Belive

ანზორ მექვაბიშვილი: "სულ ნაკრებში თამაშზე ვფიქრობდი, ახლა კი შანსი მივიღე" 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის პირველი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი მარტის თვეში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს და ჯერ 25 მარტს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას, შემდეგ კი 29-ში ალბანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მარტის შეკრებაზე საქართველოს ნაკრებს ერთი დებიუტანტი ფეხბურთელი ეყოლება და ეს "დინამო თბილისის" საყრდენი ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილია, რომელმაც პირველი ემოციები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კომენტარში გამოხატა.
"ახალ გარემოში ყოველთვის არის მღელვარების ფონი, სულ ვფიქრობდი და მინდოდა, რომ ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი. ახლა მივიღე შანსი და უკვე სავარჯიშო პროცესს ვიწყებთ.  ნაკრებში გამოძახება ნაწილობრივ მოულოდნელობა იყო, ეს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებააა და მადლობა მას ნდობის გამოცხადებისთვის.  ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები მშობლები არიან, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათ შევატყობინე ნაკრებში გამოძახება. ბავშვობიდან ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად ვთამაშობდი და ყოველთვის სასიამოვნო იყო მათი წარმატება. მიხარია, რომ ახლა უკვე სანაკრებო გარემოში შევხვდით ერთმანეთს. ნებისმიერ თამაშს თავისი დატვირთვა აქვს. რა თქმა უნდა, გუნდი ივნისის მატჩებისთვის ემზადება,  ამიტომ მარტის თამაშები ყველასთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, როდესაც სანაკრებო მატჩია, ვფიქრობ არ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ამხანაგური და ოფიციალური შეხვედრები.  ნაკრებში მეგობრული გარემოა, ფეხბურთელების უმრავლესობას ვიცნობდი და მიხარია, რომ ახლა აქ ვარ", - თქვა 20 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა.  
საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებების დაპირისპირება 24 მარტს ქალაქ ზენიცაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები