Belive

ანტონიო ლოპესი: "მოვლენები სწრაფად ვითარდება, მთავარია, მამარდამ მოითმინოს და წარმატება აუცილებლად მოვა"

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის კარიერა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აღმავლობის უსწრაფეს გზაზე შედგა. აწ უკვე საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი თბილისის "ლოკომოტივიდან", იმ დროს 20 წლის გოლკიპერი ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდში, "ვალენსიაში" აღმოჩნდა. მეორე გუნდის მეკარედ მისულ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს შანსი მიეცა, რომელიც იდეალურად გამოიყენა და ამჟამად "ღამურების" მთავარი მეკარეა და საქართველოს ნაკრების პირველი ნომრობისთვისაც აქტიურად იბრძვის.

რაც შეეხება მის ტრანსფერს, გარდა მისი ახალგაზრდა და ნიჭიერი ქართველი საფეხბურთო მენეჯერის, ლევან სეთურიძისა, "ვალენსიაში" გადაბარგებაში ესპანელი საფეხბურთო მენეჯერის, ანტონიო ლოპესის წვლილიც საკმაოდ დიდია. ეს უკანასკნელი ქართულ ფეხბურთს თვალს აქტიურად ადევნებს და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აპირებს.

როგორც ზევით ნახსენებ, ისე სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით Live.ge ანტონიო ლოპესს ესაუბრა და მისი აზრი მოისმინა.

პირველ რიგში, საინტერესოა, როგორ დაუკავშირდით ქართულ ფეხბურთს და როგორ გაჩნდა ქართულ საფეხბურთო ბაზარზე საქმიანობის ინტერესი?

ჩემს ქალაქში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. გარდა ამისა, წლების წინ, ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი კარგი მეგობარი, ყოფილი ფეხბურთელი, ლევან სარალიძე და მისი ძმა, ილია გავიცანი, ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დაიწყო.

ლევან სარალიძესთან მეგობრობის შედეგად, ქართული ფეხბურთისთვის თვალყურის დევნება დავიწყე, მან მითხრა რამდენიმე მოთამაშის შესახებ და მეც მათთვის თვალის დევნება და მათი მატჩების ყურება დავიწყე.

თქვენ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერში დიდი წვლილი მიგიძღვით. როგორ მოხვდა ის თქვენი ყურადღების ქვეშ, შემდეგ კი "ვალენსიას" დონის საფეხბურთო კლუბში?

რაც შეეხება მამარდაშვილს, მის შემთხვევაში მე ერთი წელი მიწევდა დაკვირვება. ვუყურებდი მის თამაშს "ლოკომოტივთან" და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად და მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მამარდაშვილი ჩემპიონია, ის წარმატებისთვისაა დაბადებული. პირველივე დღეს, როცა მასთან ერთად "ვალენსიაში" მივედით, მივხვდი, რომ მისი მზერა და თავდაჯერებულობა წარმატების საფუძველი იქნებოდა. გიორგი ახალგაზრდაა, სწრაფად სწავლობს და სჭირდება გამოცდილება, ახალ სიტუაციები. ვფიქრობ, ის ყველა პირობას აკმაყოფილებს. ჩემი აზრით, ის კომპონენტი, რომელზეც მას მეტი მუშაობა სჭირდება, პენალტების მოგერიებაა.

ტურინის იუვენტუსი გიორგი მამარდაშვილის დამატებით ინტერესდება

ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე იტალიაში, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ინფორმაციაზე?

​ახლა მის თავს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და მოვლენები ჩქარი ტემპით ვითარდება. მთავარია, რომ მოთმინება შეინარჩუნოს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი თავისთავად, აუცილებლად მოვა.

როგორც ვიცით, თქვენ ხვიჩა კვარაცხელიასაც აკვირდებოდით და მისი ესპანური კლუბებისთვის შეთავაზება გსურდათ...

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მის შემთხვევაში "ვალენსიასა" და ესპანური კლუბების მოქმედება დაგვიანებული იყო. სიმართლე ისაა, რომ ამ საქმეში ნეაპოლელებმა გაიმარჯვეს და დღეს ისინი ამ გამარჯვებას ზეიმობენ.

სამომავლოდ აპირებთ თუ არა სხვა ქართველ ფეხბურთელებთან თანამშრომლობას? ვიცით, რომ არსებობს ინტერესი გიორგი გოჩოლეიშვილის მიმართ...

რა თქმა უნდა, ეს ჩემი საქმეა და მე ამას გავაკეთებ, რადგან ქართული ფეხბურთი ამჟამად აღმავლობის გზაზეა. ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები 150-ედან 78-ე პოზიციაზე აღზევდა და ვნახეთ წარმატებული და ტრიუმფალური გამოსვლა ერთა ლიგაზე. მათ ჰყავთ კარგი მწვრთნელი და ძალიან კარგი სკოლა, რომელიც ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს ზრდის, მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილს. საქართველოში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპაში თამაში შეუძლიათ და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს.

სხვა სტატიები