Belive

არგენტინის პრეზიდენტი მესის სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი, ლიონელ მესის სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს - ქვეყნის პირველმა ლიდერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "ბარსელონას" ლეგენდამ გუნდის დატოვება მოითხოვა. 19 წლის განმავლობაში, "კამპ ნოუ" იყო ადგილი, რომელსაც მესი "სახლს" უწოდებდა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობასთან არსებული დაპირისპირების გამო, არგენტინელმა ფეხბურთელმა "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვიტა. მეტიც, მესი სამედიცინო შემოწმებასა და პირველ ვარჯიშზე არ გამოცხადებულა. ესპანური მედიის ცნობით, მესიმ "ბარსელონას" შემდეგი ტიპის ულტიმატუმი წაუყენა: "ან გამიშვით, ან სასამართლოში ვიჩივლებ". 1 დღის წინ, "ლა ლიგამ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კონტრაქტის ამოწურვამდე, მესის გუნდის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი მსურველი 700 მილიონ ევროს გადაიხდის. ასეთი მდგომარეობის ფონზე, მესის გადაბირება, ცხადია, მსოფლიოს არაერთ წამყვან გუნდს (სიტი, პსჟ, ინტერი, იუვენტუსი) სურს. მათ შორისაა "ნიუელს ოლდ ბოისიც" - გუნდი, სადაც მესი ბავშვობაში, 1993-2000 წლებში თამაშობდა. სწორედ "ნიუელს ოლდ ბოისიდან" მოხვდა პატარა ლეო "ბარსელონას" აკადემიაში, იგივე "ლა მასიაში."
messi-childhood-newells

მიმდინარე მოვლენების ფონზე, არგენტინის პრეზიდენტმა მესის მშობლიურ გუნდში დაბრუნება საჯაროდ სთხოვა:
"შენ მუდამ ჩვენს გულებში ცხოვრობ, თუმცა არგენტინაში არ გითამაშია. გთხოვ, მოგვანიჭე ამისი ბედნიერება და კარიერა "ნიუელს ოლდ ბოისში" დაასრულე", - აღნიშნა ალბერტო ფერნანდესმა.
ფერნანდესს მხოლოდ მესისთან დაკავშირებით არ ულაპარაკია:
"გულწრფელად რომ გითხრათ, მარადონა უფრო მეტად მიყვარს, მას ვაღმერთებ. ის ნამდვილი გლადიატორი იყო" - განაცხადა მან.
 

სხვა სტატიები