Belive

ანჩელოტი: "ლივერპულთან გამარჯვება ევერტონის გულშემატკივრებისთვის საჩუქარი იყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში "ენფილდზე" მერსისაიდული დერბი გაიმართა. კარლო ანჩელოტის "ევერტონმა" 22-წლიანი არასასიამოვნო ტრადიცია დაარღვია და "ენფილდზე" 0:2 იმარჯვა. "კანფეტებს" სტუმრად "ლივერპული" ბოლოს 22 წლის წინ 1999 წელს ჰყავდათ დამარცხებული. "ლივერპულთან" გამარჯვების შემდეგ "ევერტონის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა BBC Sport-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ევერტონის" მერსისაიდულ დერბიში გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და გულშემატკივრებისთვის საჩუქარი იყო.
" ჩვენ ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები ვართ. "ევერტონის" გამარჯვება "ენფილდზე" ჩვენი გულშემატკივრებისთვის კარგი საჩუქარია". " შეხვედრა კარგად დავიწყეთ, ძალიან მიზანდასახულები ვიყავით და ბევრს ვმუშაობდით; როდესაც შანსი გვეძლეოდა, ცივსისხლიანები და ეფექტურები ვიყავით და, რაც მთავარია, ჩვენ 3 ქულა მოვიპოვეთ". " დერბი განსაკუთრებული დაპირისპირებაა და ყოველთვის ორმაგად სასიხარულოა, როდესაც იმარჯვებ".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ევერტონმა" 24 შეხვედრაში 40 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს. "კანფეტები" თანაქალაქელ "ლივერპულს" ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდნენ და, ამასთან, ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მე-4 ადგილზე ლონდონის "ჩელსი" იმყოფება 43 ქულით, თუმცა "არისტოკრატებს" "ევერტონისგან" განსხვავებით 25 შეხვედრა აქვთ გამართული. გამომდინარე იქიდან, რომ ოთხეულთან ჩამორჩენა მცირეა, წლევანდელ სეზონში ანჩელოტის გუნდს ნამდვილად კარგი შანსი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს და ასპარეზობა საუკეთესო ოთხეულში დაასრულოს. რაც შეეხება იურგენ კლოპის "ლივერპულს", "წითლები" პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 ტურია, რაც მარცხდებიან, ასევე "მერსისაიდულმა" გრანდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრა წააგო, რაც 1923 წლის შემდეგ პირველად მოხდა. კლოპის გუნდი 25 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 40 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს.    

სხვა სტატიები