Belive

"არასდროს დანებდე" - Amazon Prime ალექს ფერგიუსონზე დოკუმენტური ფილმების სერიას გადაიღებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ტელესტუდია Amazon Prime, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარს ინგლისური და მთლიანად, ევროპული საფეხბურთო გრანდების შიდა სამზარეულოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერიით ანებივრებს, ქომაგებს მალე სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ მომზადებულ მასალას წარუდგენს. დოკუმენტური სერიალი ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტის ცხოვრებისა და კარიერის აქამდე არნახულ მომენტებს ასახავს. ფილმი, სახელწოდებით - "სერ ალექს ფერგიუსონი: არასოდეს დანებდე", გვაჩვენებს ფერგის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ფეხბურთში და ცხოვრებისეულ დეტალებს. ფილმში იქნება როგორც ინტერვიუები "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელთან და მის ოჯახთან, ასევე მონაწილეობას მისი ყოფილი მოთამაშეები მიიღებენ, მაგალითად: ერიკ კანტონა, რაიან გიგზი და გორდონ სტრაჩანი. როგორც თავად 79 წლის შოტლანდიელი განმარტავს, ფილმში გადაღების მთავარი მოტივაცია მისთვის ის გახლდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა მეხსიერების დაკარგვა დაეწყოს და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი პირადი ისტორიის ამსახველი დოკუმენტური მასალა შემორჩეს.

"მეხსიერების დაკარგვის ყველაზე მეტად შემეშინდა, როცა 2018 წელს, ტვინის სისხლდენა დამეწყო", - ამბობს ფერგიუსონი. "ამ ფილმის გადაღებისას მე შემეძლო გადამეხედა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებისთვის, კარგისა და ცუდისთვის. ამ ფილმის რეჟისორისა და ჩემი შვილის ჯეისონის მეშვეობით, უზრუნველყოფილია, რომ ყველა ინტიმური დეტალი პატიოსნად ყოფილიყო გადმოცემული". ფილმში ასევე მოხვდება ექსკლუზიური და ადრე არნახული საარქივო კადრები, რომელიც ეხება ფერგიუსონის ფეხბურთელის კარიერას. "ის იყო ნაყოფიერი, გამაოგნებლად მებრძოლი და მიზანდასახული მოთამაშე მოედანზე, ადამიანი, რომელიც სხვა კლუბებთან ერთად, 1960-იან წლებში თამაშობდა "რეინჯერსში", - წერენ ბრიტანულ პრესაში. ცნობილია, რომ Universal Pictures International-ის მიერ გადაღებული ფილმი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის კინოთეატრებში ეკრანებზე 27 მაისიდან გამოჩნდება, 2 დღის შემდეგ კი მისი შეძენა უკვე Amazon Prime-ზე იქნება შესაძლებელი. ფერგიუსონი "წითელ ეშმაკებს" 1986-2013 წლებში ხელმძღვანელობდა და ამ დროის განმავლობაში, კლუბმა ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ, მათ 13-ჯერ პრემიერლიგა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სერ ალექსი ინგლისამდე, სამშობლოში მუშაობდა და "აბერდინს" წვრთნიდა, იქ მან "სელტიკი"-"რეინჯერსის" მრავალათწლელუიანი ჰეგემონია დაარღვია და 3-ჯერ შოტლანდიის ჩემპიონატი, 4-ჯერ თასი, ერთხელ ლიგის თასი, ევროთასი და ევროპის სუპერთასი მოიგო. ის ორჯერ მსოფლიოს წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

სხვა სტატიები