Belive

არსენალმა 190 მილიონად შეძენილი ფეხბურთელები უფასოდ გაუშვა 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
კორონავირუსის პანდემიამ ლონდონის "არსენალზე" განსაკუთრებულად მძიმედ იმოქმედა, რამაც გუნდიდან მესუთ იოზილის და სოკრატის პაპასტატოპულოსის წასვლა გამოიწვია. ფინანსური კრიზისის ფონზე, კიდევ უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ გუნდს სრულიად უსასყიდლოდ ტოვებენ ის ფეხბურთელები, რომლებშიც თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა იყო გადახდილი. მონაცემების დაჯამების შემდეგ დადგინდა, რომ 2020 წლის ზაფხულის შემდეგ, "მეთოფეებმა" ჯამში 190 მილიონი ევრო გაანიავეს, კონკრეტულად კი ეს ციფრები შემდეგნაირად გამოიყურება.
Image Credit: PA
თავის დროზე, გერმანიის ნაკრების გამთამაშებელი ლონდონელებმა 40 მილიონ ევროდ, მადრიდის "რეალიდან" შეიძინეს. 2013 წელს შემდგარი ტრანსფერი "წითლებისთვის" იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონისთვის მაღალი ანაზღაურების გადახდაც არ იუარა და ის კვირაში 350 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებდა. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო "ათი ნომერი" კარიერას თურქულ "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს. ამავე ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო ალექსის სანჩესი, რომლის "ბარსელონადან" გადაბირებაც ლონდონში 2014 31.7 მილიონი ევრო დაუჯდათ, თუმცა 4 შედეგიანი სეზონის შემდეგ, ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაუშვეს და სანაცვლოდ მიღებულ ჰენრიხ მხითარიანს შარშან ზაფხულს, უფასოდ შეელივნენ.
Image Credit: PA
სანტი კასორლა, რომელსაც იმდენად მძიმე ტრავმა ჰქონდა, რომ ცხოვრებისა და კარიერის დაწყება ფაქტობრივად ახლიდან მოუწია, "ვილიარეალში" ისე წავიდა, რომ ამით მის ყოფილ კლუბს არ უხეირია. თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს კლუბი აარონ რემსიმ და ჯეკ უილშირმაც, რომლებიც, შესაბამისად, ტურინის "იუვენტუსსა" და "ვესტ ჰემში" გაემგზავრნენ.
Image Credit: PA
მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი "არსენალმა" 2016 წელს, "ვალენსიადან" 35 მილიონად შეიძინა. საუბარი სკოდრან მუსტაფიზე გვაქვს, რომელიც ამჟამად ინგლისური კლუბის წევრად იწოდება, თუმცა მას კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და ზემოთხსენებული თანაგუნდელების ბედის გაზიარებას აპირებს. დენი უელბეკი "მანჩესტერ იუნაიტედს" "არსენალმა" 20 მილიონად გამოსტყუა, თუმცა "უოტფორდში" ერთ-ერთი ჩამქრალი ინგლისელი ვარსკვლავის გაშვებით კლუბს სარგებელი არ უნახავს. საერთო ჯამში, 190 მილიონი ევროს დანაკარგის მქონე გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში 19 ტურის შემდეგ დაგროვილი 27 ქულით მეათე ადგილს იკავებს და შემდეგ შეხვედრას უკვე ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასზე, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები