Belive

ანჩელოტი: "ყველაფერი ჩემი ბრალია, თუმცა ამ მარცხის დრამატიზება არ ღირს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლა ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ბარსელონამ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალი" დაამარცხა (4:0) და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციამდე აღზევდა. ელ კლასიკოში მარცხის შემდეგ, "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა და მომხდარში საკუთარი თავი დაადანაშაულა.
"მატჩის დასაწყისი კარგი იყო, მაგრამ 0:1-ის შემდეგ კონტროლი დავკარგეთ, "ბარსამ" ჩვენი დაშვებული შეცდომებით ისარგებლა და სივრცე ზუსტად აითვისა. მეორე ნახევარში მეტოქეზე ცოტა მეტად ზეწოლა მინდოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რაც ჩემი ბრალია. თავიდან თამაში სამი მცველით დავიწყეთ და ვეცადეთ რომ ერთი-ერთზე გვეთამაშა, რაც არ გამოვიდა. ელ კლასიკოში მარცხი ძალიან მტკივნეულია, თუმცა უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, დაველოდოთ ტრავმირებული ფეხბურთელების გამოჯანმრთელებას. არ არის საჭირო ამ თამაშის შედეგის დრამატიზაცია. ჩემპიონატში უპირატესობა გვაქვს, ახლა კი უნდა დავისვენოთ და კარგად მოვემზადოთ მომდევნო ორი კვირისთვის. ამ თამაშში საკუთარ თავს არ ვგავდით და ყველაფერი არასწორად წავიდა, რაც საბოლოო ჯამში ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობაა", - თქვა გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა.
29 ტურის შემდეგ, "ბლანკოსებს" 66 ქულა აქვთ და ერთპიროვნული ლიდერები არიან, რაც შეეხებათ კატალონიელებს მათი მონაგარი 54 ქულა და მესამე პოზიციას იკავებენ, თუმცა თავის პრინციპულ მეტოქეზე ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

სხვა სტატიები