Belive

ანტონ თოლორდავა: "მინდა თავი სხვა ჩემპიონატში მოვსინჯო, ახალი გამოწვევების დროა"

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
2020 წლის ეროვნული ლიგის სეზონის დებიუტანტი საფეხბურთო კლუბი "თელავი" გახლდათ, სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინათ დაარსებული კლუბი, რომელმაც ქართული ფეხბურთის ნეიტრალურ გულშემატკივარში მხოლოდ დადებითი ემოციები გააჩინა. კახეთის რეგიონში ფეხბურთის გამოცოცხლებაში და საუკეთესო ათ გუნდში თავის ღირსეულად და დამაჯერებლად წარმოჩენაში ერთ-ერთი უდიდესი წვლილი გუნდის კაპიტანმა, ანტონ თოლორდავამ შეიტანა. 24 წლის მცველის თითქმის მთელი კარიერა სწორედ კახურ კლუბს უკავშირდება, რომელთან ერთადაც ყველა აუცილებელი საფეხური თითქმის დაუბრკოლებლად გადალახა და გუნდს ეროვნულ ლიგაში მეექვსე პოზიციის დაკავებაშიც დაეხმარა. თოლორდავამ, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის წინა სეზონში ცენტრალური მცველის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, იანვრიდან ლეგიონერის სტატუსი მოირგო: ის კარიერას ესტონეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, "ლევადიაში" გააგრძელებს. ქართველ ფეხბურთელს Live.ge ესტონეთში დაუკავშირდა და მას "თელავში" გატარებული პერიოდის, ტრანსფერის და ახალი გამოწვევების შესახებ ესაუბრა. პირველ რიგში, გილოცავ ახალ კლუბში გადასვლას და წარმატებას გისურვებ. მოგვიყევი სატრანსფერო პროცესზე, იყო თუ არა სხვა შეთავაზებები და რატომ არჩიე "ლევადიაში" გადასვლა?  სეზონის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წინადადება მივიღე: როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ "ლევადიადან" მოდიოდა. ჩვენი დაკავშირება ნიკა ხაბეიშვილის მეშვეობით მოხდა და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე, კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტი "ლევადია" იქნებოდა. "ლევადიაში" ზაქარია ბეგლარიშვილიც ირიცხება. ქართველი თანაგუნდელის ყოფნა ადაპტაციაში უფრო მეტად დაგეხმარება. რა თქმა უნდა. ეს სატრანსფერო პროცესში ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორიც გახლდათ. მთლიანობაში გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო დამხვდა და ვფიქრობ, გუნდთან შეგუების პროცესი არ უნდა გამიჭირდეს. უცხოური გუნდის შენით დაინტერესება მეტწილად ეროვნული ლიგის სადებიუტო სეზონში წარმატებულმა თამაშმა გამოიწვია. ალბათ ეს შენს კარიერაში გამორჩეული წელი იყო. წინა სეზონს რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ, მაგრამ ჩემი აზრით უფრო მეტის გაკეთებაც შეგვეძლო. ალბათ, რაღაც მომენტში იღბალიც დაგვაკლდა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს გამოსვლას, რომ არა ჩემი თანაგუნდელები, ვერაფერს მივაღწევდი, მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა, ამიტომ თითოეულ მათგანს ერთად გატარებული დროისთვის მადლობას ვუხდი.

"თელავში" შენი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარე და ამ გუნდთან ერთად დიდი გზა გაიარე. როგორი ემოციებით ტოვებ საყვარელ კლუბს? ნამდვილად. ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ "თელავს" უკავშირდება და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ "თელავში" ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად. როგორც გუნდთან, ასევე  ქალაქთან, ძალიან ბევრი დადებითი ემოცია და მოგონება მაკავშირებს და სწორედ ეს ემოციები მიმყვება უცხოეთში. "თელავში", ფაქტობრივად გუნდის შექმნის დღიდან ვირიცხებოდი და ერთად ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ. აქედან გამომდინარე, გუნდთან განშორება ძალიან მიჭირს. საფეხბურთო კლუბი "თელავი" არამხოლოდ ქალაქის, არამედ მთლიანად კახეთისთვის სპორტული გამოცოცხლების სტიმულია. რამდენად მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომელსაც კლუბი ახორციელებს რეგიონის სპორტული ცხოვრებისთვის? ეს პროექტი ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არის ფინანსურად ძლიერი რეგიონები, რომლებშიც, სამწუხაროდ, ფეხბურთით არ ინტერესდებიან. "თელავის" მიერ განვლილი გზა მაგალითია სხვა რეგიონებისთვის, რომ ფეხბურთში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს და სპორტული კუთხით საქართველოს მხარეები გამოცოცხლდეს.  

სხვა სტატიები