Belive

არბიტრი პრემიერლიგიდან: საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრას გამოცდილი ინგლისელი უხელმძღვანელებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მსაჯის ვინაობა ცნობილია. უეფამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ენტონი ტეილორი მოემსახურება. 42 წლის რეფერიმ, რომელიც უკვე მრავალი წელია პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია, მიმდინარე სეზონში ისეთ შეხვედრას უხელმძღვანელა, როგორიც უეფას სუპერთასის მატჩი - "ბაიერნი-"სევილია" (2:1) გახლდათ. ენტონი ტეილორს, რომელიც 2002 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრის წოდებას ფლობს, საქართველოსთან გადაკვეთა აქამდე არ ჰქონია, თუმცა  ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხება ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ჰქონდა, რომელიც მაკედონიამ სკოპიეში, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბელარუსთან - 1:2 დათმო.
ტეილორმა მიმდინარე სეზონში უკვე 9 მატჩს უხელმძღვანელა და აქედან 7-ში სულ მცირე 3 ყვითელი ბარათი გამოიყენა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები