Belive

"არაფერია გამორიცხული" - ხავი მესის შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბრობს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

არგენტინელი სუპერვარსკვლავისა და “ბარსელონას” 17 წლიანი ურთიერთობის დასრულება კატალონიური გრანდის მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ განაპირობა. 2021/22 წლების სეზონის დაწყებამდე, მესი “პარი სენ-ჟერმენს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მესისთვის ისევე, როგორც "ბლაუგრანას" წარმომადგენლებისა და გულშემატკივრებისათვის "ბარსელონას" რიგებში გატარებული ეპოქალური წლების დასრულება მძიმე აღმოჩნდა. მესიმ ლიგა 1-ის 26 მატჩში 6 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა - ოქროს ბურთის შვიდგზის ტრიუმფატორისთვის ნამდვილად არაა საამაყო მაჩვენებელი. სუპერვარსკვლავთან განშორება “ბარსელონასთვისაც” მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. კატალონიელებმა სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულეს და ლა ლიგაში ჩემპიონ “რეალსაც” 13 ქულით ჩამორჩნენ.

ჟურნალისტებთან საუბარში "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ დამაიმედებელი განცხადება გააკეთა. გულწრფელი საუბრის დროს, ლაპორტამ იმედი გამოთქვა, რომ "ბარსელონაში" მესის ისტორია არ დასრულებულა. ლაპორტას პარალელურად "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმაც საინტერესო განცხადება გააკეთა. ხავიმ აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული მესი კვლავ "ბარსელონას" მაისურით ვიხილოთ.

დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"?

ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ "ბარსელონაში" მესის ისტორია არ დასრულებულა. "ბლაუგრანას" პრეზიდენტი მესის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობს და ფინანსური კრიზისის გამო, სუპერვარსკვლავის დაკარგვას დღემდე განიცდის. ხავი, რომელიც ლეო მესის მხარდამხარ თამაშობდა და "ბარსელონას" წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, არგენტინელის დაბრუნებას მიესალმება, მაგრამ, 2023 წლამდე ტრანსფერს შეუძლებლად მიიჩნევს.
"ამ დროისათვის მესის ტრანსფერი შეუძლებელია. მას "პარი სენ-ჟერმენთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. ვნახოთ რა იქნება მომავალში - არაფერია გამორიცხული, მაგრამ, ახლა ამაზე საუბარი არ ღირს", - აღნიშნა ხავიმ.
 

სხვა სტატიები