქეცბაიას გარდა, რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი თქვენს არჩევანში? 

– მთავარი მიზეზი სწორედ თემური იყო. ამის გარდა, ყოფილ გუნდთან ერთად რამდენჯერმე ვიყავი კვიპროსში შეკრებაზე და ქვეყანას, ხალხს, კლიმატსა და ზოგად მდგომარეობას კარგად ვიცნობ. ასე რომ, მწვრთნელმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს გადაწყვეტილებაში. ამავდროულად, “ანორთოსისი” არის გუნდი, რომლის მიზანი ტუტულების მოგებაა.

– რას ეტყვი გულშემატკივარს? 

– შემიძლია ქომაგებს დავპირდე, რომ 100%-ით დავიხარჯები და მოედანზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ, რათა ისინი გავახარო.

(1574)

ანანიძე: “ანორთოსისში ქეცბაიას გამო გადავედი”

სტატიის ავტორი
-