Belive

"არსენალს პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება 2022 წლისთვის შეეძლება",- აცხადებს ვილიანი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
32 წლის ბრაზილიელი შემტევი "არსენალს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თანაქალაქელი "ჩელსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ვილიანი მიიჩნევს, რომ მიკელ არტეტას შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდეს მსოფლიოში და მასთან ერთად გუნდს პრემიერ ლიგის მოგების მშვენიერი შანსი ექნება. "არსენალის" ვინგერი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგის მოგებას უახლოეს ორ სეზონში შეძლებს. 16 წელი გავიდა, რაც ბოლოს "მეთოფეებმა" ინგლისის ჩემპიონატი მოიგეს, ახლა 7 შეხვედრის შემდეგ ლონდონელები მე-9 პოზიციას იკავებენ 12 ქულით. ბრაზილიელი თვლის, რომ არტეტას მშვენიერი გუნდი ჰყავს, რომელიც მალე ტიტულებისთვის იბრძოლებს. "არსენალს" ძალიან კარგი მწვრთნელი და კარგი გუნდი ჰყავს, ტიტულებისთვის ბრძოლა სავსებით რეალურია, მე ძალიან მოტივირებული ვარ", - აცხადებს ვილიანი. მას შემდეგ, რაც "არსენალმა" ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ სიტისთან" და "ლესტერთან", გუნდმა სამი ქულის მოპოვება ინგლისის ჩემპიონატის მე-7 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეძლო, "მეთოფეებმა" "ოლდ ტრაფორდზე" 0:1 იმარჯვეს. "შესანიშნავი გამარჯვება იყო მანჩესტერში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მასში მონაწილეობა, რადგან ვიცი, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი უნდა შევიტანო, ეს გამარჯვება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო",- ამბობს ბრაზილიელი. " გუნდში ბევრი ახალგაზრდა ტალანტია თავმოყრილი, მაგრამ მათ გამოცდილი მოთამაშეებიც სჭირდებათ, რომლებმაც ბევრი რამ მოიგეს. მენტალიტეტის შეცვლა არ არის მარტივი და არც სწრაფი პროცესი, თუმცა ჩვენ ამის გზაზე ვართ",- აცხადებს ვილიანი. ბრაზილიის ნაკრების წევრს არტეტასი სჯერა და თვლის, რომ ის აუცილებლად გახდება ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი. "მას არაჩვეულებრივი იდეები აქვს. ის განსხვავებულად უყურებს ფეხბურთს. მისი რჩევები, ის, თუ როგორ ლაპარაკობს, სათამაშო სქემები უნიკალურია. ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება",- ამბობს ვილიანი არტეტაზე. "მას უნდა, რომ მე ისეთივე მოთამაშე ვიყო, როგორიც "ჩელსიში" ვიყავი. წაიღე ბურთი და ერთი-ერთზე ითამაშე. დრიბლინგი, კარში დარტყმები. მისი იდეებით და რჩევებით შემიძლია უკეთესი გავხდე".  

სხვა სტატიები