Belive

ანტე რებიჩი: ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ფეხბურთელი მსოფლიოში

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ანტე რებიჩს წელს კარგი სეზონი აქვს: ხორვატ ფეხბურთელს 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, რასაც 8 შედეგიანი გადაცემაც ემატება. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ წარმატებული საფეხბურთო კარიერის მიღმა, რებიჩი ქველმოქმედებით არის დაკავებული და მისი მოედანზე გამომუშავებულ თანხას სხვა ადამიანების დასახმარებლად ანაწილებს. ხორვატიის პატარა სოფელში, დონჯი ვინჯანიში დაბადებულ რებიჩს შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა აქვს: ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებთან ერთად, რებიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. ასევე, ის "ფიორენტინასა" და "აინტრახტის" ღირსებას იცავდა, ახლა კი "მილანის" შემადგენლობაში თამაშობს. 2018 წელს, ავსტრიულმა მედიამ რებიჩის ყოფილი თანაგუნდელისგან, ლოვრო შინდიკისგან შემდეგი ინფორმაცია შეიტყო: ხორვატმა შემტევმა მშობლიური დონჯი ვინჯანის 500 მოსახლეს ვალები გაუსტუმრა, ქალაქ სლავონსკი-ბროდში კი ბავშვთა სახლის რეაბილიტაცია €10,000-ით დააფინანსა. აღნიშნულ ბავშვთა სახლში მყოფ, აუტიზმის სპექტრის მქონე, ასევე სხვა შეზღუდული უნარების მატარებელ ბავშვებზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, რომელიც 1993 წელს დაარსდა და ამჟამად 66 თანამშრომელს აერთიანებს.
"მინდა ანტე რებიჩს დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობას ვუხდი მის მეგობრებს, რომლებმაც მირჩიეს, რომ ამ რთულ პერიოდში, ფინანსური დახმარებისთვის სწორედ მისთვის მიმემართა. რებიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი თამაშები რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად მახსენდება. თუმცა ამასთან ერთად, იგი ბრწყინვალე პიროვნებაცაა", - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა, ილია ჯერკოვიჩმა.
რებიჩი საკუთარი ქველმოქმედების შესახებ მედიასთან არ საუბრობს, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია, ნაცნობებისა თუ ბენეფიციარების მხრიდან, მაინც ვრცელდება: ხორვატული მედიის თანახმად, რებიჩი ლევკემიით დაავადებულ 2 წლის მილე რონჩევიჩსაც დაეხმარა, რომელსაც სიცოცხლის გასაგრძელებლად, აშშ-ში მკურნალობა ესაჭიროებოდა.

სხვა სტატიები