Belive

არჩილ არველაძე: "უკეთეს დასაწყისს ვერ ვინატრებდით, წელს ხვიჩას ბენეფისს ველოდებით"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა, არჩილ არველაძემ ეროვნული გუნდის ლიდერსა და ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. საქართველოს პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტის ეთერში თურქული "ტრაბზონის", გერმანული "კიოლნისა" და ნიდერლანდური "ბრედას" ყოფილმა ფეხბურთელმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც 21 წლის შემტევს შესაძლოა "ნაპოლიში" შეექმნას.
"უკეთეს დაწყებას ვერ ინატრებდი – გოლიც ძალიან მნიშვნელოვან დროს გაიტანა. ამას არაჩვეულებრივი საგოლე პასიც დაუმატა. თანაც, ეს გასვლით მატჩზე მოხდა და ველოდებით, რომ წელს მისი ბენეფისი იქნება. ყველა კარგ ფეხბურთელს ახალ კლუბში გადასვლისას ადაპტაციისთვის პერიოდი სჭირდება. მესი ამის ყველაზე კარგი მაგალითია. დრო მით უფრო სჭირდება ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც მაღალ დონეზე თამაშს ახლა იწყებს, მაგრამ „ვერონასთან“ კარგი დაწყება და კიდევ რამდენიმე მატჩი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. რაც უფრო მალე მიაღწევს წარმატებას, მით უფრო ადრე გახდება თავდაჯერებული. პირველ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა ამაში დაეხმარება. ჩემი აზრით, „ნაპოლის“ წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება, რაც ხვიჩასთვის უკეთესიც უნდა იყოს, რადგან გუნდზე შარშანდელივით დიდი წნეხი არ იქნება და თავის გამოჩენის მეტი შანსი მიეცემა", - თქვა არჩილ არველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში სადებიუტო შეხვედრაში, “ჰელას ვერონას” კარში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. შემდეგ შეხვედრას 21 წლის ამომავალი ქართველი ვარსკვლავის გუნდი “მონცას” წინააღმდეგ 21 აგვისტოს გამართავს.  

სხვა სტატიები